რამდენი მილიარდი რუბლი ინახება საქართველოს ბანკებში?!
საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში 3 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 98.605 მილიონ ლარს შეადგენდა. (დღევანდელი კურსით 3.1 მლრდ რუბლი). ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და ასევე მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ბანკებში რუსული რუბლით განთავსებული დეპოზიტების ზრდა 2022 წლის ივლისიდან დაიწყო, მაშინ ერთ თვეში რუბლის ანაბრებმა 177%-ით მოიმატა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თუ 2022 წლის ივნისში ქართულ ბანკებში სულ განთავსებული იყო 17.908 მლნ ლარის მოცულობის რუბლის დეპოზიტი, უკვე ივლისში ეს თანხა 49.591 მლნ ლარამდე გაიზარდა.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, შემდეგ თვეებში რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შემცირების ტრენდს აჩვენებდა, თუმცა 2023 წლის ივლისიდან ისევ ზრდა დაიწყო. ყველაზე მაღალ მაჩვენებელს კი 2025 წლის მარტში მიაღწია, იმ პერიოდში ქართულ ბანკებში 121.021 მლნ ლარის რუბლის დეპოზიტები ინახებოდა.
მომდევნო თვეების განმავლობაში რუბლის დეპოზიტების მოცულობა ისევ შემცირდა, შემცა 2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით თითქმის 33%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 48%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ივლისში ქართულ ბანკებში სულ განთავსებული იყო 66.452 მლნ ლარის მოცულობის რუბლის დეპოზიტები, 2026 ლის ივნისში - 74.201 მლნ ლარის მოცულობის და უკვე გასულ თვეს 98.605 მლნ ლარის მოცულობის.
მართალია, რუბლში განთავსებული დეპოზიტები მთლიანი ანაბრების 0.13%-ს შეადგენს, თუმცა როგორც მონაცემებიდან ჩანს, ის მზარდია.