„მე და დედამისს წინათგრძნობა გვკარნახობს, რომ ჩვენი შვილი გარდაცვლილი არ არის“ - კვირის პალიტრა

„მე და დედამისს წინათგრძნობა გვკარნახობს, რომ ჩვენი შვილი გარდაცვლილი არ არის“

რა იმალება საქართველოში ათეულობით ადამიანის გაუჩინარების მიღმა? ცნობილია, რომ მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ან არასრულწლოვანია. ყველაზე უმცროსი, 4 წლის ბიჭი, გორში, სოფელ ბობნევში დაიკარგა 2016 წელს სოფლის დღესასწაულზე. ბავშვი ბოლო წუთებში 5 წლის ძმასთან ერთად იყო, რომელიც ამბობდა, რომ უმცროსი ძმა წითელმა ავტომანქანამ წაიყვანა.

2014 წელს სოფელ მლეთიდან გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ძებნის განახლებას სხვა გაუჩინარებულების ოჯახების იგივე მოთხოვნა მოჰყვა. ისინი სამართალდამცავებს გამოძიების გულგრი­ლობაში ადანაშაულებენ და საქმის განახლებას ითხოვენ. მათ შორისაა ქობულეთის სოფელ ბობოყვათში 2017 წელს დაკარგული გოგი დოლიძის ოჯახიც. 18 წლის ბიჭი 7 დეკემბრის დილას გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. მშობლების თქმით, პოლიციამ მოწმეები სათანადოდ არ გამოჰ­კითხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხილის ძებნა არ უნდა გაძნელებულიყო. მით უფრო, როდესაც ბიჭმა წინა დღეებში სტრესი განიცადა, რომლის მიზეზსაც მოწმეები მალავენ. ჩვენ მამას ზორბეგ დოლიძეს ვესაუბრეთ.

- ტკივილი, რომელიც გოგის დაკარგვით მივიღეთ, კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან გაურკვევლობა გვტანჯავს. ჩემი მეუღლე ყოველდღე ტირილით ელოდება შვილის დაბრუნებას ან რაიმე ამბის გაგებას. მე წლების განმავლობაში პარალიზებული ვიყავი, გარეთ გასვლა არ მინდოდა, სანამ არ გავაცნობიერე, რომ შესაძლოა ხეიბრად გადავქცეულიყავი და საპატრონო გავმხდარიყავი.

ჩემი შვილი ჭკვიანი, ბედნიერი და ლაღი იყო, ვიდრე არ დადგა დღე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება გაანადგურა. ეს იყო 2017 წლის დეკემბერი, როდესაც ჩემს შვილს მასწავლებელმა სთხოვა, მანდარინის კრეფაში დახმარებოდა. ამ მასწავლებლის შვილი გოგის თანატოლი და მეგობარია. ამ მასწავლებელმა დახმარება სთხოვა გოგის კიდევ ერთ მეგობარსაც. ასე რომ, სამნი იყვნენ. ჩემი შვილი ხალისით წავიდა დასახმარებლად. ასეთი იყო, თავად ხომ ყველაფერი გამოსდიოდა და სხვასაც ხალისით ეხმარებოდა. მეც საწინააღმდეგო არ მქონია. პირიქით, როდესაც უკვე დაღამებულზე მასწავლებლის მეუღლემ დამირეკა, გვიან არის, გოგის შინ დავიტოვებთ, რადგან ღამეში სიარული არ ღირსო, ხალისით დავთანხმდი: რა თქმა უნდა-მეთქი. თუმცა დაახლოებით სამი საათის შემდეგ იმ კაცმა და მისმა მეგობრებმა გოგი შინ ავტომანქანით მომიყვანეს, დაეცაო. ჩემს შვილს რომ შევხედე, ისეთი ელდა მეცა, ვერასოდეს დავივიწყებ: ცხვირი ჩალურჯებული და შესივებული ჰქონდა, სახეც. შვილო, რა მოგივიდა-მეთქი, რომ ვკითხე, ხმა არ გამცა, მარტო თანმხლებნი მპასუხობდნენ, ნუ გეშინია, დაეცაო. ამის შემდეგ ბავშვი საძინებელში შევიდა და დაწვა.

