"სასულიერო პირმა დაიჩოქა და მითხრა..." - რა მოხდა ფარავნის ტბასთან: თორნიკე დალაქიშვილის გაუჩინარების ბურუსით მოცული ისტორია - კვირის პალიტრა

"სასულიერო პირმა დაიჩოქა და მითხრა..." - რა მოხდა ფარავნის ტბასთან: თორნიკე დალაქიშვილის გაუჩინარების ბურუსით მოცული ისტორია

უგზო-უკვალოდ დაკარგული კიდევ ერთი ბიჭის დედის ემოციური სტატუსი გამოქვეყნდა ამ დღეებში. ინგა ფერაძე შვილს, თორნიკე დალაქიშვილს 2 წელზე მეტია, ეძებს: "მეც უშედეგოდ ვეძებ ჩემ შვილს - თორნიკე დალაქიშვილს, რომელიც 2024 წლის 25 აპრილს დაიკარგა ნინოწმინდის ტერიტორიიდან და ჯერაც არ გამოჩენილა, რა თქმა უნდა, მივმართეთ პოლიციას და ძებნაში ჩართული იყო სამაშველო სამსახური, გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ - უშედეგოდ, ვერც ცოცხალი ვნახეთ, ვერც მკვდარი,"- დაწერა მან.

ჩვენ ინგა ფერაძეს დავუკავშირდით და მან დეტალურად გვიამბო მისი შვილის გაუჩინარების ამბავი.

- ქალბატონო ინგა, თქვენი შვილის გაუჩინარებიდან 2 წელი გავიდა. იქნებ გვიამბოთ, რა მოხდა იმ დღეს?

- თორნიკე შემდგარი და ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია. დაამთავრა ილიას უნივერსიტეტი მიკროელექტრონიკის სპეციალობით, იცის რამდენიმე ენა, ძალიან განათლებული და ნაკითხია. მამამისს ჰქონდა ელექტრომონტაჟების კომპანია და გადაიბარა მისი საქმე. ასევე, მან დააფუძნა თავისი კომპანია, ჰყავდა ბრიგადა, რომელიც საკმაოდ დიდ ორგანიზაციებში ელექტრომონტაჟს აკეთებდა. ძალიან დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა. ქვეყნის მოყვარულია, აქციებზეც აქტიურად დადიოდა, რადგან არ მოწონდა ბევრი რამ. ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. რამდენიმე წლის წინ შევამჩნიეთ დეპრესიული მომენტები, ოთახში ჩაიკეტებოდა და არავისთან უნდოდა კომუნიკაცია - არც მეუღლესთან, არც შვილთან, არც დედასთან... უფრო ზუსტად, სულ უკონტაქტო არ იყო, მაგრამ ზედმეტი კომუნიკაცია აღიზიანებდა, ამიტომ რაღაც დისტანციურად ვიყავით მასთან. მისმა ასეთმა მდგომარეობამ განაპირობა უთანხმოება მეუღლესთან და მეუღლემ გადაწყვიტა ურთიერთობაში პაუზა აეღო, - მერე დრო გვაჩვენებსო. ოფიციალურად განქორწინებულები არ არიან, უბრალოდ გადაწყვიტეს, რაღაც პერიოდით ცალ-ცალკე ეცხოვრათ.

ამან უფრო გაამძაფრა დეპრესიული ფონი, გარკვეული პერიოდი ვმკურნალობდით კიდევაც, ორ კვირიანი მკურნალობა ჩაიტარა სტაციონარში, მაგრამ მკურნალობის მეთოდები არ მოსწონდა. თუმცა ამან მაინც გამოიღო შედეგი და აქტიურად ჩაება თავის საქმეში, უფრო მეტი ობიექტი მოიზიდა, უფრო წარმატებული პროექტები ჰქონდა, რაც საკმაოდ შემოსავლიანი იყო.

