“როგორც ჩანს, ჩანჩქერშია გადავარდნილი. სავარაუდოდ ფეხი დაუცურდა და ქვაზეა დაცემული,“ - დაიღუპა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი: რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

“როგორც ჩანს, ჩანჩქერშია გადავარდნილი. სავარაუდოდ ფეხი დაუცურდა და ქვაზეა დაცემული,“ - დაიღუპა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი: რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

აუბედური შემთხვევა დატრიალდა რაჭაში. 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ჯონი სიხარულიძე, რომელიც რაჭაში სტუმრად იყო ჩასული, სავარაუდოდ ჩანჩქერთან დაშავდა და დიდი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, ბიჭს ფეხი დაუცურდა და ალბათ დაეცა. “ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, გორესუბანში ყოფილა სტუმრად. 25 წლის არის, რუსთავიდან. პოლიციაც ჩართული იყო სამძებრო საქმეში და სამწუხაროდ დღეს გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ჩანს, ჩანჩქერშია გადავარდნილი. სავარაუდოდ ფეხი დაუცურდა და ქვაზეა დაცემული, ეტყობა თავი დაარტყა. შემდეგ გარდაცვლილია. გარდაცვლილი იპოვეს წყალში. მარტო არ ყოფილა, მაგრამ ზემოთ ასულა სათავეს ვნახავო და რომ დააგვიანდა ჩამოსვლა, ავიდნენ სხვებიც, ეძებეს და ვერსად ნახეს. მერე ატყდა განგაში და საუბედუროდ გარდაცვლილი ნახეს. როგორც ჩანს ფეხი აუცდა და მერე გადავარდა”:,- ამბობს ადგილობრივი.

“გუშინდელს მერე ეძებდნენ ამ ბიჭს, სტუმრად იყო დვალების სახლში ჩამოსული. გარდაცვლილის ვინაობა არ ვიცი. თვითონ დვალები, ვისთანაც სტუმრად იყო რუსთავში ცხოვრობენ და ზაფხულში ჩამოდიან ხოლმე სოფელში. არ ვიცი როგორ დატრიალდა ეს ტრაგედია. დღეს დილით ნახეს გარდაცვლილი. არ არის ისეთი საშიში ადგილი რომ ეს მომხდარიყო. ასეთი რამ არ მახსენდება.

“ეს ადგილი სადაც ეს ჩანჩქერია საშიშია არ არის, მისასვლელი ნორმალურია. ბევრი ტურისტი მიდის, არ ვიცი რა შეიძლება მომხდარიყო. ცივი წყალია უბრალოდ. დიდი ტრაგედიაა, მეც დღეს შევიტყვე და დაზუსტებით არაფერი ვიცი, ვუსამძიმრებ ოჯახს”. - ამბობს ადგილობრივი

“ძალიან გაგვანადგურა ამ ამბავმა. ჯონი სიხარულიძეა გარდაცვლილი. 25 წლის რუსთავიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდები ერთად იყვნენ წასულები რაჭაში. კარგი მეგობრები. ჩემი შვილის მეგობარია ჯონი, ბევრნი იყვნენ ერთად მანქანით მეგობრები დასასვენებლად წასულები და ეს საშინელება დატრიალდა. როგორც შევიტყვე, სანამ სხვებმა რაღაცეები ჩაალაგეს მანქანაში, ამასობაში ჯონი წინ წასულა, ასვლა დაუწყია მარტო. როცა ესენი ავიდნენ, იქ ვერ იპოვეს და დაუწყიათ ძებნა. სამაშველოც გამოიძახეს, ყველგან ეძებდნენ და დღეს დილით ჩანჩქერში უპოვიათ. მისი სამეგობრო განადგურებულია, ვინც მას ახლდა იქ, ყველა სტუმარი იყო, რუსთავიდან ერთად წავიდნენ მეგობრები. არ ვიცი რა ვთქვა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდები მათ. გული მისკდება რომ ვიაზრებ ჯონი აღარ არის. ალბათ ეს საშინელი ბედისწერა იყო. არ ვიცი რატომ გამოეყო მათ. რომ ჩამოვლენ იქიდან მეტ დეტალს მერე გავიგებთ. შვილივით მყავდა და ძალიან მიყვარს. დასაოჯახებელი იყო, ყველაფერი წინ ჰქონდა. სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილის ტექნიკად მუშაოდა. მისი დედა ემიგრანტია, იტალიაშია და ეს საშინელება მოხდა. სიცოცხლით სავსე, საოცარი იუმორით დაჯილდოვებული, საოცრად კარგი მეგობარი იყო. არის ვარაუდი, რომ ალბათ ფეხი დაუცდა. მასთან ერთად მყოფებმა არც ის იციან რა ადგილამდე მივიდა და საიდან ჩავარდა. ის წინ მიდიოდა და დაეკარგა ამ ჯგუფს და ეს უბედურებაა მომხდარი. ეს რა საშინელი და ტრაგიკული ზაფხული იყო მისთვის და მისი მეგობრებისთვის, ვუსამძიმრებ ყველა მათგანს”, - ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ახლობელი.

ემოციური კომენტარი დაწერა სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრის დედამ:

’”ვაიმე ჩემო საყვარელო ბიჭო. რატომ გაამწარე შენი მეგობრები. ეს მხიარული ზაფხული როგორ ჩაგვიმწარდა ყველას. რა უნდა ვუთხრათ შენს დედას, დას, ბებოს... რა მეშველება აწი, რომ არ შემოაღებ ჩემი კარებს”

კვირის პალიტრა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯონი სიხარულიძის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

(სპეციალურად საიტისთვის)