- ნასვამი ხომ არ იყო?

- არა, ალკოჰოლს ვერ იტანდა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მეც იმ ღამით თითქოს ეჭვი არაფერში შემპარვია. თუმცა ბავშვი დილით რომ არ ადგა, სკოლაში არ წავიდა და მის სახეს შევხედე, მაშინ ვიფიქრე, რომ დაცემული კი არა, ნაჩხუბარი იყო და სახეზე რაღაც ძალიან მძიმე ჰქონდა მოხვედრილი: სახეც და ცხვირიც მეორე დღეს კიდევ უფრო გაუსივდა. მაინც არ ჩავძიებივარ, რა მოხდა, რადგან ვიცოდი, თუ არ უნდოდა, იმწუთას არაფერს არ მეტყოდა. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, მისგან რაიმე გართულება ვერც წარმოვიდგინე. მერე რომ დავუკვირდი, სწორედ ამან დამღუპა, ჩემი შვილის აზროვნებამ და სიამაყემ: ალბათ, იმ ღამით ისეთი რაღაც მოხდა, რომ იჩხუბა, მაგრამ დაითგრუნა კიდეც, რადგან ისეთი სტრესი მიიღო, რასაც მიჩვეული არ იყო...

- ვისთან უნდა ეჩხუბა, მეგობრებთან?

- ამას ვერ ვიტყვი, თუმცა დარწმუნებული ვარ, მისმა მეგობრებმა იციან, რა მოხდა და არ ამბობენ. შეუძლებელია დაცემით იმხელა ტრავმა მიეღო, მთელი სახე შეშუპებოდა, კბილიც კი ჩამოტეხილი ჰქონდა. თუმცა ესეც ხომ არის, რომ ახალგაზრდებს ჩხუბიც მოსდით და შერიგდებიან კიდეც. ამიტომ სკოლაში წასვლა რომ არ უნდოდა, მე ვთხოვე და დავაძალე კიდეც. ჩემი თხოვნით წავიდა სკოლაში, რაც წლებია სანანებლად მაქვს. ვუთხარი, სკოლაზე უარის თქმა არ ვარგა, მით უფრო, რომ ამთავრებ, ეგ ყველაფრი გაივლის-მეთქი. ბოლოს როგორღაც დამთანხმდა და წავიდა. თუმცა არა სკოლაში, საერთოდ დამეკარგა.

videotvalidan-amogebuli-poto-gogi-dolize-batumshi-1787498530.jpg

- ვიდეოჩანაწერებს ნახავდით, მისი კვალი სად მიდის და სად იკარგება?

- სულ 20 ლარი ჰქონდა, რითაც სოფლიდან ქობულეთში მარშრუტკით ჩავიდა, ქობულეთიდან კი ბათუმში. როდესაც ქობულეთ-ბათუმის მძღოლები დაიკითხნენ, ვინც ნახა, თქვა, რომ ეს ბიჭი ბათუმში სასტუმრო "რივიერასთან" ჩავიდა, იქ ახლომახლო ლუდი და სიგარეტი იყიდაო. ეს ჩანს კიდეც ვიდეოთვალში. ხელში პარკი უჭირავს, ყურებში კი ყურსასმენები აქვს. ამის შემდეგ ვიდეოთვალი მას ზღვის სანაპირომდე ხედავს, იქიდან კვალი იკარგება...

- შეიძლებოდა, რომ თქვენს ვაჟს სუიციდი გადაეწყვიტა და ზღვაში შესულიყო?