დაკარგვამდე ოთხი-ხუთი დღით ადრე შევამჩნიე ისევ ჩაკეტილობა, არ უნდოდა კომუნიკაცია. ჩემი ქალიშვილი ამერიკაშია და მას ვუთხარი, არ მომწონს თორნიკეს მდგომარეობა-მეთქი. მითხრა გეჩვენებაო. დეპრესიული იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. ეტყობა, შინაგანად ძალიან რომ გაუჭირდებოდა, რაღაც პერიოდი ჩაიკეტებოდა ხოლმე, მაგრამ საკუთარ თავზე სულ მუშაობდა...

მისი დაკარგვის შემდეგ აღმოვაჩინე მისი ჩანაწერები, კარგა ხნის წინ გაკეთებული. როგორ გამომეპარა ეს მომენტები, ვერ ვხვდები. ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ცოლის მოყვანამდე, 2016 წლიდან გრძნობდა თავს ცუდად. თავის თავს ეუბნება, თითქოს ყველაფერი კარგად მაქვს და რატომ მაქვს ასეთი შინაგანი ღელვაო... ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემა და გარემო პირობების ბრალი არ არის.

- რა მოხდა მისი გაუჩინარების დღეს?

- მისი მეუღლის წასვლის შემდეგ მე მასთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან დიდ ობიექტზე ჰქონდა შემოთავაზება წალკაში - ნავთობტერმინალზე. ისეთი ობიექტია, უსაფრთხოების ზომები რომ უნდა დაიცვა, ტრენინგები და პირველადი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარო. ყველაფერი გაიარა თავის ბრიგადის ბიჭებთან ერთად. იმ დღეს, ორშაბათს, აპირებდა შესვლას იმ ობიექტზე, რომ სამუშაოები შეესრულებინა და პროექტი დაესრულებინა. აფორიაქებული ჩანდა, ვუთხარი, დედა, შეძლებ ამ ყველაფერს-მეთქი? ბიჭები იმუშავებენ, იქ სასტუმროა და მე ჩემს თავთან ვიმუშავებ, პერიოდულად დავხედავო. არადა, თურმე, არც ჰქონდა გადაწყვეტილი წასვლა იმ ობიექტზე. მისი თანამშრომლები ცალკე წავიდნენ და მოგვიანებით მათ ჩემი შვილიც უნდა შეერთებიდა...

იმ დილით გამოიძახა მძღოლი. წალკას რომ გასცდნენ, თურმე, მძღოლს უთხრა, - წინ იარეო, ნინოწმინდისკენ გადაახვევინა. მძღოლმა ჰკითხა, თურმე, თორნიკე, მგონი ჩვენ გავცდით იმ ობიექტს, მეც ზუსტად არ ვიცი გზა და მამაშენს დავურეკოთო. როგორ არ ვიცი, მიდი, მიდი, წინ იარეო. თუმცა მძღოლი არ მოეშვა და ფარავნის ტბასთან რომ მივიდნენ, თორნიკემ უთხრა, კარგი, მოაბრუნე მანქანა, მაგრამ ცოტა ხნით გამიჩერეო. მძღოლმა იფიქრა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდოდა და გაუჩერა. ამბობს, რომ გავხედე, ძუნძულით შევარდა ფარავნის მიმდებარედ ტყეში და უკან არ გამოვიდაო. რომ არ გამოჩნდა, დარეკა ჩვენთან და ძებნა დავიწყეთ. ჩვენც ვიარეთ იქ. არ არის ისეთი დაბურული ტყე, რომ ვერ გამოხვალ. აზიდული ხეებია, ხილვადობა საკმაოდ კარგია. მძღოლი ასაკით მასზე დიდია, თან გულის პრობლემები ჰქონდა, ჩემი მეუღლის დეიდაშვილია. გამოდევნების ძალა მას არ ჰქონდა...

