მაკრონის ულტიმატუმი ზელენკის - ევროკრედიტით უკრაინამ მხოლოდ ევროპული იარაღი უნდა იყიდოს - კვირის პალიტრა

მაკრონის ულტიმატუმი ზელენკის - ევროკრედიტით უკრაინამ მხოლოდ ევროპული იარაღი უნდა იყიდოს

ის, რომ უკრაინამ ომის მეხუთე წელსაც შესძლო აგრესორი რუსეთის შეკავება, დიდწილად ევროპის დამსახურებაა, როდესაც ევროკავშირმა დიდი ორჭოფობისა და წვალების შემდეგ კიევს 90 მლრდ ევროს კრედიტი გამოუყო, რაც უკრაინის დამცველებისთვის ნამდვილ გადარჩენად იქცა იმის ფონზე, რომ თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ტრამპმა ყოველგვარი უფასო სამხედრო დახმარება შეუწყვიტა უკრაინას და მხოლოდ მსოფლიო ბაზრის ფასებითაა თანახმა კიევისთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვაზე და ისიც არა ყოველთვის და არა ყველაფრის...

უკრაინის მხარდაჭერის სესხის 2026-2027 წლების პროგრამის დამტკიცებული პირობების თანახმად, თავდაცვის პროდუქციის ღირებულების 60 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო წილის არაუმეტეს 35%-ისა შეიძლება დაიხარჯოს ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ. თუმცა, კიევს უფლება აქვს მოითხოვოს გამონაკლისები, თუ ევროპული ეკვივალენტები არ არის ხელმისაწვდომი ან მათი წარმოება ძალიან შრომატევადი და ძვირია.

ევროკომისია უკვე შეთანხმდა უკრაინასთან ორ ასეთ გამონაკლისზე: ჩინური დრონების კომპონენტებისთვის და Patriot სისტემებისთვის ამერიკული გამანადგურებელი რაკეტებისთვის

და ამ პროცესში აქტიურად ერთვება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ძალზე კატეგორიულია-უკრაინისთვის დაშვებული გამონაკლისი ევროკრედიტით ჩინური დრონებისა და ამერიკული შეიარაღების შესასყიდად, დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს!

საფრანგეთის პრეზიდენტს გააჩნია საკუთარი დასაბუთებული ინტერესები, რაც თანხვედრაშია იარაღის ევროპელ და პირველ რიგში კი ფრანგ მწარმოებელ ფირმებთან, რომლებსაც თავად სურთ მიიღონ დიდი ფინანსური მოგება, ევროკრედიტით უკრაინისთვის შეკვეთილი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დიდსერიული წარმოებით და მათ ვერავინ გაამტყუნებს...

იარაღის მსოფლიო ბაზარზე ისედაც იმხელა კონკურენციაა, რომ დედა შვილს არ აიყვანს და იმ ევროპულ საირაღო კონსორციუმებს, რომლებიც ბოლო სამი ათეული წელი ფაქტობრივად რეგრესში იმყოფებოდნენ(იმიტომ, რომ ნატოს წევრ „ბებერი ევროპის“ ქვეყნებს თავი გამარჯვებული ეგონათ პირველ „ცივ ომში“, აღმოსავლეთიდან საფრთხეს აღარ ელოდენ და საკუთარი არმიებს გერებივით ექცეოდნენ-მათზე ყველაფერს ზოგავდნენ), სწორედ ახლა, რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი და წლებში გახანგძლივებული ომის დროს მიეცათ „ამოღების“ საშუალება, მაღალბიუჯეტიანი სამხედრო კონტრაქტების მოპოვების სახით.

იგივე საფრანგეთი, იტალიასთან ერთად აწარმოებს შორი მოქმედების SAMP/T ტიპის „მამბად“ წოდებულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, რომელსაც რეკლამა უკეთდება ამერიკული „პეტრიოტის“ ანალოგის სახით, თუმცა უკრაინის ფრონტზე ფრანგულ-იტალიურმა „მამბებმა“ რუსულ კვაზიბალისტიკურ „ისკანდერების“ მოგერიებაში ისე ვერ გამოიჩინეს თავი, როგორც ამერიკული „პეტრიოტის“ ანტირაკეტებმა“,შესაბამისად კიევი სწორედ „პეტრიოტის“ ანტირაკეტების ყიდვითაა დაინტერესებული და არა ევროპული „მამბებით“.

იგივე ხდება დრონების დეტალებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ჩინეთში ბევრად უფრო იაფი ღირს, ვიდრე ევროპაში, ხოლო ამ დეტალებით სხვადსხვა დანიშნულების დრონების დიდმასიური წარმოება თავად უკრაინაშივეა შესაძლებელი.

ყველა ომი ფინანსებს უკავშირდება - თუკი ოფიცრები ომებში სწრაფ სამხედრო კარიერას იკეთებენ, მეიარაღეები დიდ ფულს შოულობენ...

P.S. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კიევს საჩუქრად ჩაუტანა Storm Shadow/SCALP-EG ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოების საიდუმლო ნახაზები და დოკუმენტები, რაც შედარებით თანამედროვე ევროპული სამხედრო ტექნოლოგიის გადაცემის ტოლფასია.

ამ ტიპის ევროპულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინა დიდი ხანია მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთის სიღრმეში და თუკი კიევი მართლაც შესძლებს ამ ნაჩუქარი ნახაზებით ფრთოსანი რაკეტების წარმოების აწყობას, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა უკრაინის შეტევით პოტენციალს. თუმცა ძალიან საეჭვოა ეს არათუ სწრაფად მოხდეს, არამედ საერთოდ შესაძლებელი გახდეს მარტო უკრაინული ძალებით ასეთი რთული სარაკეტო სისტემის წარმოების დაწყებაც...

უფრო სავარაუდოა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავისი ამ ფრთოსანი რაკეტის ნახაზების ჩუქებით კიევისთვის, ერთგვარი „წაბიძგება“ სცადეს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისთვის, როდესაც ტრამპი ჯერ შეპირდა ზელენსკის „პეტრიოტის“ ანტირაკეტების უკრაინაში წარმოების ლიცენზიის გადაცემას, ხოლო ცოტა ხანში კატეგორიული უარი განაცხადა მოგონილი საბაბით - უკრაინელებს რომ გადავცეთ „პეტრიოტის“ ნახაზები, ის ირანელებს ჩაუვარდებათ ხელში და ისევ ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენებენო...