“მოერიდეთ რუსთაველზე სიარულს - დიდი ალბათობით ეს არის მაღალკანცეროგენული მილები - ჰაერით ხვდება ნაწილაკები სასუნთქ გზებში და ფილტვის კიბოს აჩენს” - რას წერს სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესში, მიწის ქვედა ფენებში აზბესტის შემცველი მასალების შესაძლო არსებობის შესახებ.
უწყების ცნობით, იგი მოუწოდებს მერიას, დაადგინონ სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად.
„ბიზნესპრესნიუსი“ სახალხო დამცველის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას მოიცავს, მიწის ქვედა ფენებში შესაძლოა აღმოჩნდა აზბესტის შემცველი ძველი მასალები. იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში თბილისის წყალარინების სისტემაში მილსადენები სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის, აზბესტისგან იყო დამზადებული, სრულიად დასაშვებია იმის ალბათობა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსელის განახლებისას აზბესტცემენტის მილები იქნას აღმოჩენილი.
საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის, მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან. რისკი მკვეთრად იზრდება მექანიკური ზემოქმედებისას, ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს. ზუსტად ამიტომ, აზბესტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი დეტალურად მიუთითებს 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში „აზბესტის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით ეროვნული შესაბამისობის ზოგადი მიმოხილვა: შრომითი უსაფრთხოება, უფლება ჯანსაღ გარემოზე და ჯანმრთელობის დაცვა“, რომელშიც გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა, მათ შორის ის, რომ საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები, არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას და სხვა.