"ისეა დაპროექტებული ვერტიკალური გეგმარების წერტილები, რომ ტბორი დადგა" - რატომ იტბორება თბილისი წვიმისას?
ბოლო პერიოდში თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქში არაერთი პრობლემა შექმნა - დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი სტიქია ეკონომიკურად ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება და ამის მიზეზი მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექია. რა პრობლემები არსებობს სინამდვილეში, არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე გვესაუბრა.
- ბატონმა მერმა განაცხადა, რომ ასეთი რამ სხვაგანაც ხდება და ეს სიმართლეა, სატელევიზიო სიუჟეტებიც ამას ამტკიცებს, მაგრამ უნდა გავარჩიოთ ამ პრობლემის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები...
დავიწყოთ ისტორიით - თბილისს ძალიან თავისებური ადგილმდებარეობა აქვს, ლანდშაფტი თავისებურია. თუ დავხედავთ ვახუშტისეულ თბილისის 1735 წლის რუკას, დავინახავთ, რომ მთაწმინდიდან ძალიან ბევრი ხევი ჩამოდის და ეს ხევები იმ დროს სადრენაჟო არხების როლს ასრულებდა. შემდეგ, რუსულ-ევროპული ქალაქგეგმარების პირობებში, ეს ხევები საკმაოდ გონივრულად გადაიხურა - მაგალითად, ძმები კაკაბაძეების ქუჩა, ალ. ჭავჭავაძის ქუჩა, ყოფილი ავანათხევი (ამაღლების ქუჩა). ეს არხები კი არა, პრაქტიკულად, გვირაბები იყო, თანაც დიდი კვეთის და ჰყოფნიდა ქალაქს. კომუნისტების დროს ჩაითვალა, რომ ადამიანი ბუნებაზე ძლიერია, ეს გვირაბები გადაიჭრა და მივიღეთ პრობლემები...

- მერიის ინფორმაციით, ბოლო ძლიერი წვიმის დროს დაიტბორა არა მხოლოდ ქუჩები და სარდაფები, წყალი მეტროსადგურებშიც ჩავიდა, ჩიქოვანის ქუჩაზე კი წყალმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შეიძLლება, რომ წვიმამ (თუნდაც ძლიერმა) ასეთი ინფრასტრუქტურული ზიანი გამოიწვიოს?
- მეტეოროლოგების შეფასებით, არსებობს 6-7 კატეგორიის წვიმა: სუსტი, ზომიერი, ძლიერი, კოკისპირული, ძალიან მძიმე კოკისპირული და განსაკუთრებით ძლიერი. ასეთი სტიქიური მოვლენების შეფასებისას ჩვენმა მეტეოსამსახურმა უნდა მოგვცეს დასკვნა, რა ტიპის წვიმა მოვიდა. იყო ისეთი, რომელსაც არსებული სადრენაჟო სისტემები უნდა გამკლავებოდა თუ ეს იყო განსაკუთრებული წვიმა, რომელიც, პირობითად, 50 წელიწადში ერთხელ მოდის... წვიმის ინტენსივობა იანგარიშება ფართობზე 24 საათში მოსული ნალექის რაოდენობით. უნდა ვიცოდეთ, რას ებრძოდა მერია ამ დღეებში თავისი სამსახურებით, უნდა მოვთხოვოთ ობიექტური ინფორმაცია მეტეოსამსახურთან შეჯერებული.
- რა ინფრასტრუქტურული პრობლემები უძღვის წინ ქალაქის დატბორვას?
- ქალაქგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, დიდი ქალაქები ხასიათდება მჭიდრო განაშენიანებით, ბოლო დროს ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა... ურბანული წარმონაქმნები ქმნიან აღმავალ ჰაერის ნაკადებს, რაც ხელს უწყობს წვიმის წამოქმნას... დიდი მნიშვნელობა აქვს სადრენაჟე სისტემის კლასიფიკაციასაც. არსებობს სამეურნეო-სამრეწველო წყალარინება, ზედაპირული წყალარინება და საყოფაცხოვრებო წყალარინება. ეს სისტემები, როგორც წესი, განცალკევებული უნდა იყოს და თითოეულს გამტარიანობის რესურსი უნდა ჰქონდეს. როგორც ვიცი, თბილისის გენერალური გეგმა ასეთ სისტემებს ითვალისწინებს, მაგრამ რამდენად არის გამართული, ვერ გეტყვით, ალბათ, გამოსაკვლევია. ეს სისტემები თუ არ არის გამიჯნული, მაშინ კანალიზაციის ცისტერნები ხშირად ივსება და ფეკალურმა წყლებმა შეიძლება საცხოვრისებს მიაღწიოს. ეს მიუღებელია თანამედროვე ქალაქში...
