ვაზიანიდან თეირანამდე - საბჭოთა МиГ-ების ხიფათიანი გადაფრენა ქუთაისური კონიაკის თანხლებით... - კვირის პალიტრა

ვაზიანიდან თეირანამდე - საბჭოთა МиГ-ების ხიფათიანი გადაფრენა ქუთაისური კონიაკის თანხლებით...

ირანის თემა კვლავ აქტუალურია, გაურკვეველია, როგორ გაგრძელდება ვაშინგტონ-თეირანის სამხედრო-პოლიტიკური მწვავე დაპირისპირება, გადაიზრდება თუ არა ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაში, რას მოიმოქმედებს ისრაელი, რა ბედი ეწევა სპარსეთის ყურიდან ჰორმუზის სრუტის გავლით მილიონობით ბარელი ნედლი ნავთობის გამოტანას და ა.შ. ამიტომაც აშშ-ისა და ისრაელის ხელისუფალთ ძალზე აღელვებთ, ხომ არ ამარაგებს რუსეთი აიათოლების რეჟიმს ახალი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით კასპიის ზღვის მარშრუტით, რათა ირანმა აღიდგინოს საბრძოლო პოტენციალი ამერიკასა და ისრაელთან შესაძლო მომავალი საბრძოლო დაპირისპირების წინ? მოსკოვი ისევ განაგრძობს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას თეირანთან, თუმცა ეს დღეს არ დაწყებულა - 36 წლის წინ კრემლმა პირველი დიდი სამხედრო დახმარება გაუწია აიათოლების რეჟიმს და ისიც... ვაზიანიდან, მაშინდელი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიიდან.

ეს ამბავი დიდი ხნის განმავლობაში არ გახ­მაურებულა, მაგრამ ფაქტია, 1990-იანი წლებიდან მოსკოვი ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალების მომარაგებას შეუდგა იმ დროისთვის მეტ-ნაკლებად თანამედროვე შეიარაღებით, რაც მაშინ ძალიან აკლდა ირანს. ყველაფერი კი ასე იწყებ­ოდა - 1989 წელს მოკოვმა თეირანთან გააფორმა 1,3 მლრდ დოლარის ხელშეკრულება საავიაციო და სარაკეტო შეიარაღების მიყიდვაზე, რაც იმ მომენტისთვის დაუჯერებელი ჩანდა, რადგან 1980 წლიდან დაწყებულ ირან-ერაყის დიდ ომში საბ­ჭოთა კავშირი მხარს უჭერდა და აიარაღებდა სწორედ ერაყის არმიას (სხვათა შორის, სადამ ჰუსეინის საბჭოთა სამხედრო მრჩევლებს შორის ერთი ქართველი სამხედრო მფრინავი პოლკოვნიკიც იყო, რომელიც ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმების სქემებსაც კი უდგენდა ერაყის გენშტაბს), შესაბამისად, აიათოლების რეჟიმს კრემლი ისეთივე მტრად ჰყავდა გამოცხადებული, როგორც თეთრი სახლი და ამიტომაც ახალი ტიპის საბჭოთა შეიარაღების მიყიდვა ირანისთვის ერთგვარი ნონსენსი გახლდათ. ირანისთვის მიყიდული შეიარაღების ჩამონათვალში ასევე იყო МиГ-29 ტიპის 20 ერთეული ერთადგილიანი გამანადგურებელი თვითმფრინავი და 4 ცალი მისი ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო ვარიანტი МиГ-29УБ-იც, რომელთა ირანში ჩატანა და ჩაბარება შედიოდა ხელმოწერილ შეთანხმებაში.

მოსკოვში გადაწყვიტეს, რადგან ირანი უშულოდ ესაზღვრებოდა საბჭოთა კავშირს (სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაკვეთზე, ასევე თურქმენეთთანაც), საავიაციო ქარხნებიდან გამოშვებული ახალი გამანადგურებლები საცდელი ფრენების შემდეგ ისევ არ დაეშალათ და სპეციალურ კონტეინერებში ჩაწყობილი კი არ გაეგზავნათ თეირანში, МиГ-ები თავად გადაფრენილიყვნენ ირანში. ამისთვის კი სენაკის (რომელიც საბჭოთა პერიოდში მიხა ცხაკაიად იწოდებოდა) სამხედრო აეროდრომზე ბაზირებული საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების 34-ე საჰაერო არმიის 283-ე გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის 176 გამანადგურებელი საავიაციო პოლკის მფრინავები შეარჩიეს, რაც ლოგიკური ჩანდა, რადგან 1985 წელს სწორედ სენაკში დაიწყო უახლესი საბჭოთა მეოთხე თაობის МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების სასწავლო-საბრძოლო ათვისება და სენაკის პოლკის მფრინავები უკვე კარგად მომზადებულად ითვლებოდნენ, მით უმეტეს, რომ ჰქონდათ სამხრეთ კავკასიის მთაგორიანი რელიეფის თავზე ფრენის დიდ გამოცდილება. ამას კი გადამწყვეტი როლი მიენიჭა, რადგან მოსკოვში ჩათვალეს, რომ გორკისა და ლუხოვიცის საავიაციო ქარხანაში აწყობილი ახალი МиГ-ების გადაფრენა ირანში სწორედ საქართველოდან ჯობდა, რისთვისაც თვითმფრინავები რუსეთის ქარხნებიდან ჯერ თბილისში, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე უნდა ჩამოეფრინათ. მართლაც, სენაკის პოლკის მფრინავებმა 1990 წლის სექტემბერში МиГ-ების პირველი პარტია ვაზიანის აეროდრომზე გადმოაფრინეს და მზადება დაიწყეს თეირანში გადასაფრენად - ეს სერიოზული გამოცდა გახლდათ მფრინავებისთვის და არა მარტო წმინდა საფრენოსნო-სანავიგაციო თვალსაზრისით. საქმე ის არის, სენაკის პოლკმა ერთი უახლესი МиГ-29 მანამდე "გადააფრინა" საზღვარგარეთ და თანაც ნატოს წევრი თურქეთის აეროდრომზე - ერთი წლით ადრე, 1989 წლის 20 მაისს, სწორედ სენაკის აეროდრომიდან გაიტაცა კაპიტანმა ზუევმა МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი და ის ტრაპიზონის აეროპორტში დასვა, ხოლო აშშ-ს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მართალია, გატაცებული МиГ-ი თურქეთმა მალევე დაუბრუნა საბჭოთა კავშირს, მაგრამ მოსკოველმა გენერლებმა ნამდვილი "კონცლაგერი" მოუწყვეს სენაკის პოლკის მფრინავებს, რატომ ადრევე არ გამოავლინეთ, რომ ზუევი თვითმფრინავის გასატაცებლად ემზადებოდაო. ასეთი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფმა სენაკელმა მფრინავებმა 1990 წლის 20 სექტემბერს МиГ-29-ების პირველი პარტია რვა თვითმფრინავის შემადგენლობით ვაზიანიდან ირანის მეჰრაბადის აეროპორტისკენ "გაუყენეს გზას". ვაზიანიდან მეჰრაბადამდე პირდაპირი ხაზით 855 კმ-ია და МиГ-ების გადაფრენა უმოკლესი მარშრუტით ხდებოდა, ერევანსა და ჯულფაზე "გადავლით".

2-iranii-1787496666.png
ვაზიანიდან თეირანისკენ გაფრენილი МиГ-ის რუსი მფრინავი იძულებული გახდა კატაპულტირებულიყო, რადგან... ირანის დედაქალაქს ვერ მიაგნო და გამანადგურებელს საწვავიც გამოელია...

МиГ-ებს წინ მიუძღოდა სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76, რომლის შტურმანს მეჰრაბადის აეროპორტამდე გამანადგურებლების მფრინავებისთვის გზა უნდა "გაეკვალა", თუმცა არც ამან უშველა. საქმე ის არის, რომ იმხანად არ არსებობდა ჯი-პი-ესის თანამგზავრული სისტემა, საბჭოთა სამხედრო მფრინავები ნავიგაციას აწარმოებდნენ ძირითადად იმ რადიოშუქურების დახმარებით, რომლებიც მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო, მაგრამ МиГ-ების ირანის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე მათ აღარ შეეძლოთ რადიოშუქურების სისტემით ორიენტირება და სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა... აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯულფიდან თეირანის მეჰრაბადის აეროპორტამდე 620 კმ თუა, რაც МиГ-ებისთვის ერთი საათის ფრენა გახლდათ, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ პირველი საბჭოთა-ირანული მილიარდიანი გარიგება სრული ფიასკოს წინაშე დამდგარიყო, რადგან МиГ-ების ჯგუფის წამყვანი გამანადგურებლის მფრინავმა პოდპოლკოვნიკმა სანავიგაციო ორიენტირება დაკარგა და ვეღარ აგნებდა, თუ სად იყო ირანის დედაქალაქი.

რადიოეთერში მაშინვე დაიწყო პანიკა - МиГ-ებს საწვავის მარაგი სწრაფად უთავდებოდათ და თუ ათიოდე წუთში ვერ მიაგნებდნენ დასაფრენად ვარგის რომელიმე აეროდრომს, მფრინავებს კატაპულტირება მოუწევდათ. მართლაც, რამდენიმე წუთში წამყვაანი МиГ-ის მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა და აიათოლების რეჟიმისთვის 30 მლნ დოლარად ღირებული მეოთხე თაობის ახალთახალი, მაგრამ საწვავის გარეშე დარჩენილი МиГ-29 ირანის აეროპორტში დაშვების ნაცვლად, ირანის უდაბნოში დაეცა და აფეთქდა. ჩამოვარდნილი МиГ-ის მიმყოლმა მფრინავმა კი რაღაც სასწაულებრივად მოასწრო ბოლო წუთებში აეროდრომის შემჩნევა და საწვავის ბოლო წვეთებით იქ დასვა 15-ტონიანი МиГ-ი... მაგრამ ჰაერში კიდევ ექვსი МиГ-ი რჩებოდა, რომელთა მფრინავები უკვე ისე იყვნენ თავზარდაცემული რადიოეთერში მოსმენილი ორიენტირდაკარგული წამყვანი პოდპოლკოვნიკის ხმით, რომ კატაპულტირებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ბედმა გაუღიმათ - 25 კმ-ზე გადაჭიმული თეირანი, ბოლოს და ბოლოს, შეამჩნიეს და მეჰრაბადის აეროპორტშიც სასწრაფოდ დაეშვნენ. სულ რაღაც წუთები დააკლდა იმას, რომ ირანისთვის მიყიდული საბჭოთა МиГ-ების პირველ რვა გამანადგურებელს ირანის ცაში კატასტროფა განეცადა - ახალთახალი და გამართული გამანადგურებლებიდან მფრინავები კატაპულტირებას მოახდენდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საწვავი მანამდე გამოელიათ, სანამ დასაფრენ აეროდრომს მიაგნებდნენ, ერთმა МиГ-მა ხომ სწორედ ეს ბედი გაიზიარა.

საღამოს რუსი მფრინავების სასტუმროში მიიყვანეს კატაპულტირებული პოდპო­ლ­კოვნიკიც და ბევრი რამ გაირკვა - იმის გამო, რომ მწყობრიდან გამოვიდა МиГ-ის სანავიგაციო ხელსაწყო (უფრო სწორად, მან აღარ გაასწორა ის ცდომილებები, როდესაც ქარის დაბერვამ МиГ-ი ფრენის მარშრუტიდან ათეულობით კმ-ით "ჩააჩოჩა"), წამყვანი თვითმფრინავი და მისი მიმყოლი თეირანიდან 120 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ყუმის სიახლოვეს აღმოჩნდნენ, საწვავი გამოელიათ და ერთმა მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა, მეორემ კი ბეწვზე მოასწრო ყუმის სიახლოვეს სათადარიგო აეროდრომზე დაშვება... კატაპულტირებული პოდპოლკოვნიკის ისტორია ამით არ დამთავრებულა - მან კატაპულტირებამდე ჯერ გამანადგურებლის კაბინის ფარნის ავარიული გასროლა მოახდინა, რათა კაბინიდან გადმოეგდო მოზრდილი ჩემოდანი, რომელშიც ღორის "ტუშონკებთან" ერთად ქუთაისური კონიაკის ბოთლებიც ეწყო, რადგან კატაპულტირებისას ჩემოდანი ხელს შეუშლიდა. მიწაზე დაშვებისას კი კიდევ ერთხელ გაუმართლა, რადგან იქ მოგროვილ სოფლელებს რუსულად ვერაფერს აგებინებდა, სანამ არ გამოჩნდა ადგილობრივი ქართველი, რომელიც თურმე კარგად საუბრობდა რუსულად. ირანელმა ქართველმა პარაშუტით დაშვებული რუსი მფრინავი ირანელ პოლიციელებამდე მიიყვანა, თუმცა მანამდე ბავშვებს მოუძებნიათ МиГ-დან გადმოგდებული ჩემოდანი, რომელშიც ღორის ხორცის "ტუშონკები" მეტ-ნაკლებად გადარჩენილა, მაგრამ ქუთაისური კონიაკი "აორთქლებულა". სამაგიეროდ, სატუმროში საღამოს შეკრებისას მაინც დააგემოვნეს ქუთაისური კონიაკი და გადარჩენისაც შესვეს - სენაკის პოლკის მფრინავებს ასეთი ტრადიცია ჰქონიათ, მივლინებებში გაფრენის წინ ოცლიტრიანი კანისტრებით ყიდულობდნენ საკონიაკო მასალას ქუთაისის ქარხანაში და თან მიჰქონდათ საბჭოთა კავშირის სხვა აეროდრომზე გადაფრენისას. ასე მოიქცნენ ირანში გაფრენის წინაც, თუმცა იცოდნენ, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში სპირტიანი სასმელებისა და ღორის ხორცის შეტანა სასტიკად აკრძალული იყო. ამიტომ ღორის "ტუშონკებს" აძრობდნენ ეტიკეტებს, კონიაკის ბოთლებს კი საფრენოსნო მუზარადებში მალავდნენ, რომ ირანელ მესაზღვრეებს არ ეპოვათ. თუმცა მეორედ, როდესაც МиГ-ების მორიგი პარტია გადააფრინეს სენაკელმა მფრინავებმა ვაზიანიდან ირანში, სასტუმროს ოთახებში ირანელებმა მათ ფარული ჩხრეკა ჩაუტარეს და ქუთაისური კონიაკები საპირფარეშოში გადაუღვარეს, ბოთლები კი დაუმტვრიეს.

ირანის ციდან ჩამოვარდნილი МиГ-ი, რომელმაც ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე, მოსკოვმა თეირანს, რა თქმა უნდა, აუნაზღაურა და МиГ-29-ები 21-ე საუკუნის დამდეგისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის კვლავ ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებად მიიჩნეოდა.

აიათოლების რეჟიმს Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პარტიის ყიდვაც სურდა უკვე დამოუკიდებელი საქართველოდან, რისთვისაც ირანის პრეზიდენტი აქბარ ხაშემი რაფსანჯანი 1995 წელს გვეწვია და პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად საგანგებოდ მოინახულა თბილისის საავიაციო ქარხნის საამწყობრო საამქრო, მაგრამ თეირანის სურვილი, რომელიც მაშინდელ გაჭირვებულ ქართულ ბიუჯეტს დიდ მოგებას მოუტანდა, ამერიკელებმა სათავეშივე ჩაკლეს ოფიციალური თბილისისთვის თითის დაქნევით, რისი მოიერიშეები და რისი ირანიო, ქართველებს რამე ხომ არ გეშლებათო?!