მისი თანამშრომლებიც მალევე მოვიდნენ იმ ადგილას და დავიწყეთ ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მეც ვუთხარი, დაანებეთ თავი, მარტოობა უყვარს და გამოჩნდება-მეთქი. ზურგჩანთას აიკიდებდა ხოლმე და ასე დადიოდა ხან ტობავარჩხილზე, ხან აბუდელაურის ტბებზე და ასე შემდეგ. ძალიან მოძრავი ბიჭია. ვერც დავუშვი, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო. რომ გავიდა 24 საათი და არ გამოჩნდა, ამის მერე დავრეკე 112-ში - მაშინვე რატომ არ დაგვირეკეთო, მითხრეს. მე ასე ვიცოდი, რომ ზრდასრული ადამიანის ძებნას პოლიცია დაკარგვიდან 24 საათის გასვლის მერე იწყებს...

ჩვენ გამოვრიცხავდით თვითმკვლელობას. მეორე დღეს დაიწყო სამძებრო სამუშაოები, ჩაერთო პოლიცია, თბილისიდან მოიყვანეს სამაშველო სამსახური, გამოძიება დაიწყო. ჩვენც ავედით, ტყეში ვიპოვეთ მისი ტანსაცმელი - რაც ეცვა ტანზე იმ დღეს, ის ჰქონდა გახდილი... საყურადღებოა ის, რომ სანამ დაიკარგებოდა, ორი დღით ადრე, 2024 წლის 23 აპრილს, ჩვენს სახლთან მაღაზიის კამერებმა დააფიქსირა, რომ თორნიკე სახლიდან გამოვიდა ორი ჩანთით, ერთი ზურგჩანთა იყო და მეორეში კი ტექნიკა ჩააწყო, მისი სამუშაო ლეპტოპი, ახალი ტელეფონი ჰქონდა შეძენილი. ერთი სმარტფონი სახლში დარჩა და ის ჩავაბარე გამოძიებას, თუმცა ვერაფერი გაიგეს. ასევე, სახლში ვერ ვიპოვე ჩემი შვილის სათვალეები, ორი საათი და მისი პირადი ნივთები...

კამერებით ჩანს, რომ თამარაშვილის ქუჩაზე საცალფეხო ბილიკია სამანქანო გზას შორის და იმ საცალფეხო ბილიკში ჩადის და ბუჩქებში მალავს ამ ჩანთებს. მერე ეს ჩანთა სად წავიდა, არ ვიცით. თუ ჩემს შვილს აქვს ეს ჩანთები, ეს უკვე სიმშვიდის საფუძველს მოგვცემდა და ვიფიქრებდით, რომ გადაწყვიტა მარტო ცხოვრება და წავიდა. მაგრამ ამას ვერ ვადგენთ - ანუ ის ჩანთები მოიშორა თუ გამიზნულად გაიტანა, რომ მერე წაეღო, ეს დაუდგენელია.

- როცა იმ მძღოლთან ერთად იყო, ჩანთა არ ჰქონდა?

- არა, სიგარეტის კოლოფიც კი არ ჰქონდა. ტელეფონზე ვერ ვუკავშირდებოდი 24 აპრილს, მაშინ როცა ის ჯერ ისევ ჩვენთან იყო. ვკითხე, სად გაქვს ტელეფონი-მეთქი. დავკარგეო, - მითხრა. თორნიკე მიკროელექტრონიკის სპეციალისტია და ძალიან კარგად ერკვევა ტექნიკაში. ჩემმა ქალიშვილმა თვითონ google pixel-ს მისწერა (ამ მოდელის ტელეფონი ჰქონდა თორნიკეს), მოგვცეს რაღაც კოდები, პროგრამა, რითიც დავიწყეთ ძებნა. თუმცა თორნიკეს ტელეფონსა და ყურსასმენს გამორთული ჰქონდა საძიებო ფუნქცია. მოვიყვანეთ სპეციალისტი და სოციალურ ქსელში, ასევე მის მეილებში შევედით, დავათვალიერეთ მიმოწერები, იმის გასარკვევად, ვინმესთან ხომ არ ჰქონდა რაიმე საეჭვო კომუნიკაცია, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. ზოგადად, თორნიკე არ იყენებდა სოციალურ ქსელებს მიმოწერისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ხმარობდა "ვოთსაპს". თავისი ტელეფონი, სავარაუდოდ, მოიშორა...