გარდა ამისა, თბილისის მთიანი რელიეფიც წარმოქმნის ძლიერ ნაკადებს. საჭიროა ამის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება - მცენარეების დარგვა, ბალახის დათესვა ან მობელტვა, ანუ გაზონის მოწყობა...
არქიტექტურულ პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ხელოვნურ ზედაპირზე დრენაჟის მოწყობა, თუმცა ასეთ მიდგომას ყველგან ვერ ვხედავ. მაგალითად, ბოლოს შესრულდა ვერეს ბაღის რეკონსტრუქცია. ყველაფერი საინტერესოდ არის გაკეთებული, მაგრამ ერთ დიდ ხარვეზს ვხედავ - ძალიან დიდ ფართობზე, სადაც პატარა შადრევნებია მოწყობილი, ფილებია დაგებული. ეს ნიშნავს, რომ აქ მოსული ნალექი მიწაში კი არ ჩადის და დრენაჟი კი არ ხდება, მიედინება სადღაც, შეიძლება საცხოვრებელ სახლსაც კი ასკდებოდეს, ან ჩოგბურთის კორტებს... როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნურ ზედაპირზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, მწვანე სივრცეები კი ზედაპირულ ნალექს ისრუტავს.
- როგორც ვიცი, ამ ყველაფერთან ერთად პრობლემაა გაჭედილი სადრენაჟო მილებიც...
- პრობლემაა სადრენაჟო და საკანალიზაციო არხების გაწმენდის საკითხიც. გაჭედვას ძირითადად იწვევს ფოთლები და საჭიროა ისეთი სახეობების შერჩევა, მაგალითად, მარადმწვანე ხეების, რომ ფოთოლცვენა შემოდგომასა და ზამთარში არ იყოს დამაბინძურებელი ფაქტორი. იმ ჭადრებმა, რომლებიც 30-იანი წლებში უხვად დარგეს თბილისის ცენტრში, უკვე დაასრულეს სასიცოცხლო ციკლი და მათი ჩანაცვლება ხდება მარადმწვანე მცენარეებით - ეს კარგია.
- რა არის ვერტიკალური ქალაქგეგმარება და რა შეცდომებს უშვებენ ქუჩების რეაბილიტაციის დროს?
- ქალაქგეგმარების სისტემაში ვერტიკალური გეგმარება ნიშნავს, რომ ქალაქი ან დასახლება იყოფა წყალშემკრებ აუზებად და თითოეულ მათგანს სჭირდება წყლის მილების დამოუკიდებელი სისტემა. არის თუ არა ეს გათვალისწინებული გეგმაში, სანახავია. ჩვენ ეტაპობრივად, კომპლექსური ღონისძიებებით უნდა დავუბრუნდეთ გენერალური გეგმის მოთხოვნებს და ვიცხოვროთ ცივილიზებულად, როგორ ცხოვრობენ დასავლურ ქალაქებში, რომლებიც ხანდახან იტბორება კიდეც, მაგრამ გამართული ინფრასტრუქტურით ხვდებიან სტიქიას...
ამას წინათ ზომიერი წვიმა მოვიდა და უნივერსიტეტის პირდაპირ ერთ-ერთი სახლის სადარბაზოდან გარეთ ვერ გამოვედი, რადგან ჩატარებული სამუშაოების შედეგად ასფალტი აწეულია და ისეა დაპროექტებული ვერტიკალური გეგმარების წერტილები, რომ ტბორი დადგა. გასათვალისწინებელია თითოეული ეზოს, უბნის, ქუჩის გეგმარება. ხშირად ასფალტი იგება უფრო მაღლა და წყალი შედის ეზოებსა და სადარბაზოებში. თუ დააკვირდებით, ე.წ. ასფალტის ლივკებს აკეთებენ სადარბაზოების წინ, წყალი რომ არ შევიდეს. ამას ვხედავთ მაგალითად, კოსტავას ქუჩაზე. არაპროფესიონალურად კეთდება ასფალტის საფარიც. მე არ მინდა რუსთაველზეც იგივე მოხდეს. ზემოდან კი არ უნდა გადაიგოს, უნდა აიღონ სრულიად. გასათვალისწინებელია ვერტიკალური გეგმარების შავი და წითელი ნიშნულებიც. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგოს ასფალტი, როგორც იყო თავის დროზე, როცა ეს სახლები შენდებოდა. ახლა ზოგიერთი სახლი პრაქტიკულად ჩაძირულია ასფალტში და დიდი წვიმების დროს სადარბაზოებში წყლის შევარდნაც ხშირია.
მოვუწოდებ მერიის მუშაკებს, გაითვალისწინონ ქალაქგეგმარების თეორია და მხოლოდ კონკრეტულ ავარიულ შემთხვევაზე კი არ მოახდინონ რეაგირება, ამას დროულად აკეთებენ, მეტი პროფესიონალიზმია საჭირო...
მარიამ ბუკია