უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე რუსეთზე „ფლამინგოების“ ზალპით აღნიშნა
24 აგვისტოს უკრაინამ დამოუკიდებლობის 35 წლისთავი თავისებურად აღნიშნა და რუსეთისკენ „ფლამინგოების“ ზალპი განახორციელა...
უკრაინამ ბოლო დღეებში ისედაც აჯობა რუსეთს, გამოყენებული კამიკაძე-დრონების რაოდენობით (23-24 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არანაკლებ 351 დრონი „გაგზავნა“), მაგრამ ზალპად გაშვებული არანაკლებ 17 მძიმე, რეაქტიულძრავიანი „ფლამინგოს“ ფრთოსანი რაკეტით შეტევა, მაინც რაღაც ახალია...
თავის მხრივ, არც რუსეთს დაუნდია მეზობელი და კრემლმაც დამოუკიდებლობის დღე უკრაინას 143-ზე მეტი კამიკაძე-დრონითა და 8 რაკეტით „მიულოცა“...
რუსეთი და უკრაინა ომის მეხუთე წელს კიდევ უფრო მეტი ინტენსივობითა და სიძლიერით უტევენ ერთმანეთს, რომლის დროსაც სამოქალაქო სავაჭრო ცენტრებიც ჩვეულებრივ სამიზნეებად იქცნენ, რაც საერთო ჯამში „გამოფიტვის ომის“ სტრატეგიასა და ტაქტიკას მიჰყვება - რუსეთს უფრო მალე გაუთავდება ბენზინი თუ უკრაინას საკვები პროდუქტები...
ჯერჯერობით ამ ომის ფინალი შორსაც კი არ ისახება, რადგან მოწინააღმდეგე მხარეებს ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ - რუსეთს სურს უკრაინის ტერიტორიების დაპყრობის გაგრძელება, კიევში პრორუსული ხელისუფლების დასმის პროგრამა მაქსიმუმით, უკრაინის მთავარი ამოცანა კი ამ ეტაპზე როგორმე ფრონტის ხაზის „გაყინვა“ და დროებით ამოსუნთქვაა, უკვე ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება კი ძალიან შორ პერსპექტივად თუ განიხილება.
35 წლის წინ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სუვერენულ უკრაინას ჰქონდა ყველა ის წინაპირობა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე წარმატებული ყოფილიყო ეკონომიკის მხრივ და ამასთან - კბილებამდე შეიარაღებულს და დაცულს ეგრძნო თავი, მის ტერიტორიაზე დარჩენილი აუარება ყოფილი საბჭოთა შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების იმედით, მაგრამ ასე არ მოხდა... უკრაინელმა გენერლებმა უკრაინელივე პოლიტიკოსების მხარდამხარ ათასობით ტანკი და ასობით თვითმფრინავი იაფად მიყიდ-მოყიდეს მთელ მსოფლიოში და „ოტკატების“ სქემით დოლარები ქვეყნის ბიუჯეტში შეტანის ნაცვლად, თავად ჩაიჯიბეს...
სამი ათეული წლის განმავლობაში, ჩვენი საქართველოსი არ იყოს, უკრაინის სხვადასხვა ხელისუფლებამ ბევრი კრიტიკული სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის შეცდომა დაუშვა, რასაც ემატებოდა ძლიერი კორუფცია ყველა დონეზე და კრემლის მოქმედი თუ მძინარე აგენტურის მთელი „არმიაც“...
თუმცა ამ ყველაფერმა თავის მხრივ სერიოზულ შეცდომაში შეიყვანა კრემლი, როდესაც პუტინმა ჩათვალა, რომ რაც ბოლომდე არ გამოუვიდა „მწვანე კაცუნების“ სპექტაკლით ანუ არ გამეორდა ყირიმის სრული ანექსიის სცენარი დონბასში, იმას შეძლებდა ღია სამხედრო აგრესიით რამდენიმე დღესა თუ კვირაში, მაგრამ თავადაც ხედავს, რა მიიღო ამ ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე წელს - საბჭოთა კავშირის გერმანიასთან ომის ის საწყისი პერიოდი, როდესაც რუსულ ქალაქებში საჰაერო განგაშების სირენები არ წყდებოდა...
მაგრამ იმ ომისგან განსხვავებით, სადაც აგრესორი ჰიტლერის გერმანია იყო, ხოლო სტალინის საბჭოთა კავშირი თავს იცავდა (მათ შორის - მილიონობით უკრაინელის სიცოცხლის ფასადაც) და ის ომი სამამულო, თავდაცვის ომად იქცა. დღევანდელ რუსეთ-უკრაინის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ვერანირად ვერ გადაიქცევა რუსეთის ახალ სამამულო ომად, რაც უნდა ეცადოს ამას რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა, რადგან ეს ომი დაპყრობითია, რომელსაც სწორედ რუსეთი აწარმოებს.
„ძმური ერის“ განმარტება რუსებსა და უკრაინელებს აღარ შეესაბამებათ და ეს შუღლი მათ ათწლეულების განმავლობაში გაჰყვებათ, როგორც უნდა დამთავრდეს ეს საშინელი ომი...