დაიკითხა ყველა ადამიანი, ვისაც ჩემს შვილთან შეხება ჰქონდა, მაგრამ არაფერი საეჭვო არ აღმოჩნდა. არც ვალი ჰქონდა, არც მტერი ჰყავდა, არც კაზინოში თამაშობდა. თვითონ ის ტყე, სადაც დაიკარგა, ძირფესვიანად შევისწავლეთ. დიდი სამეგობრო ჰყავს და მოხალისეებიც ჩაერთნენ ძებნაში, სულ ფეხდაფეხ შემოიარეს იქაურობა.

საკმაოდ კარგი გამომძიებელი შეგვხვდა, ძალიან გულთან მიიტანა ჩვენი გასაჭირი, თუმცა რესურსი თვითონ გამოძიებას არ აქვს. სამხარაულის ექსპერტიზა ვერც სმარტფონს ხსნის, ვერც კითხულობს, ვერაფერს აკეთებს. ტყეში დატოვებულ ტანსაცმელზე სხვა პირის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ერთადერთი, რასშიც გამოძიებას ვადანაშაულებ - 30 მარტს ჩემი შვილი სადღაც ოფისში იყო, იქ ჰყავდა თავისი შვილიც. ჩვენ ოჯახური ჩატი გვქონდა და იქ დადო ბავშვის ფოტო მინაწერით, ლილიანაც მუშაობსო. ამ დრომდე ეს ვერ დაადგინა გამოძიებამ და არ ვიცით, ეს რა ოფისი იყო, რა საქმე ჰქონდა იმ ოფისში. წინა პერიოდი იყო გამოსაკვლევი. დაიწყო პირდაპირ სამაშველო სამუშაო და მისი ცხოვრების წინაპერიოდი არ გამოიძიეს - უამრავი კამერაა თბილისში და უნდა დადგენილიყო, სად დადიოდა (საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა), სად ჩერდებოდა, ვის ხვდებოდა, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია.

აქვე გეტყვით, სადაც დაიკარგა, იმ ადგილას მაძებარი ძაღლებიც მიიყვანეს. კინოლოგმა გვითხრა, ძალიან ჭკვიანი ძაღლიაო... მან რამდენჯერმე კვალი დაკარგა, მერე ტყიდან გავიდა, იქვე სოფელია და იმ სოფლის მოსაცდელის ჯიხურთან დაწვა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩემმა შვილმა იქაურობა ამ გზით დატოვა. თორნიკეს დანაზოგი თანხაც ჰქონდა იმ პერიოდში, ახალ მანქანას ეძებდა, სიახლე უნდოდა. აქციებზე რომ დადიოდა, ორჯერ დაჯარიმდა 2000 ლარით და ეს ადმინისტრაციული ჯარიმის თანხები კი გადაიხადა, მაგრამ ვიცოდი რომ ჰქონდა თანხა. ჩვენ 17-ში ერთად ვიყავით აქციაზე. 18-ში თვითონ წავიდა და დამიბარა, თუ დამიჭირეს, უჯრაში მიდევს თანხაო. თუმცა იქ ფული აღარ აღმოჩნდა.

