„ჩემთვის საფრანგეთში დაღუპული ქართველი ახალგაზრდების დედებთან ურთიერთობა გაუსაძლისია“
ჟურნალისტი დიანა ჭანკოტაძე საფრანგეთში ქართველების მძიმე ყოფაზე გვიამბობს.
- ოცი წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. ქართულ ემიგრაციაში ცნობილი ვარ როგორც ჟურნალისტი და სოცქსელების მეშვეობით მიკავშირდებიან. ამ წლების განმავლობაში, ბევრი უმძიმესი შემთხვევა, უდიდესი ტკივილით მახსენდება.
საქართველოში ვისვენებდი, როცა ერთი ოჯახი შინ მომადგა. მათი შვილი საფრანგეთში ყოფილა და დიდხანს კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. მთხოვეს საფრანგეთის იმ ქალაქის საავადმყოფოებში, მორგში, ყველგან დამერეკა... ძებნა დავიწყე, ბოლოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში განმიმარტეს, რომ რამდენიმე ქართველი კრიმინალურ ფაქტზე დააკავეს, ზოგი ცეცხლი გახსნისას სროლაში დაიღუპა. იმ დროს დაკარგული ბიჭის დედა, ძმა და ბიძა გვერდით მედგნენ და შემომცქეროდენ, რას ვეტყოდი. გადასამოწმებლად რომ დავრეკე, მითხრეს, ეს ბიჭი დაღუპულთა სიაშია, ოჯახმა საელჩოს უნდა მიმართოსო. ის წუთები არასოდეს დამავიწყდება, იმდენად რთული იყო ახლობლებისთვის ამის თქმა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...
ერთ ქალაქში ახალგაზრდა დააპატიმრეს და რამდენიმე ხნის შემდეგ დედას აცნობეს, რომ საკანში ჩამომხრჩვალი ნახეს. გამწარებული დედა ამტკიცებდა, რომ მის 23 წლის შვილს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს, რადგან საკნიდან სატელეფონო ზარებით იტყობინებოდა, არაბებთან უსიამოვნება მაქვსო. დედა ადგილობრივ პრესასთან დავაკავშირე, მისი ინტერვიუ ფრანგულ გაზეთშიც დაიბეჭდა, სადაც ქალი სიმართლის გარკვევას ითხოვდა... ჩემთვის დაღუპული ახალგაზრდების დედებთან ურთიერთობა გაუსაძლისია, ძალიან მიჭირს მათთვის უმძიმესი ინფორმაციის თარგმნა.
სამწუხაროდ, საფრანგეთში ხშირია ქართველების მონაწილეობით კრიმინალური ფაქტები... აქ ბევრი ქართველი სამკურნალოდაც მოდის, მათ შორის, მძიმე დაავადებებით... ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალმა დამირეკა და თარჯიმნობა მთხოვა. ოჯახი 6 წლის წინ ჩამოვიდა ბავშვით, რომელსაც სიმსივნის მძიმე ფორმა დაუდგინდა. ბავშვს უმკურნალეს, აცოცხლეს, მაგრამ სამწუხაროდ გოგონა დაიღუპა. ამ 6 წლის განმავლობაში მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ, ბავშვები საბავშვო ბაღში და სკოლაში დადიოდნენ, მაგრამ ოჯახი ქუჩაში დარჩა...
ერთ რეგიონში ორგანიზაციამ მოხალისე დისტანციურ თარჯიმნად ამიყვანა. ახალგაზრდა საავადმყოფოში ნარკოტიკებისა და სასმლის გამო ჰეპატიტის მძიმე დიაგნოზით იწვა. გამოწერის შემდეგ ექიმებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე თავშესაფარი გამოუყვეს. ბიჭს საბუთები არ გააჩნდა და საფრანგეთის დატოვება მოსთხოვეს. ორი ექიმი იხვეწებოდა, ეს რომ თავის ქვეყანაში წავიდეს, მოკვდებაო და სადეპორტაციო სამსახურს ბიჭი ხელიდან გამოჰგლიჯეს - კვებავდნენ, წამლებს აწვდიდნენ, იქნებ ვაცოცხლოთო. ამ ახალგზარდას სამედიცინო დახმარება აღარ ეკუთვნის, მაგრამ დღემდე იქ არის და ექიმები მის სიცოცხლეს ებღაუჭებიან.
- ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველები იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილან, რომ საქართველოში დაბრუნება არჩიეს?
- ერთი მამაკაცი დიდი პრობლემებით, ორი მცირეწლოვანი შვილით და მძიმედ დაავადებული მეუღლით იყო ჩამოსული. ბავშვები სკოლაში დადიოდნენ და მანქანაში მეცადინეობდნენ, ზამთარში პარკინგებზე, სადგურების მოსაცდელებში იძინებდნენ. არსებობს საემიგრაციო ზონები, სადაც ყავა, მცირეოდენი საკვები, ბანაობა უფასოა და ამით სარგებლობდნენ. რამდენიმე მაღაზიამ შესთავაზა, დღეში რამდენჯერაც გინდათ, შემოდით და აქ ჭამეთო. ასე ცხოვრობდნენ წელიწადზე მეტხანს. მერე კაცმა მომმართა, რომ საქართველოში დასაბრუნებლად დავხმარებოდი. ოჯახმა საქართველოში ყველაფერი გაყიდა და იმ ფულით ჩამოვიდა. ამბობდა, იქნებ ერთი ოთახი მაინც გამომიყონ, რომ ისევ ქუჩაში არ დავრჩეო. მერე როგორ წარიმართა მათი ცხოვრება, არ ვიცი...
ერთი ახალგაზრდა ქალი ორი ბავშვით ქუჩაში დარჩა, პარკში ეძინათ. იქ ვიღაც უსახლკაროებმა შეაშინეს, გამოეკიდნენ და რვა წლის ბავშვი იმდენად დაფრთხა, ლაპარაკი შეწყვიტა. გამწარებული ქალი უკან დაბრუნებას ითხოვდა, მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთი მიყიდეთო...
საფრანგეთში სამკურნალოდ ჩამოსული ოჯახები იმედიანად იყვნენ, რომ უმძიმეს შემთხვევაშიც კი მათ ჯანმრთელობაზე ფრანგული სამედიცინო სისტემა იზრუნებდა, ასეც იყო, მაგრამ 2022 წლის შემდგომ საქართველო აღარ მიიჩნევა პროევროპულ ქვეყნად და ამან უარესობისკენ შეცვალა ვითარება... თუმცა, საქართველო ბოლო ათწლეულია უსაფრთხო ქვეყნების სიაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ არის გაჭირვება, კარგი ხელფასებია, ხელმისაწვდომია ჯანდაცვა და ა.შ. რადგან საქართველომ ევროპაში ასე წარმოაჩინა თავი, მოითხოვა - თუ ქართველი პაციენტები ევროპას მოაწყდებიან, დააბრუნეთ, რადგან აქ ყველა დაავადებას ვმკურნალობთო. ამიტომ 2024 წლიდან მართლაც დაიწყეს ხალხის უკან გაშვება, მათ შორის მძიმედ დაავადებულების.