"მიზანი შეიძლება იყოს საქართველოში პანიკისა და შიშის დათესვა" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი
"გაავრცელეთ მეგობრებო, სარწმუნო წყაროს ცნობით რუსები საქართველოსა და სომხეთში, 60 000 სპეციალური დანიშნულების რაზმის მოსამსახურეების გადასროლა მიმდინარეობს ტურისტების სახით", - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში "ქართული ლეგიონის“ სახელისა და სიმბოლიკის გამოყენებით ვრცელდება.
ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ეს ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება.
რა ინფორმაციას ფლობს "ქართული ლეგიონი“ რუსეთის შესაძლო გეგმებზე, ვინ შეიძლება იდგეს დეზინფორმაციული კამპანიის უკან და რა საფრთხეები არსებობს ამ თვალსაზრისით, ამის შესახებ მამუკა მამულაშვილი გვიამბობს.
მამუკა მამულაშვილი:
- მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს, მას მხოლოდ ჩვენი ოფიციალური გვერდების საშუალებით ვავრცელებთ. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში "ქართული ლეგიონის" სახელით ძალიან ბევრი არაოფიციალური გვერდია შექმნილი, რომლებიც ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას.
დიდი ალბათობით, ეს შესაძლოა სპეცსამსახურების ინტერესებში შედიოდეს, მიზანი შეიძლება იყოს საქართველოში პანიკისა და შიშის დათესვა. ჩემი თხოვნაა, ვინც თვალს ადევნებს საინფორმაციო სივრცეს, აუცილებლად გადაამოწმოს, რომელ რესურსზე კითხულობს ან ისმენს ინფორმაციას. რაც შეეხება 60 000 სპეცრაზმელის საქართველოში და სომხეთში გაგზავნას, ამაზე საუბარი აბსურდულია.
რუსეთს, ჩემი ინფორმაციით, არასდროს ჰყოლია ამ რაოდენობის სპეცრაზმელი და შესაბამისად წარმოუდგენელია, რომ შემდეგ უცებ ასეთი ძალა საქართველოში და სომხეთში შემოსაყვანად გამოიყენოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინასთან ომში დიდ დანაკარგებს განიცდის.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ პანიკის დათესვასთან ერთად, პროცესის მიზანი უშუალოდ "ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაცია და მისი სახელით მანიპულირებაა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ჩვენი დისკრედიტაციაც იყოს. შემდეგ შეიძლება თქვან, რომ "ქართული ლეგიონი" ყალბ და არასერიოზულ ინფორმაციებს ავრცელებს. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ თუ მსგავსი ინფორმაცია სომხეთშიც ვრცელდება, მაშინ პრობლემა უფრო მასშტაბურია და საქმე გვაქვს რუსული სპეცსამსახურების საქმიანობასთან.