სავარაუდოდ, ჩემმა შვილმა ყველა ნიუანსი გათვალა... რა თქმა უნდა, დედა ვარ და მიჩნდება შიში, ვაითუ, არ იყო ადეკვატური, ვაითუ სადღაც ჩაიჩეხა და არ მოხდა კარგად იმ ადგილის შესწავლა....ეს შიში ყოველდღიურად მაქვს. მე ჩემი შვილის გაუჩინარების შემდეგ იმ ადგილას არ ვყოფილვარ, მაგრამ თვითონ გამომძიებელი ჩამოდიოდა და მაჩვენებდა იმ ფოტო და ვიდეომასალებს, თუ როგორ მიმდინარეობდა სამაშველო პროცესები.

- ოფიციალურად ძებნა როდის შეწყდა?

- თუ არ ვცდები, ორი თვე ეძებეს...

- დღეს ითხოვთ, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს თქვენი შვილის საქმე?

- რა თქმა უნდა. ვითხოვ იმ სმარტსაათის გახსნას, ბოლო პერიოდში ხელზე რომ ეკეთა.

- საზღვარზე გადასული არ არის?

- აქვს პასპორტი. საკრედიტო ბარათები და თანხა, რაც ჰქონდა ჯიბეში, იმ დღეს ყველაფერი დაჭრა და დაწვა ფარავნის ტბასთან. დანაზოგს არ ვგულისხმობ - ჯიბის ფულად რაც ჰქონდა, ანუ ჯიბეში რაც ჰქონდა, წვრილი თანხა.

- დღეს რა ვერსია გაქვთ?

- ერთადერთი ვერსია მაქვს. აქციებზე მან მეგობარს უთხრა, ჩვენიანი სასულიერო პირი გავიცანიო. მე ვთვლი, რომ ალბათ თანამედროვე გაგების ადამიანი იგულისხმა. ძალიან მაგარი ადამიანია წალკაშიო - ამბობდა. წალკაში მოქმედი სასულიერო პირია მამა პაისი - ზუსტად იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ჩემი შვილი დაიკარგა. მამა პაისი, რა თქმა უნდა, გამოიკითხა. თქვა, რომ არაფერი იცის. რამდენჯერმე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაცმული ადამიანებიც შევიდნენ ვითომ სათევზაოდ იყვნენ. გამოვიდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და უთხრა, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. იქაურობის დათვალიერების საშუალება არ მოგვცეს. ვამბობდი, იქ წავალ, დავწვები და ვიყვირებ -მეთქი, მაგრამ სასულიერო პირმა დაიჩოქა და თქვა, ჩემთან არ არის თქვენი შვილიო. სხვა ვერაფერს ვშვრებით.

- მაინც განიხილავთ ვერსიას, რომ სადმე ტაძარში შეიძლება იყოს?

- დიახ, იმიტომ, რომ ის ტანსაცმელი რომ გაიხადა და დატოვა, შეიძლება საეკლესიო კაბა ჩაიცვა. ტანსაცმელი ვიპოვეთ, ქამარი და ბოტასი ვერა. მეორე ვერსია არის ის, რომ გადავიდა სომხეთის ტერიტორიაზე, უკანონოდ დატოვა საზღვარი, ჩემი აზრით, იქ სადღაც მუშაობს. კომპიუტერის კარგი სპეციალისტია და ენებიც იცის.

- როგორ გაიარა ამ ორმა წელმა თქვენთვის?!

- ძალიან მძიმედ. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ვარ, ექიმი გახლავართ და რამდენიმე დაწესებულებაში ვმუშაობ, ყოველდღე თავს ვიწესრიგებ, შვილთანაც დავდივარ ამერიკაში, შვილიშვილზე ვზრუნავ, მოხუც დედაზე ვზრუნავ, რომელმაც არ იცის ჩემი შვილის დაკარგვის ამბავი. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვეცემი, მაინც მყარად ვდგავარ ფეხზე და ვაგრძელებ ცხოვრებას იმის მოლოდინში, რომ ჩემს შვილს ვიპოვი.

- რას ეტყოდით სამართალდამცავებს, საზოგადოებას, ხომ არ გჭირდებათ ვინმეს დახმარება?

