ნატო-ს დილემა: აქეთ პუტინი, იქით კიმ ჩენ ინი, შუაში კი აიათოლა - არის თუ არა ალიანსი მზად დიდი ომისთვის?! - კვირის პალიტრა

ნატო-ს დილემა: აქეთ პუტინი, იქით კიმ ჩენ ინი, შუაში კი აიათოლა - არის თუ არა ალიანსი მზად დიდი ომისთვის?!

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამანადგურებელ თვითმფრინავებსა და საზენიტო რაკეტებს ბოლო დროს ხშირად უწევთ ნატოს აღმოსავლეთ საზღვარგადალახული უცნობი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოყრა, რომელთა დიდი ნაწილი შემდეგ რუსული "გერანები" აღმოჩნდება, ნაწილიც - უკრაინული "ლიუტები".

უკრაინის დასავ­ლეთ ნაწილზე შეტევისას რუსულმა "გერანებმა" ნატოს წევრი მეზობელი რუმინეთისა და პოლონეთის ცაშიც შეჭრას მოუხშირეს, ხოლო უკრაინული დრონები კი ბელარუსის, ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის საზღვრების გასწვრივ ფრენით ცდილობენ რუსეთის ლენინგრადის ოლქზე შეტევას, როდესაც ზოგჯერ ნატოს წევრი ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეებშიც აღმოჩნდებიან. ეს ყველაფერი კი ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აიძულებს მზად იყოს ადეკვატური რეაგირებისთვის - თუკი აქამდე ალიანსის ხელმძღვანელობა ერიდებოდა საჰაერო სივრცის დამრღვევი უცნობი დრონების ჩამოყრას, ახლა ეს შეზღუდვა მოხსნილია, რაც უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, სურს მას თუ არა, უკვე უშუალოდ ებმება რუსეთ-უკრაინის ომში. და ნატოს უფრო დიდ შეიარაღებულ დაპირისპირებაში აღმოჩენა წარმოუდგენელიც აღარ იქნება, თუკი რუსეთი მართლაც გაბედავს და უკრაინასთან ომის პარალელურად, ჰიბრიდული ომის რაიმე ელემენტით შეეცდება ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე პატარა ქვეყნისთვის, მაგალითად, ესტონეთისთვის ან ლატვიისთვის, ისეთ "ჭკუის სწვლებას", როგორც თავის დროზე საქართველოში გააკეთა. საქართველო არ იყო ნატოს წევ­რი და გასაგებია, რომ ჩვენთვის თავი არავინ გამოიდო, მაგრამ ეყოფა კი გამბედაობა ნატოს, დაიცვას თავისი წევრი ესტონეთი თუ ლატვია? თუ ეყოფა, ეს ნატო-რუსეთის რეალურ შეიარაღებულ დაპირისპი­რებაში გადაზრდის ტოლფასი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აღარც მალავს: "მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მეთოდებს ყველაფრის განადგურების მიზნით, რაც კიევის საომარ მანქანას დასავლეთიდან კვებავს და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ". თუმცა ნატოს დიდ ომში ჩათრევის საფრთხე მარტო რუსეთიდან როდი მომდინარეობს - ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას სერიოზულად განიხილავს, თუკი ტრამპი განაახლებს ირანის ობიექტების დაბომბვას", - აცხადებენ თეირანში და აიათოლების რეჟიმი ამის შემსრულებელია, რადგან მის არსენალში არსებული ირანული საშუალო სიშორის მოქმედების რაკეტები ევროპის დიდ ნაწილს ფარავს.

