დაკარგულები: რას ჰყვებიან მშობლები, რომლებიც გაუჩინარებულ შვილებს ეძებენ?! - "გული ცუდს არ მიგრძნობს, ვფიქრობ, ცოცხალია!"
12 წლის წინ დაკარგული 17 წლის გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე ვნებათაღელვა არ ცხრება, უამრავი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. როგორც ცნობილია, გურამი (გურიკა) 2014 წელს, ლომისობის დღესასწაულზე 6 მეგობარსა და მეგობრის მამასთან ერთად წავიდა და მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. ამდენი წლის შემდეგ გამოძიებამ ხელახლა დაიწყო ამ საქმის შესწავლა, ასეულობით სამართალდამცავმა და მაშველმა საგულდაგულოდ დაათვალიერა ისევ ის ტერიტორიები, საიდანაც ბიჭი გაუჩინარდა. თავიდან გამოიკითხნენ ის პირები, ვინც იმ დღეს ახლდა გურამ დადიანიძეს და ურთიერთგამომრიცხავმა საუბრებმა ამ რეზონანსულ საქმეზე უფრო მეტი კითხვა გააჩინა და ბევრ შვილდაკარგულ დედასაც გაუჩინა იმედი, რომ მათი დაკარგული შვილების საქმეებსაც ხელახლა გამოიძიებენ.
"ჩემი გული არ გრძნობს ცუდს, ვფიქრობ, ცოცხალია!"
8 თვეა ეძებენ 18 წლის ზუკა გულაროვს. ოჯახი ხშირად სოცქსელში შვილის ფოტოსთან ერთად განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ზურაბ (ზუკა) 2025 წლის 12 დეკემბერს გამთენიას კასპში, საკუთარი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვერსად მიაგნეს.
ხათუნა დუდაური, ზუკას დედა: - უკვე 8 თვეა ზუკა მოსაძებნად ყველანაირ გზას ვიყენებთ. ვეძებთ მთელ საქართველოში, ეკლესია-მონასტრებში და სხვადასხვა ადგილას, ძებნა არც ერთი დღით არ შეგვიწყვეტია. ისევ განვაახლე სოცქსელში განცხადება, შეიძლება ვინმემ სადმე ნახა ან რაიმე ინფორმაცია აქვს. ყველას ვთხოვ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაციაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩვენთვის და მოგვაწოდონ.
უწესიერესი ბავშვია ზუკა. წიგნები უყვარს ძალიან, ტყესა და მთაში მარტო წასვლა მოსწონდა და ამიტომ ვფიქრობ, ჩემი შვილი ცოცხალია... ჩვენ ჯოჯოხეთს გავდივართ. ზუკას არანაირი პრობლემა არ ჰქონია, დალაგებული ცხოვრება ჰქონდა. დედა რომ ინატრებს, ისეთი გამორჩეული შვილია. ხელს ვერავის დავადებ, რადგან ზუკას არ ჰყავდა არც მტერი, არც რამე უსიამოვნებები ჰქონია. უბრალოდ, თავისი ნებით გაიპარა. როგორც ჩანს, დაგეგმილი ჰქონდა. ისეთ რაღაცას იტყოდა ხოლმე, მე და ჩემს მეუღლეს გვიკვირდა. იცით, თავისუფლება რა არისო? ალბათ, ამას გულისხმობდა ამ თავისუფლებაში... ახლა რომ ვაანალიზებ, რაღაცებს გვეტყოდა ხოლმე გადაკვრით... გულჩათხრობილი ბავშვი არ ყოფილა, ამას რომ დავაბრალო. ჯერ მარტო სამ ენას ფლობს, სულ თავისი ნიჭით, მეცადინეობით მიაღწია ყველაფერს. პირველი კურსის სტუდენტია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, შარშან ჩააბარა, თავისი ჭკუით, გონებით. საქმე თუ არ ჰქონდა, გარეთაც არ გავიდოდა იმდენად წესიერი იყო. ჩემი გული არ გრძნობს ცუდს და ვფიქრობ, ჩემი შვილი ცოცხალია. არც ცუდს არ ჩაიდენდა, თავს არ მოიკლავდა. თავიდანვე გვერდში დამიდგა შს სამინისტრო, ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერსად მისი კვალი ვერ ნახეს. ოფიციალურად ძებნა შეჩერდა, მაგრამ ჩვენ მაინც არ გავჩერებულვართ... ზუკა ერთი ტანსაცმლით, ერთი ქურთუკითა და ბოტასით წავიდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას იზამდა. სრული იდილია გვქონდა ოჯახში. რაიმე საეჭვო არასდროს შეგვიმჩნევია, ბავშვი მშვიდად მიდი-მოდიოდა უნივერსიტეტში.
