„ინფორმაცია, თითქოს საწვავი რუსულ სამხედრო ბაზებში წავიდა, სისულელე და პროვოკაციაა“
„აფხაზებისთვის 680 ტონა ბენზინი შევიდა, ჩვენ კი ზუგდიდიდან 20 ლიტრზე მეტს არ გვატანენ“
"სად წავიდა ქართველი ბიზნესმენის მიერ გალში შეტანილი 680 ტონა ბენზინი? თუ გალელებზე ზრუნვა იყო მიზანი, რატომ არ გვაძლევენ ზუგდიდიდან გალში 20 ლიტრზე მეტის წაღების უფლებას?" - ოკუპირებული გალის ქართველი მოსახლეობა ჩივის, რომ ბენზინის კრიზისის გამო ყველაზე მეტად ისინი იჩაგრებიან - ზუგდიდიდან შეტანილი საწვავი აფხაზებმა სოხუმისა და გუდაუთისკენ წაიღეს, გალში კი ავტოგასამართი სადგურები ისევ ცარიელია, თუ მაინც შეძელი შოვნა, აფხაზები მამასისხლად ყიდიან. "გალში ბენზინი 140 რუბლი ღირს, აფხაზეთის სხვა ქალაქებში -| 110".
"აფხაზებისთვის გალელები მეორეხარისხოვანი ადამიანები ვართ და ახლა, როცა ჩვენი, ქართული ხელისუფლების იმედად გადმოვედით ენგურსგამოღმა ბენზინისთვის, თურმე 20 ლიტრზე მეტის წაღების უფლება არა გვაქვს... ტონობით ბენზინიდან არაფერი მიგვიღია, ყველაფერი აფხაზებმა წაიღეს. სულ ნუ შეიტანენ და ნუ ფუთავენ ფულის კეთებას მოსახლეობის დახმარებად", - ამბობს გალის მცხოვრები.
აფხაზეთში ბენზინის კრიზისი უკვე ერთი თვეა გრძელდება. 12 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აფხაზეთში ქართულმა ბიზნესმა საწვავი შეიტანა. ბენზინის შემტანი კომპანია შპს "სოლიდუსია", რომელსაც აფხაზეთში ვაჭრობის სპეციალური ნებართვა ჰქონდა. კომპანიის განცხადებით, საწვავის შეტანის მიზანი იყო, რომ გალის მოსახლეობას ბენზინის მოსაპოვებლად ზუგდიდში კანისტრებით არ ერბინა და აფხაზი პარტნიორების მეშვეობით ხალხს დაეხმარა.
აფხაზეთში საწვავის შეტანას თბილისში მწვავე პოლიტიკური ბრალდებები მოჰყვა. ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" ღალატი, "ოკუპაციის შესახებ" კანონის დარღვევა და საოკუპაციო რეჟიმის მომარაგება დასდო ბრალად. დაპირისპირება სოცქსელებშიც გაგრძელდა - ქართველები და აფხაზები ერთმანეთს დაერივნენ. 16 აგვისტოს აფხაზურ საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელეგრამარხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატეხილი ხმაურის გამო საქართველოდან საწვავის შემოტანა შეწყდა.
18 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დააზუსტა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში 680 ტონა საწვავი შევიდა და საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში ფინანსური ინტერესი არ ჰქონია, ეს იყო ჰუმანიტარული აქცია ნდობის აღდგენის მიზნით.
ონლაინსივრცეში დაპირისპირება არც ამის შემდეგ შეწყვეტილა. "ტიკ-ტოკსა" და "ფეისბუკზე" გავრცელდა რამდენიმე გალელის მეგრულენოვანი ვიდეომიმართვა, ისინი "საქართველოსგან გვერდით დგომას" და ბენზინის მიწოდების გაგრძელებას ითხოვდნენ.
პარალელურად, ქართველებისა და აფხაზების დიდი ონლაინომი არ შენელებულა. ქართველები აფხაზებს უმადურობაში სდებდნენ ბრალს. აფხაზები პასუხად წერდნენ: "ქართველები ვალდებულები ხართ"... "ეს არის რეპარაცია, როდესაც დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად უხდის"... მადლობა რისთვის უნდა გადავიხადოთ, ეს საჩუქარი კი არ ყოფილა, ჩვენ ამაში გაძვირებულ ფასი გადავიხადეთ".
"10% დარჩა გალში, დანარჩენი აფხაზებმა გადაინაწილეს"
მიხეილ კვატაშიძე, ქართულ-აფხაზური ორგანიზაცია "ამრას" თანადამფუძნებელი: - გალში შეტანილი ბენზინის აფხაზებმა გადაინაწილეს და მადლიერება არავის გამოუთქვამს. პირიქით, ამბობენ, ვალდებული ხართო. ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს, რომ ბენზინით დახმარება შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ცინიკური დამოკიდებულება მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლება არც ახსენებს, რომ საწვავი ზუგდიდიდან შევიდა. ოფიციალურ განცხადებებში ყველგან საუბარია, რომ ბენზინი "ალტერნატიული გზით" შემოიტანეს.
ჩემი აზრით, უნდა დაგვეცადა, სანამ სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მივიდოდა და შემდეგ მოგვემარაგებინა აფხაზეთი ბენზინით, სანაცვლოდ კი რამე მოგვეთხოვა. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეების, შალვა ხიზანიშვილისა და ქრისტინე თაკალანძის გათავისუფლება, რომლებიც გამოგონილი "ჯაშუშობის" ბრალდებებით ჰყავთ დაჭერილი, ან ქართული ენის სწავლების განახლება გალის სკოლებში და სხვა ჰუმანიტარული საკითხები. ახლა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სანაცვლოდ მიგვეღო რაღაც, იმიტომ, რომ რუსეთს აღარ შეუძლია აფხაზეთის ბენზინით მომარაგება. სოჭშიც არ არის ბენზინი. როდესაც დაინახავდნენ, რომ მართლა რჩებიან საწვავის გარეშე, დათმობაზე წამოვიდოდნენ. ახლა არც აფხაზები არიან მადლიერები და ქართველებიც აღშფოთებით წერენ, რომ ბენზინი რუსულ ბაზებს გაეგზავნათ. ამის დამადასტურებელი ფაქტი არა გვაქვს, თან ბაზებს საკუთარი რეზერვიც აქვთ, თუმცა ისიც ფაქტია, გალელებისთვის ქართულ ბენზინს შვება არ მოუტანია. უბრალოდ, იქაურმა რომელიღაც აფხაზურმა გავლენიანმა კლანმა და ქართულმა შპს "სოლიდუსმა" ამით დიდი ფული იშოვეს. ენგურის ხიდიდან შეტანილი 680 ტონა საწვავი მარტო გალს კარგა ხანს ეყოფოდა, მაგრამ მთელ აფხაზეთს, მაქსიმუმ, ერთი-ორი დღე. რამდენიმე ანონიმურ გვერდზე გალელები წერენ, რომ ბენზინი არც უნახავთ. ნაწილმა დაწერა, რომ მხოლოდ 10 პროცენტი დარჩა გალში, დანარჩენი კი ოჩამჩირეში, სოხუმსა და გაგრაში წავიდა. ერთ-ერთი ასეთი პოსტი პირდაპირ "სოლიდუსის" მფლობელ გიორგი არველაძეს მიმართავს: "თუ ჩვენ გვიგზავნით ბენზინს, რატომ ღირს გალში 140 რუბლი, როცა ოჩამჩირეში 77 რუბლია, სხვა ქალაქებში კი 110 რუბლი?" აფხაზებმა გალის მოსახლეობას ყველაზე ძვირად მიჰყიდეს ბენზინი. გალელებს მეორეხარისხოვან მოსახლეობად აღიქვამენ. როგორც ჩანს, კომპანია "აზიდმა", რომელმაც მიიღო ქართული ბენზინი და განაცხადა, რომ მოგებაზე არ მუშაობს, რადგან ბენზინს შესყიდულ ფასზე იაფად ყიდის, გადაწყვიტა, თანხის სხვაობა გალიდან ამოიღოს.
"ამ ადამიანებს ავალებენ, რომ ასეთი ვიდეოები ჩაწერონ"
თემო ქობალია, გალის მკვიდრი: - ქართული ბენზინი საერთოდ არ დაგვეტყო. ბევრს, ვინც ტაქსაობდა, მანქანა გაჩერებული ჰყავს. თუ ბენზინი იშოვე, 140 რუბლი ღირს. ჩემი მეზობელი დადის ოჩამჩირეში და იქ ყიდულობს უფრო იაფად. ძალიან დიდი რიგებია - დილით მიდიან და შეიძლება შუაღამემდე მოუწიოთ ლოდინმა. ხალხი გალიდან ზუგდიდში დადის, რომ კანისტრებით 15-20 ლიტრი შემოიტანოს. თუმცა ამაზეც პრობლემები ექმნებათ - ქართული პოლიცია 20 ლიტრზე მეტის გადმოტანის უფლებას არ იძლევა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კანონით აკრძალულიაო. გალელები კითხულობენ, თუ ბიზნესს ასობით ტონა საწვავის შეტანის შესაძლებლობა მიეცა, რატომ არ შეუძლია რიგით ადამიანს საკუთარი მოხმარებისთვის 20 ლიტრზე მეტი გადაიტანოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გალში ჰუმანიტარული კრიზისი აქვთ? ამ ლიმიტს დაემატა ის, რომ აფხაზურმა მხარემ კიდევ უფრო გაამკაცრა კონტროლი. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებს კანისტრების დატოვება აიძულეს ე.წ. საზღვარზე. აფხაზები ამბობენ, ქართველებმა შეგვიწყვიტეს მოწოდება, ჩვენ ბენზინის გარეშე ვართ და გალელებს რატომ უნდა გქონდეთ მარაგიო. აფხაზები თვლიან, რომ ქართველები უკეთესად არ უნდა გრძნობდნენ თავს. გალელებს საკუთარი მანქანით ზუგდიდში გადმოსვლის შესაძლებლობაც არა აქვთ. გადმოსვლისთვის სპეციალური საშვების მიღება რთულია, აფხაზები კი აფხაზურნომრიანი მანქანებით გადმოდიან. ქართველი სამართალდამცავები მათ ნომრებს აფიქსირებენ, მაგრამ გადაადგილებას არ უზღუდავენ. ამიტომ გალელებში არის განცდა, რომ აფხაზები პრივილეგიით სარგებლობენ როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო გალის მოსახლეობა ყველგან დაჩაგრულია.
- ბოლო დღეებში მეგრულად ჩაწერილი რამდენიმე ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც გალელები ქართველებს საწვავის მიწოდების გაგრძელებას სთხოვენ. ასახავს ეს ვიდეოები გალში მოსახლეობის რეალურ განწყობას?
- გალელების უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოდან ბენზინის შეტანით მათთვის არაფერი იცვლება. ბევრი საერთოდ არ არის მომხრე, დამატებით შემოვიდეს საწვავი, რადგან საბოლოოდ ისევ ქართველები რჩებიან დაჩაგრულები - ზუგდიდიდან შესული ბენზინი გალში არ რჩება და მათთვის, ვინც გალში ცხოვრობს და ქართული პასპორტები აქვს, არაფერი იცვლება. გაღიზიანდნენ იმაზეც, მეგრულად რატომ არის მიმართვებიო. ქართულ ენაზე საუბარი გალში აკრძალულია. ერთი ადგილობრივი გლეხის მიმართვა იყო, მოსავალი გვაქვს ასაღები და ბენზინი გვჭირდებაო. დარწმუნებული ვარ, მას მართლა სჯერა, რომ თუკი ზუგდიდიდან ბენზინი შევა, მასაც შეხვდება. იყო ქალის მიმართვაც, რომელსაც გალსა და გაგრაში რესტორნები აქვს. ისიც საქართველოს მოქალაქეა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ქართული საბუთებით აფხაზეთში ბიზნესს ვერ დაარეგისტრირებ, ამისთვის აფხაზური "პასპორტი" გჭირდება და, დიდი ალბათობით, მას აქვს. ამ ადამიანებს ავალებენ, რომ ასეთი ვიდეოები ჩაწერონ. ბევრად მძიმეა გალში ქართველების მდგომარეობა, ვიდრე ეს თბილისში ბევრს წარმოუდგენია. ქართული ენა ტაბუდადებულია, პროდუქტების შეტანაზეც შეზღუდვებია, ახლა საწვავის დეფიციტმა საკვების ფასებიც გაზარდა და გალელებისთვის ცხოვრება უფრო გართულდა.
"ჯანსაღი საზოგადოება ასე არ იქცევა"
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/ო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ვერავინ გააკონტროლებს, სად მიდის თითოეული ლიტრი საწვავი, რომელ ქალაქში ან რომელიმე ობიექტზე რამდენი გაიყიდა, მაგრამ ინფორმაცია, თითქოს საწვავი რუსულ სამხედრო ბაზებში წავიდა, სისულელე და პროვოკაციაა. ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს. მთავარი ის არის, რომ არაოკუპირებული საქართველოდან შეტანილი საწვავი ძალიან მცირე მოცულობაა, ზღვაში წვეთია და ამიტომ კრიზისი გრძელდება... ძალიან ვბრაზდები, როცა ამ თემას დიდ პოლიტიკურ პრობლემად ვაქცევთ. ჩვენ აფხაზეთს ელექტროენერგიას, მედიკამენტებს ვაწვდით, ეს ადამიანები ჩამოდიან, აქ მკურნალობენ, არანაირი პრობლემა არ არის და ბენზინის შეტანით მოსახლეობას ცოტა რომ შეუმსუბუქდეს მდგომარეობა და ხელი შევუწყოთ შერიგების და საბოლოოდ გამთლიანების პოლიტიკას, უცებ ატყდა აჟიოტაჟი. ჯანსაღი საზოგადოება ასე არ იქცევა, გული მტკივა, ამას რომ ვისმენ.
- გალელები ამბობენ, რომ ქართული საწვავის შეტანით მათთვის არაფერი შეცვლილა. ამასთან, ისინი ზუგდიდიდან საწვავის გადატანაზე 20-ლიტრიან შეზღუდვაზეც საუბრობენ.
- მოქმედებს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და გარკვეული შეზღუდვები, ბუნებრივია, არსებობს. ეს ტერიტორია ოკუპირებული რომ არ იყოს, 20 ტონის გადატანაც შეიძლებოდა, მაგრამ როცა საქმე ოკუპირებულ ტერიტორიას ეხება, თითოეული ლიტრი საწვავი კონტროლს საჭიროებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე ოპტიმალური რაოდენობა 20 ლიტრია და თუ მეტის უფლება მიეცათ, ქვეყანა დაიქცევა,მაგრამ ვინც ამაზე მუშაობს, იციან, რა და როგორ გააკეთონ... არ დაგვავიწყდეს, გალის მოსახლეობა ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და არ სჭირდება ამ საკითხს პოლიტიზირება.
ეკატერინე ბასილაია