დასავლეთში რუსეთს, ირანსა და ჩრდი­ლოეთ კორეას "ბოროტების ღერძად" მოიხსენიებენ და მიაჩნიათ, რომ სწორედ მათგან მოდის ყველაზე დიდი საფრთხე ცივილიზებული მსოფლიოსთვის. თუმცა ბოლო წლებში ბევრი რამ კარდინალურად იცვლება და მათ შორის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ. ტრამპმა ყველაფერი "აურ-დაურია", რის შემდეგაც ნატოს ევროპელ წევრ ქვეყნებს აღარ უნდა ჰქონდეთ დიდი იმედი, რომ ტრამპის ამერიკა ევროპას ფარად დაუდგება რუსეთთან თუ ირანთან დაპირისპირების შემთხვევაში, ხოლო "ბოროტების ღერძის" მესამე წევრის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ტრამპი საერთოდ დითირამბებს უძღვნის და მეგობრობას ეფიცება, რითაც ძალზე ანერვიულებს იმ სამხრეთ კორეას, რომელიც აზიის რეგიონში ისტორიულად აშშ-ის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორი გახლდათ, იაპონიასთან ერთად. საკვირველი ის არის, როდესაც ირანზე ისრაელთან ერთად აშშ-ის თავდასხმას ტრამპი იმით ამართლებს, რომ თეირანს ბირთვუ­ლი იარა­ღის შექმნაში ხელი შეუშალა, კიმ ჩენ ინთან "ჩახუტებისას" რატომღაც არ ებადება კითხვა, საიდან გაუჩნდა ჩრდილოეთ კორეას არა მარტო ბირთვული ქობინები, ის საკონტინენტთაშორისო ბალისტისკური რაკეტებიც, რომლებსაც ამ ბირთვული ქობინების მიტანა აშშ-ის ქალაქებამდეც კი შეუძლია? სინამდვილეში, ამჟამად ბირთვული სარაკეტო შეტევის შესაძლებლობა აშშ-ზე ჩრდილოეთ კორეას უფრო აქვს, ვიდრე იმ ირანს, რომლის ბალისტიკური რაკეტები 4 ათას კმ-ზე შორს ვერ მიფრინავს, ევროპამდე აღწევენ, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტამდე - ვერანაირად. მიუხედავად ამისა, ტრამპი აიათოლების რეჟიმს ბომბავს, კიმების რეჟიმს კი "ეხუტება".

ასეთი არაორდინარული და ხშირად გაუთვლელი მოქმედებებით აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ნატოელი მოკავშირეები დიდ გაურკვევლობაში ჩააგდო და ევროპელი ლიდერები მალულად იმაზეც ოცნებობენ, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ტრამპის პრეზიდენტობის ვადა, თუმცა დარჩენილ 3,5 წელში ტრამპს კიდევ ბევრი "სიურპრიზის" შეთავაზება შეუძლია როგორც ნატოელი პარტნიორებისთვის, ისე მსოფლიოსთვის.

ტრამპის ასეთ ქმედებას ერთი დიდი დადებითი შედეგი მაინც მოაქვს იმ "გაქსუებული" ევროპისთვის, რომელიც პირველი "ცივი ომიდან" მოყოლებული მთლიანად ამერიკელების დაცვის იმედზე იყო და მინიმუმს ხარჯავდა საკუთარი არმიების ბრძოლისუნარიანობის არათუ გასაძლიერებლად, არამედ ერთ დონეზე შესანარჩუნებლად მაინც. ნატოს ევროპელი წევრი ქვეყნების უმეტესობა ამას არასოდეს აღიარებს, მაგრამ ფაქტია, მათ არმიებს არც შეიარაღე­ბა, არც საბრძოლო სულისკვეთება არ ეყოფათ რუსეთთან ისეთი დიდი ომის გასამართად, რასაც მეხუთე წელია უკრაინა უძლებს.

ევროპიდან მხოლოდ პოლონეთს თუ შესწევს იმის ძალა და სულისკვეთება, აღმოსავლეთიდან მომდინარე რუსულ აგრესიას მედგრად დაუდგეს, ფინელებიც უკან არ დაიხევენ შვედებთან ერთად, რუმინელებიც რაღაცას შეეცდებიან ბალტიისპირელებივით, მაგრამ გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არმიების საბრძოლო შესაძლებლობები უშუალო სახმელეთო შეტაკებების დროს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს.

წაიკითხე ვრცლად