- ეს საქმე რეზონანსული იყო. გური დადიანიძის ამბავიც თავიდანვე ვიცოდი. საქართველოში ვინც კი არის ჩემნაირ მდგომარეობაში, ყველა ვეკონტაქტებით ერთმანეთს, აზრებს ერთმანეთს ვუზიარებთ. დადიანიძის დედა რომ ამბობდა, გური მეწყერშია მოყოლილიო, მეც რატომღაც ასე მეგონა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და ბევრი კითხვა გაჩნდა...

ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით რაღაცა სხვა რეფორმები უნდა ჩაატაროს, რომ ამდენი კითხვა არ ჰქონდეთ ოჯახებს. არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხებში, მაგრამ... აპარატურა არ აქვთ, ახლა, მაგალითად, ჩემი შვილის სმარტფონი რომ შეისწავლონ?

კიდევ ერთი ვერსიაა, რომ შეიძლება იყოს რომელიმე ტაძარში. პირადად მქონდა გასაუბრება ეკლესიაში თავშეფარებულ ადამიანებთან. ზოგიერთი მეუბნება, როგორ მალავდნენ მღვდელმსახურები - რომ ჰკითხო, შეიძლება არ თქვანო. კვლავ დავდივარ, ზარზმაშიც ვიყავი, ყველგან ვეძებთ, მაგრამ არ გაჭაჭანებენ ახლოს მონასტრებში მისულს. რომ მიდიხარ, ფოტოს აჩვენებ და ეუბნები შენ სიტუაციას, არც ფოტოს უყურებენ გულდასმით, გეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, შვილები ტოვებენ ოჯახს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, თქვენ ილოცეთ და ის აუცილებლად დაბრუნდება.

ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც, უშუალოდ დავუკავშირდით შორენა თეთრუაშვილს, მან დაიბარა წალკის ტაძრის მსახურები და ისინი უარყოფენ, ჩვენთან არ არისო. მაგრამ ეს ხდება პირადად ჩვენი ინიციატივით, ოფიციალური უწყებების მიმართვა იქ არ ყოფილა. ჩვენი ნაცნობების წრეში ვკითხულობთ. ვეძებ ყველგან, თუ სადმე ვარ, აეროპორტში, ვყვები რომ შვილი მყავს დაკარგული, იქნებ ვინმემ თვალი მოკრას, იქნებ ვინმესთან ცხოვრობდეს უჩუმრად. ყველგან ვეძებ ჩემს შვილს. უკონფლიქტო ადამიანია, არ არსებობდა მას ეჩხუბა ან ვიღაცას რამე არ მოწონებოდა და ამის გამო რამე მომხდარიყო. ასეთ ადამიანს შეუძლია იყოს თავისთვის ჩუმად და იმუშაოს და თავისი საარსებო შეიქმნას. შეიძლება სადმე ზის და მუშაობს.

- რა ეტყოდით თქვენს შვილს?

- ვეტყოდი, რომ არაფერი არ არის ცხოვრებაში საშიში, ყველაფერი კარგად არის. ჩვენ მისი ოჯახი მყარად ვდგავართ ფეხზე. არაფერი არ გაუჭირდება, არც მის შვილს, არც თვითონ თორნიკეს, არც მის ოჯახის წევრებს, ძლიერები ვართ. დაბრუნდეს სახლში. ცხოვრება მშვენიერია და გააგრძელოს ცხოვრება ისე, როგორც უნდა რომ იცხოვროს. მეგობრები ელოდებიან...

ან თუნდაც თქვას, რომ ცოცხალია და მე ამითაც მშვიდად ვიქნები. ოღონდ დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი და ვიცოდეთ, რომ სადღაც არის. დილით და საღამოს ვლოცულობ. იმედს არ ვკარგავ, რომ შვილს ვიპოვი.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)