„ეს ის ბულვარი აღარ არის“
ბათუმის ბულვარი ადგილობრივებისა თუ დამსვენებლებისთვის გამორჩეული და საყვარელი ადგილია. თუმცა ბულვარის გარკვეულ ტერიტორიაზე თვალში უშნოდ გვხვდება სარეკლამო ბილბორდები, იქაურობა მახინჯდება, რაც სამართლიან აღშფოთებას იწვევს. მით უმეტეს, რომ ბათუმის ბულვარს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და კანონით, იქ კომერციული რეკლამის განთავსება მკაცრად რეგულირდება... ამ პრობლემასა და ზოგადად, ბათუმში დღეს არსებულ მდგომარეობაზე საზოგადოება "ბათომის" წევრს, რეჟისორ შოთა გუჯაბიძეს ვესაუბრეთ.
ცნობისთვის: "ბათომის" მთავარი მიზანია, ქალაქის ისტორიული იერის, არქიტექტურული მემკვიდრეობისა და რეკრეაციული სივრცეების დაცვა უკანონო მშენებლობებისა და ურბანული ქაოსისგან.
შოთა გუჯაბიძე: - ეს არის უპატივცემულობა ქალაქისაც და მოქალაქეებისაც - მნიშვნელობა არა აქვს, ადგილობრივია თუ ჩამოსული. ელემენტარულად, სირცხვილია!.. მართალი გითხრათ, ბულვარში ვერიდები სიარულს, იმიტომ, რომ საშინელი მდგომარეობაა. ისეთი ხმაურია, ეს აღარ არის დასასვენებელი ადგილი, ეს ის ბულვარი აღარ არის. რეკლამის განთავსებას კანონი არ უარყოფს, მაგრამ არსებობს წესი - ძეგლის აღქმა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
ბათუმის ბულვარს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც მას საკანონმდებლო დონეზე იცავს თვითნებური განაშენიანებისა და ისტორიული იერის შეცვლისგან. ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის მქონე სარეკრეაციო ზონას და ნებისმიერი ინფრასტრუქტურული ცვლილება ძველ ბულვარში საჭიროებს სპეციალურ შეთანხმებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. ისტორიულ ადგილას უნდა იყოს მხოლოდ ისეთი რამ, რაც ისტორიულ კონტექსტს მიესადაგება. ბულვარი არ არის კომერციული ადგილი და იქ დიდი სარეკლამო განცხადებების განთავსება არ შეიძლება!
- რა მდგომარეობაშია დღეს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები?
- დღე არ გავა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ან ისტორიული ნაგებობა არ დაინგრეს, რაც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია. უბედურება ის არის, რომ ამისთვის არავინ ისჯება. სახელმწიფო და კომერციული, ვითომდა სამშენებლო კომპანიები, ალბათ, ბინძურ გარიგებაში არიან. სახელმწიფო თავისი სამართალდამცავი სტრუქტურებით, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოებით, მერია, საკრებულო, სასამართლო, თუკი რაიმე არსებობს, ყველა ერთად ამ კამპანიაშია, ერთმანეთის "პადძელნიკები" არიან. ეს სიტყვა რუსულ ენაზე შემთხვევით არ მითქვამს, ეს ენაც მშობლიურია მათთვის და ჟარგონიც კარგად გამოხატავს ვითარებას.
ქალაქის არქიტექტურულ იერს რომ ამახინჯებენ, ეს კიდევ დამატებითი დანაშაულია... ძეგლის დანგრევა კანონით იკრძალება, მხოლოდ იშვიათ გამონაკლისშია დასაშვები, მაგალითად, თუკი მას საცხოვრებლად საშიშად გამოაცხადებენ. რესტავრაცია, კონსერვაცია, ადაპტაცია და ასე შემდეგ ტერმინები, რაც კანონშია გაწერილი, სჭირდება მხოლოდ ისეთ შენობებს, რომელთაც დაკარგული აქვთ პირვანდელი სახე, დაძველებულია. ჰოდა, ესენი მხოლოდ იმიტომ ანგრევენ, რომ იქ მაღალი კორპუსი დადგან. არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა შენობა დაინგრა იმის გამო, რომ ავარიულია, ან რაღაც სტიქიამ დაანგრია და მერე აღადგინეს - ასეთი რამ არ არსებობს.
- კონკრეტული მაგალითები მოგვიყვანეთ...
- ასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გორგასლის ქუჩაზე ერთდროულად დაანგრიეს ისტორიული, მე-19 საუკუნის სამი სახლი. ბათუმი დიდწილად მე-19 საუკუნეში აშენდა და რამაც დღემდე მოაღწია, განსაკუთრებული ღირებულება აქვს... გვიანდელი ეპოქის ძეგლებიც გვაქვს. ცხადია, რაც უფრო ძველია შენობა, დამატებით მხატვრულ-კულტურულ თუ ისტორიულ ღირებულებას უსვამს ხაზს. ისტორიული შენობები ინგრევა და მის ნაცვლად იდგმება მაგალითად, 30-სართულიანი შენობა და ა.შ.
უბედურება ის არის, რომ ეს პროცესი შეუქცევადია, ამის გამოსწორება შეუძლებელია. მე შიგნიდანაც ძალიან კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურას და გარედანაც ყველაფერს ვხედავ. ბათუმიც შესანიშნავად ვიცი თავისი ისტორიული კონტექსტით, კულტურული მემკვიდრეობით და ა.შ. საქმე უთუოდ კორუფციასთან გვაქვს.
- ბატონო შოთა, მუდმივად აპროტესტებთ ამ ყველაფერს, შედეგი თუ მიგიღიათ?
- არა, ბატონო, ბრძოლის შედეგი პრაქტიკულად არაფერია, რამეს თუ მივაღწიეთ, ეს ვერაფერზე გავლენას ვერ ახდენს, იმიტომ, რომ ძალაც და ყველაფერი მათ მხარესაა - პოლიცია, სუსი, პროკურატურა...