"დაურ ბუავა ბევრ მუქარას იღებდა მისი პოზიციების გამო" - რას წერს თამთა მიქელაძე აფხაზი ბლოგერის შესახებ?
"დაურ ბუავა, მისი პოზიციების გამო, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს - არსებითია, რომ გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ნიუანსურად შეისწავლოს გარდაცვალების მიზეზი", - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე წერს, რითაც აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალებას ეხმაურება.
თამთა მიქელაძე, მომხდარის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„დღეს გავიგეთ, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ძალიან მძიმე ამბავია და ძალიან ვწუხვარ. დაურს ვიცნობდი და ახალი ცხოვრების დაწყების დიდი სურვილი და ენერგია ჰქონდა.
არსებითია, რომ გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ნიუანსურად შეისწავლოს გარდაცვალების მიზეზი. როგორც ვიცი, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს.
ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას,“ - წერს მიქელაძე.