ელ-ნინიო ძლიერდება: 2027 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნება?!
წყნარ ოკეანეში განსაკუთრებით ძლიერი ელ-ნინიოს ფენომენი ყალიბდება, რომელსაც ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახური უპრეცედენტოს უწოდებს. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ზოგიერთ რაიონში ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ შესაძლოა ნორმას 3 გრადუსით ან მეტით გადააჭარბოს. ამის შესახებ kontroll.hu წერს.
მეტეოროლოგიური სამსახურის გრძელვადიანი პროგნოზირების ხელმძღვანელმა, ადამ სკაიფმა, ფენომენს უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ მას ელ-ნინიოს ასეთი ძლიერი სიგნალი არასდროს უნახავს.
ამჟამინდელი ელ-ნინიო შესაძლოა მე-19 საუკუნის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყოს
სტატიაში აღნიშნულია, რომ ასეთი მდგომარეობა 1950 წლის შემდეგ არასდროს დაფიქსირებულა და ამჟამინდელი ელ-ნინიო შესაძლოა მე-19 საუკუნის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყოს.
„ელ-ნინიომ შესაძლოა, იმაზე სერიოზული შედეგები მოიტანოს მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია: ავსტრალიაში შესაძლოა გაიზარდოს გვალვებისა და ხანძრების რისკი, ხოლო პერუში, ეკვადორსა და სამხრეთ შეერთებულ შტატებში - წყალდიდობის რისკი. თუმცა, ელ-ნინიოს გავლენა ეპიზოდიდან ეპიზოდამდე იცვლება, ამიტომ შეუძლებელია თითოეული რეგიონისთვის ზემოქმედების ზუსტად პროგნოზირება“ - წერია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ელ-ნინიოს გავლენა ამინდზე შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში გაძლიერდება და გლობალურმა დათბობამ შესაძლოა, მომდევნო თვეებში კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბოს.