„მფრინავი ტერმინატორები“ - ხელოვნური ინტელექტი უკრაინის ომში - კვირის პალიტრა

„მფრინავი ტერმინატორები“ - ხელოვნური ინტელექტი უკრაინის ომში

რამდენიმე დღის წინ მორიგმა რუსულმა კამიკაძე-დრონმა მორიგი მანქანა ააფეთქა უკრაინის ზაპორჟიეს ოლქის გზაზე და სამი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა...

ესეც ამ საშინელი ომის მორიგ პატარა ტრაგედიად დარჩებოდა და ომის მსხვერპლთა სტატისტიკაში ერთ სტრიქონად ჩაიწერებოდა, რომ არა...

უკრაინელმა სპეციალისტებმა აფეთქებული რუსული კამიკაძე-დრონის „მოლნიას“ ფრაგმენტებში ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი ანტენა, რომლის გარეშეც ეს დრონი ვერანაირად ვერ დაამყარებდა უკუ ციფრულ კავშირს შორს მყოფ ოპერატორთან, რომელსაც ასე ზუსტად უნდა მიემართა დრონი უდანაშაულო მსხვერპლთა მანქანაზე...

სამაგიეროდ, დრონის ფრაგმენტებში ნაპოვნი იქნა ვიდეოკამერა და ასევე ცნობილი ამერიკული კომპანია Nvidia-ს წარმოებული მინიკომპიუტერი Jetson Orin-ი, მისი გაშიფვრის შემდეგ კი, სპეციალისტებმა ნახეს, რომ ამ მინიკომპიუტერში თავიდანვე იყო ჩატვირთული იმ რაიონის ციფრული გამოსახულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენისას რუსული „მოლნიას“ ვიდოკამერაში მოხვედრილ გამოსახულებას ეს მინიკომპიუტერი ადარებდა მის მეხსიერებაში წინასწარ ჩატვირთულ ციფრულ ინფორმაციას და ასე მართავდა დრონს, ოპერატორის დახმარების გარეშე...

ეს გასაგებია, დაახლოებით, ასეთი სისტემა -გამოსახულებების შედარებისა, ჯერ კიდევ პირველ ამერიკულ „ტომაჰავკის“ ფრთოსან რაკეტებს ეყენათ 40 წლის წინ, რომლებიც რელიეფის მიყოლებით დაბალ სიმაღლეზე ფრენისა და უძრავი, სტატიკური სამიზნეების დიდი სიზუსტით დაზიანების საშუალებას იძლეოდნენ, მაგრამ როგორ მოხვდა ეს რუსული დრონი მოძრავ მანქანას, ოპერატორის დახმარების გარეშე?

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის მესამე-მეოთხე წელს ორივე მოწინააღმდეგე მხარემ აქტიურად დაიწყო რადიოელექტრონული ჩახშობის ძლიერი სისტემების გამოყენება, თანამგზავრული ნავიგაციის სისტემა, ამერიკული „ჯი-პი-ესი“ თუ რუსული „გლონასი“ არასაიმედო გახდა, თვით ილონ მასკის „სტარლინკსაც“ კი საფრთხე დაემუქრა, რამაც დრონების საბრძოლო გამომყენებლებს გამოსავლის ძებნა აიძულა...

და ერთ-ერთ ასეთ გამოსავალად იქცა ე.წ. მანქანური ხედვა ანუ ის სიტუაცია, როდესაც დრონის ვიდოკამერით დანახულ სამიზნეს ოპერატორი დისტანციურად მონიშნავს და უფლებას აძლევს შესატევად, რის შემდეგაც „ძალაუფლებას“ ხელში იღებს ამ დრონის მინიკომპიუტერში ჩატვირთული ხელოვნური ინტელექტის „მანქანური ხედვის“ პროგრამა და თავად მართავს კამიკაძე-დრონს მიზანში მოხვედრამდე, ისე, რომ არ ეშინია რადიოლექტრონული ჩახშობის არანაირი სისტემის, რადგან ოპერატორთან რადიოკავშირის გაწყვეტა უკვე აღარაფერს ცვლის...

მაგრამ ზაპოროჟიეში აფეთქებულ რუსულ „მოლნიას“ არც ერთი ანტენა არ ეყენა, შესაბამისად, ის არ იმართებოდა ოპერატორისგან, აფრენის მომენტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრონმა მოძრავ მანქანაზე შეტევაც თავად „აირჩია“... სწორედ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ანუ ეს საბრძოლო სისტემა თავიდან ბოლომდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობდა და ხელოვნურმა ინტელექტმა მასში წინასწარ ჩატვირთული სამიზნეების ციფრულ გამოსახულებებში თავად ამოირჩია ეს მანქანა, რომელიც ასევე შეიძლება ყოფილიყო ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა თუ ჰაუბიცა...

ანუ ეს არის სრული საბრძოლო „ტერმინატორი“, სწორედ ის, არნოლდ შვარცნეგერის „ტერმინტორ-800“-ი, რომლის ყურებისას ჯერ კიდევ ოთხი ათეული წლის წინ, შორეულ და შეიძლება აუსრულებელ ფანტასტიკადაც ვთვლიდით...

ხელოვნური ინტელექტის პროგრამით ჩატვირთულ სამხედრო ტექნიკას დღეს უკვე შეუძლია სრულიად ავტომატურ რეჟიმში აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ რა უდიდეს საფრთხეს უქადის ეს კაცობრიობას?

ზაპოროჟიეს ოლქში ხელოვნური ინტელექტი შეცდა, როდესაც კამიკაძე-დრონი სამოქალაქო მანქანისკენ მიმართა, მაგრამ რა მოხდება, თუკი ხელოვნურინტელექტიანი საბრძოლო დრონების მასობრივი გამოყენება დაიწყება არა მარტო რუსეთ-უკრაინის ომში ან არა მარტო ომებშიც?