"ვეჭვობ, ჩემი შვილი რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანეს"
დაკარგული შვილის პოვნის იმედს არ კარგავს დარეჯან (დარო) დიასამიძის დედა, ლამზირა მახარაძე. 16 წლის დარო დიასამიძე 2013 წლის 7 აგვისტოს აჭარაში, სოფელ ახალშენში დაიკარგა. ის ბიძის სახლიდან შინ წავიდა, მაგრამ გზაში გაქრა.
ლამზირა მახარაძე, დარო დიასამიძის დედა: - ამ 13 წლის განმავლობაში 13 ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს. უფლის გარდა, არავის იმედი არ მაქვს, რომ ჩემს შვილს მაპოვნინებს. თავიდან არ მიმიმართავს პოლიციისთვის, იმიტომ, რომ არავის და არაფრის არ მჯერა. ყველას ვემუდარები, იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. ჩემსავით განადგურებული ბევრი დედაა, ვერ ამიხსნია, რატომ უნდა იკარგებოდნენ ახალგაზრდები ქვეყანაში? ყველგან ვეძებდი ჩემს შვილს. მათ შორის საზღვარგარეთაც, მაგრამ ამაოდ. ამდენი წელი გავიდა და არაფერი მაქვს სალაპარაკო. როცა ჩემი შვილის ძებნა ინტერპოლით დაიწყო, მაშინ დნმ-ის ანალიზიც ჩავაბარე, რამდენიმე ხანი იძებნებოდა წითელი ცირკულარით, ხოლო ხუთი წლის მერე ყვითელ ცირკულარში გადავიდა... ვეჭვობ, რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანეს. ყველგან შესაძლებელია იყოს და ამიტომ არ ვკარგავ იმედს. ამ 13 წლის განმავლობაში განსხვავებული მხოლოდ ის მოხდა, რომ 2-ჯერ სხვა ქვეყნიდან მოვიდა თხოვნა, ჩაგვებარებინა დნმ, რადგან შესაძლებელია ჩვენი შვილის გვამი ყოფილიყო, მაგრამ არ აღმოჩნდა. მივმართე თურქეთის რესპუბლიკასაც, მაგრამ იქ ძებნის უფლება არ მომცეს, რადგან ოფიციალურად საზღვარზე გადასვლა არ ფიქსირდება. არასოდეს შევწყვეტ მის ძებნას, სანამ სული მიდგას. რამე ვერსია რომ გამაჩნდეს, დამერწმუნეთ, დედამიწას ცეცხლს გავუჩენდი... დაუჯერებელია, სად გაქრა ჩემი შვილი. მაშინ ან ცაში აფრინდა, ან მიწა გაიხსნა და თან ჩაიტანა? ყველა დუმს. მხედველობაში მყავს ის საზოგადოება, ვისაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია, მაგრამ არ ამბობს...
"ჩემი თხოვნაა, ჩემი შვილის გაუჩინარების საქმეს ხანდაზმულობა არ მიენიჭოს"
კიდევ ერთი დედა ითხოვს 12 წლის წინ დაკარგული შვილის ძებნაში დახმარებას. ის პერიოდულად აქვეყნებს სოციალურ ქსელში დაკარგულ შვილზე, პაატა გელოვანზე ინფორმაციას. ამ დღეებშიც დადო თავის ფეისბუგვერდზე ასეთი განცხადება:
ლელა სეთიელი: "გთხოვთ, გადააზიაროთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ. ვეძებ ჩემს შვილს, პაატა გელოვანს. გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ მის ფოტოს. იქნებ ვინმემ სადმე დაინახეთ, შეგხვდათ, გეცნოთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფლის შესახებ. პაატა ვერაზე, მელიქიშვილის ქუჩისN 45-ში ცხოვრობდა. სახლიდან გავიდა და 2014 წლის 4 ნოემბერს გაუჩინარდა. ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ ჩემი შვილი ქალაქის ცენტრიდან, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილიდან გაუჩინარდა... პაატას გაუჩინარებიდან 24 საათის განმავლობაში მივმართე შესაბამის უწყებებს და მისი დაკარგვის შესახებ განცხადება გაკეთდა. ჩემი შვილის ძებნა არასოდეს შემიწყვეტია. დღეს საჯაროდ მივმართავ შესაბამის ორგანოებს, სამართალდამცავ უწყებებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ საქმის გამოძიებაში წვლილის შეტანა შეუძლია: გთხოვთ, პაატა გელოვანის საქმეს ხანდაზმულობა არ დაუდგინდეს და ხელახლა, საფუძვლიანად გამოიძიოთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადამოწმდეს ყველა მასალა, ყველა ვერსია, ყველა შესაძლო კვალი და ის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა წლების წინ სათანადოდ არ იქნა შეფასებული. ვინც ამ პოსტს კითხულობთ, გთხოვთ, ერთი წუთით შეჩერდეთ და ყურადღებით შეხედოთ ფოტოს - იქნებ სადმე გინახავთ, იქნებ რაიმე იცით. იქნებ გახსოვთ რაიმე დეტალი, რომელსაც მაშინ მნიშვნელობა არ მიანიჭეთ. გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ "ეს უკვე ძველი ამბავია". ჩემთვის ეს ძველი ამბავი არ არის. ეს ჩემი შვილია. თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია გქონდეთ, გთხოვთ, მომწეროთ ან შესაბამის უწყებებს მიაწოდოთ. შესაძლოა სწორედ თქვენმა ერთმა გაზიარებამ მიაღწიოს იმ ადამიანამდე, ვისაც პაატას შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს...".
სტატისტიკის თანახმად...
საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით ადამიანი უგზო-უკვალოდ იკარგება. თუ შს სამინისტროს სტატისტიკას გადავხედავთ, ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. მაგალითად, წელს, 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 41 კაცი დაიკარგა, 5 მათგანი 18 წლამდე ასაკის იყო, საბედნიეროდ, ხუთივე ცოცხალი იპოვეს. 41 დაკარგულიდან 24 მოიძებნა, სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა 16 კაცის კვალს ჯერაც ვერ მიაგნეს. გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს დაიკარგა 123 კაცი, 69 ცოცხალი იპოვეს, 13 კი - გარდაცვლილი. დაკარგულია 41 კაცი. ანალოგიური იყო 2024 წელსაც - დაიკარგა 114 პირი, მათგან 57 მოიძებნა, დანარჩენი ვერ იპოვეს.
სტატისტიკის მიხედვით, 1973 წლიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოში 6847 კაცი დაიკარგა, მათგან 5830 მოიძებნა, 1017 კაცი კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მათ შორის 35 არასრულწლოვანია.
ცნობისთვის: პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სასამართლოს გზით ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს ანიჭებს. იმ შემთხვევაში, თუკი დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდება, ან მისი ადგილსამყოფელს მიაგნებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდება.