როდის დასრულდება ომი და რა აშინებს მსოფლიოს ყველაზე მეტად?! - კვირის პალიტრა

როდის დასრულდება ომი და რა აშინებს მსოფლიოს ყველაზე მეტად?!

რა მთავარი მიზანი აქვს უკრაინელების დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსა და "ვაილდბერისის" საწყობებზე? ის, რომ როგორმე აიძულონ პუტინი, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. მართლაც, რუსეთში საწვავის კრიზისის ახალი ტალღა დაიწყო, დიდი რიგებით ავტოგასამართ სადგურებზე. დამწვარია ყველაზე დიდი - "ვაილდბერისის" საწყობი და რუსული ინტერნეტსივრცე ტირილ-წივილმა მოიცვა, თუმცა... პუტინი გამოვიდა და თქვა: დიახ, ზიანს გვაყენებენ, მაგრამ ეს კრიტიკული არ არისო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ამ ომში უკრაინას ვგულშემატკივრობთ - რუსეთის მარცხი ძალიან ბევრ პრობლემას გადაჭ­რი­და, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებითაც, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ - პუტინი უკან დახევას არ აპირებს, პირიქით, ახალი ვერაგული გეგმები აქვს. პარალელურად, კრემლმა გაზარდა სხვადასხვა შეიარაღების, პირველ რიგში, ბალისტიკური რაკეტების წარმოება და ურტყამს დაუცველ კიევს, ასევე უკრაინის სხვა ქალაქებს. მისი სამიზნე, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და ამ მეთოდით ცდილობს უკრაინელების ფსიქოლოგიურად გატეხას.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პუტინი შეეცდება ისარგებლოს იმით, რომ უკრაინას კრიტიკულად მცირე ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები აქვს და ზამთარში ფართომასშტაბიან შეტევას გეგმავს, ამისთვის სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში დუმის არჩევნები ჩატარდება, მობილიზაციის გამოცხადე­ბას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ამას ელოდებიან თავად რუსეთის მოქალაქეებიც - მეტ-ნაკლებად შეძლებულები, და უფრო ინტენსიური გახდა ქვეყნიდან მეზობელ სახელმწიფოებში ფინანსური რესურსის გატანა - ასახელებენ შუა აზიის ქვეყნებსა და სომხეთს. რუსულმა ოპოზიციურმა მედიებმა ამას დაუკავშირეს ისიც, რომ თითქოს ძალიან გაიზარდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემომსვლელთა რიცხვი. "თითქოს" იმიტომ, რომ ცოტა უცნაური ვითარებაა - რუსეთის საბაჟო სამსახური ამტკიცებს, რომ ერთ დღეში საქართველოს საზღვარი 20 000 რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით კი, იმავე პერიოდში, შემომსვლელთა რაოდენობა 7 000-ზე ცოტა მეტი იყო. სავარაუდოდ, იტყუებიან რუსები, მაგრამ რა მიზნით, საკითხავი, აი, ეს არის...

დავუბრუნდეთ პუტინის გეგმებს - "ნიუ-იორკ-თაიმსის" ინფორმაციით, მასშტა­ბური შეტევისთვის მზადების პარალელურად, კრემლის ბინადარი შეეცდება ნატო-ს საზღვარზე პროვოკაციების გაზრდას, ალიანსზე ზეწოლის მიზნით. სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რუსული პროვოკაციები ალიანსის მტკიცე პოზიცი­ის შემუშავებას კი არ შეუწყობს ხელს, პირიქით, განხეთქილებას. კერძოდ, ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის (სერიოზული დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სანამ ტრამპი პრეზიდენტია, აშშ დამკვირვებლის როლში იქნება და ალიანსის ევროპული ფლანგი საკუთარი თავის იმედად არის დარჩენილი), დაისმება საკითხი: არიან თუ არა ისინი მზად, ღიად, სამხედრო ძალით დაუპირისპირდნენ რუსეთს. აი, სწორედ აქ იმალება ალიანსისთვის მთავარი ხიფათი საერთი პოზიციის ვერმიღწევის სახით, რაც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, თუ პუტინს ზემოხსენებული გეგმები არ გამოუვიდა და უკრაინამ გაძლო, ნატომ კი უკან არ დაიხია, არის შანსი, 2027 წლის გაზაფხულისთვის კრემლის ბინადარი დათანხმდეს მოლაპარაკებებს. ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ, ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ და თავადაც წარმოდგენილები იყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან მიიჩნევენ, რომ იქ უკრაინის დატოვება ტრამპის ამერიკის იმედად არ შეიძლება.

"მეც მინდა ბირთვული იარაღი..."

პარალელურად, მსოფლიოში ისეთი პროცესები მიდის, შესაძლოა, უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე ყველა ომი ერთად აღებული და პლანეტა დიდი უბედურების წინაშე დადგეს. კერძოდ, უფრო და უფრო მეტ ქვეყანას სურს, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამის შესახებ საინტერესო სტატია ჰქონდა "ვაშინგტონ პოსტს" (გამოქვეყნდა KVIRISPALITRA.GE-ზე. მოამზადა სიმონ კილაძემ), რომლის ეპიზოდსაც გთავაზობთ.

"ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტის კვალობაზე, სახელმწიფოები, რომლებსაც ადრე არ სურდათ ბირთვული იარაღის შეძენა, დღეს პოზიციებს იცვლიან, "განკითხვის დღის" საათი შუაღამემდე 85 წამს აჩვენებს (ანუ მსოფლიო გლობალურ ბირთვულ აპოკალიფსს ისტორიულად ყველაზე მეტად მიუახლოვდა).

აშშ და რუსეთი, რომელთა წილი მსოფლიოს ბირთვულ არსენალში 86%-ს შეადგენს, 1972 წლიდან პირველად არიან თავისუფალი შეიარაღების შეზღუდვისგან, მათ ერთმანეთთან ამ სფეროში არანაირი ხელშეკრულება აღარ აკავშირებთ. "შემტევი შეიარაღების შეზღუდვა - III“ (СНВ-III / New START), რომელსაც 2010 წელს ხელი ბარაკ ობამამ მოაწერა და ჯო ბაიდენმა 2021 წელს გააგრძელა, ამჟამად უკვე ძალადაკარგულია - მას ვადა თებერვალში გაუვიდა. მართალია, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის უფრო მომგებიან დოკუმენტს გავაფორმებთო, მაგრამ ჯერჯერობით ჰორიზონტზე მსგავსი არაფერი ჩანს.

მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დროს შეიარაღებისადმი ორმხრივი კონტროლი აზრს კარგავს, რადგან ბირთვული იარაღის მქონე მესამე ქვეყნები პირველ ორს არაფერს ეკითხებიან და საკუთარი ნებით მოქმედებენ. ჩინეთი, რომელიც 500-ზე მეტ ბირთვულ ქობინას ფლობს, აგრძელებს თავისი ატომური პოტენციალის ზრდას და უარს აცხადებს რუსეთსა და აშშ-თან მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.

ჩრდილოეთ კორეის არსენალში, ექსპერტთა მიახლოებითი შეფასებით, 50 ბირთვული ქობინა ინახება და მზად არის შესაბამისი მასალები კიდევ 90 ქობინის დასამზადებლად. ფხენიანს საკმაო ბირთვული პოტენციალი აქვს, მაგრამ ჩრდილოეთი კორეა 2019 წლიდან მოლაპარაკებას თავს არიდებს. იმის გამო, რომ სამხრეთ კორეას და იაპონიას ჩრდილოეთ კორეისაგან თავდასაცავად აშშ-ის მხრიდან საიმედო გარანტიები არა აქვს, სეული და ტოკიო იძულებული ხდებიან, თვითონ იფიქრონ საკუთარ თავდაცვაზე: გამოკითხვების თანახმად, სამხრეთ კორეის მოქალაქეთა თითქმის 70% მხარს უჭერს საკუთარი ბირთვული ბომბის შექმნას.

მართალია, იაპონია აგრძელებს "სამი პრინციპის" დაცვას - არ შეინახოს, არ აწარმოოს და არ განალაგოს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი, მაგრამ პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიტი ნელ-ნელა რიტორიკას ცვლის, თავდაცვის მინისტრმა სინძირო კოიძუმიმ კი, ტაბუს მიუხედავად, თავდაცვითი ხარჯების მომატებაზე დისკუსიის ინიცირება მოახდინა

"ბირთვული ოპტიმისტები" ვარაუდობენ, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების რაოდენობის ზრდას შეუძლია გლობალური სტაბილურობა უფრო მყარი გახადოს. მათი არგუმენტები ასეთია:

ა) "ცივ ომს", რომელიც ბირთვული იარა­ღის მფლობელ ქვეყნებს შორის დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბირთვული კონფლიქტი არ გამოუწვევია (კარიბის კრიზისის დროს აშშ და სსრკ მიხვდნენ, რომ კონფრონტაციის გაგრძელება კატასტროფული შედეგებით დასრულდებოდა, ამიტომ დაძაბულობა განიმუხტა და "ცხელი ომი" არ დაწყებულა);

ბ) ინდოეთსა და პაკისტანს შორის ხშირად ხდება სასაზღვრო კონფლიქტები, მაგრამ რადგანაც ორივე მხარე ფლობს ბირთვულ იარაღს, ინციდენტები სრულმასშტაბიან ომებში არასოდეს გადაზრდილა;

"ბირთვული რეალისტები" ხელმძღვანელობენ რა იმავე ლოგიკით, ამტკიცებენ, რომ თუ იაპონია და სამხრეთი კორეა საკუთარი წარმოების ბირთვული ბომბებით შეიარაღდებიან, ამით შეიქმნება პარიტეტი ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს შეერთებულ შტატებს, აზიაში სამხედრო ყოფნა შეამციროს.მაგრამ საქმე ის არის, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება არასტაბილურობას ზრდის და არ ამცირებს: თავად განსაჯეთ - რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს "წითელ ღილაკზე" თითის დაჭერის უფლება, მით მეტია შეცდომის დაშვების ალბათობა.

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან ან ჩინეთიდან იქნება გაშვებული, აშშ-ის ტერიტორიას 30 წუთში მიაღწევს, მაგრამ თუ იაპონიას და სამხრეთ კორეასაც ექნებათ ბირთვულქობინიანი რაკეტები, ისინი სეულიდან და ტოკიოდან ფხენიანს 15 წუთში მიაღწევენ. ამრიგად, ასეთი შეკუმშული დროის ჩარჩოს არსებობა ზრდის საპასუხო დარტყმის რისკს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ორიოდე წუთში უნდა იქნეს მიღებული.

განიარაღების მიზნით მასშტაბური მოლაპარაკების დაწყება ნაკლებსავარაუდოა. უფრო რეალისტურ გზას წარმოადგენს ნდობის საფუძვლის განმტკიცება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არმაგედონის საფრთხე შევამციროთ. ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით შეატყობინონ ერთმანეთს იარაღის გამოცდაზე, რაკეტების სასწავლო გაშვებებზე და მსხვილი სამხედრო წვრთნების თაობაზე, ასევე, მიაწოდონ მონაცემები თავიანთ ბირთვულ შეიარაღებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დაუშვან თავიანთ არსენალებში საერთაშორისო ბირთვული კონტროლის ინსპექტორები. მცირე, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯი იქნებოდა პირდაპირი სამხედრო კავშირის არხების უზრუნველყოფა ყველა ბირთვულ სახელმწიფოს შორის, ჩინეთის ჩათვლით. უთანხმოებამ სავაჭრო და ტექნოლოგიურ საკითხებში ხელი არ უნდა შეუშალოს კომუნიკაციის ღია არხების მოქმედებას. მაგრამ თუ ასე მოხდება, მაშინ ჩრდილოეთი კორეა დე-ფაქტო ბირთვულ ქვეყნად უნდა იქნას აღიარებული. საქმე მხოლოდ მისი ბირთვული პროგრამის ფორმალურ აღიარებას არ ეხება, ან განიარაღებაზე უარის თქმას, საქმე ეხება ფაქტის სრულ იურიდიულ კონსტატაციას - ჩრდილოეთი კორეა ბირთვულ ქვეყანას წარმოადგენს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით...

ზუსტად 40 წლის წინ, მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი მაქსიმალურად ახლოს მივიდნენ ბირთვული იარაღის სრულ ლიკვიდაციამდე. მართალია, ის შესაძლებლობა წარსულში დარჩა, მაგრამ მცირე ძალისხმევასაც კი შეუძლია საფრთხის თავიდან აცილება და "დროის უკან დაბრუნება".

გიორგი კვიტაშვილი