- გამოვრიცხავ. ჩემს შვილს რომ თავის მოკვლა ნდომოდა, მაგისთვის ბათუმში არ წავიდოდა. გარდა ამისა, ნავარჯიშები იყო, წლები დადიოდა ცეკვაზე, ბრწყინვალედ იცოდა ცურვა. როდესაც ასეთი ნავარჯიშები ადამიანი წყალში შედის, გამორიცხულია, სიცოცხლის ინსტინქტი არ გაეღვიძოს და ხელი არ გაანძრიოს. თითქოს მეც და დედამისსაც წინათგრძნობა გვკარნახობს, რომ ჩვენი შვილი გარდაცვლილი არ არის. ჩემი ვარაუდით, ქვეყნიდან რაც შეიძლება შორს უნდა ყოფნა, მძიმე მოგონებებს რომ არ შეეჯახოს. მხოლოდ ძებნისას გავიგე, რომ შეყვარებული ჰყოლია, რომელსაც თავად იმ გოგოს გამო დაშორებია. ბევრი ტკივილი აქვს მიღებული და მისი თავმოყვარეობა ამას ვერ ეგუება...

- რა ვერსია გაქვთ, სად უნდა იყოს?

- ჩემი ფიქრით, ბათუმში იმიტომ ჩავიდა, რომ თურქეთში გადასულიყო არალეგალურად...

- ძალიან დიდი დროა გასული, ამ პერიოდში არავინ შეგხმიანებიათ?

- იყო ასეთი ზარი, მითხრეს, შენი შვილი რიზეში ვნახე ორ პიროვნებასთან ერთადო და ადგილიც დაასახელეს. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ მერე მაინც წავედი რიზეში, მოვძებნე ის პარკი, ახლომდებარე ობიექტები, სადაც ხალხი მუშაობს და ჩემი შვილი რომ აღვუწერე, მითხრეს, გვინახავს, მაგრამ სად ცხოვრობს და რას საქმიანობს, არ ვიცითო. როგორღაც მოვახერხე, რომ ჩემი შვილის ძებნა ინტერპოლს გამოეცხადებინა. მართალია, დიდი დროა გასული, გარეგნობით შეიძლება შეცვლილია, მაგრამ, იმედია, ამ გზით ოდესმე მივაგნებ.

- ინტერპოლი ხომ კრიმინალებს ეძებს?

- სახელმწიფო სწორედ მაგ მიზეზით არ აპირებდა ძებნის გამოცხადებას: მოსამა­რთლე გადაწყვეტილებას არ იღებდა, მაგრამ ვიბრძოლე და მივაღწიე. ამაზე პასუხისმგებელ პირებს შევხვდი. მათაც მკითხეს, როდესაც ბოროტმოქმედი შვილი არ გყავდა, ინტერპოლით რატომ უნდა მოვძებნო­თო, მაგრამ ვუთხარი: მჯერა, რომ ცოცხალია, კრიმინალურ გზას რომ დაადგეს, მაინც ხომ ინტერპოლით უნდა მოიძებნოს-მეთქი! ამის შემდეგ დამთანხმდნენ. თუმცა ეს არ არის ყველაფერი - ჩემი შვილი რომ მოიძე­ბნოს, საქმის ძიება თავი­დან უნდა დაიწყოს, რათა მისი გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი დადგინდეს და დამნაშავე მოიძებნოს. სამართალდამცავებმა დაარღვიეს მოწმეთა დაკითხვის წესი და რეალური ინფორმაციაც ვერ მიიღეს. გოგის ყველა მეგობარი ერთდროულად გამოჰკითხეს - ანუ ყველა ბავშვი ერთსა და იმავე ვერსიას ისმენდა და თავადაც იმავეს იმეორებდა. მოწმეთა დაკითხვა ინდივიდუალურად უნდა ჩატარდეს, რათა სრული ინფორმაცია ამოიღო და ჩვენებები შეაჯერო. ამიტომაც ვითხოვ ყველა მოწმის სრულყოფილად დაკითხვას. დარწმუნებული ვარ, რეალურ ინფორმაციას მალავენ რიგი მიზეზების გამო.