რა ხდება გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე და აღიარებს თუ არა ბრალს სუს-ის ყოფილი უფროსი - პროკურორის განცხადება
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს არ აღიარებს და შესაბამისად, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს.
როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს. მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ოთხივე ეპიზოდი.
„რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ბრალდების მხარე ყოველთვის, ნებისმიერ საქმეზე, ბუნებრივია, განიხილავს ბრალდებულის განცხადებას და სურვილიც თუ იქნება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ აღიარებს ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს და შესაბამისად მას არც მიმართვა აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"