რას გეგმავს პუტინი კავკასიაში და ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?! - მამუკა არეშიძის ანალიზი: "კრემლში გაიმარჯვეს იმ ძალებმა, რომლებიც უკომპრომისო - კვირის პალიტრა

რას გეგმავს პუტინი კავკასიაში და ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?! - მამუკა არეშიძის ანალიზი: "კრემლში გაიმარჯვეს იმ ძალებმა, რომლებიც უკომპრომისო პოლიტიკის მომხრენი არიან"

რა პროცესები ვითარდება ოკუპირებულ აფხაზეთში, რა ინტერესები დგას ტრაქტატზე საუბრის უკან, ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- გაეროს უშიშროების საბჭოს შეფასებები ნიშნავს, რომ არ შეცვლილა საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არც ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე პროცესებისადმი და არც რუსეთის მიმართ მიდგომები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გამო არსებითად არაფერი შეიცვლება.

რუსეთის საქართველოსთან ურთი­ერთობის სასიკეთოდ შეცვლის რეალურ სურვილსა და გადაწყვეტილებას დღეს ვერ ვხედავ. 2024 წელს ამის ნიშნებს ვხედავდი, მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია, კრემლში გაიმარჯვეს იმ ძალებმა, რომლებიც უკომპრომისო პოლიტიკის მომხრენი არიან. ეს კარგად ჩანს როგორც უკრაინაში, ისე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში.

- რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინაში ომის დას­რულებას, მაგრამ საერთაშორისო ზეწოლის, სანქციების მიუხედავად, მკაცრ და კონ­ფრონტაციულ პოლიტიკას აგრძელებს. ამ გზით უკრაინაში, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში მიზნების მიღწევას შეძლებს?

- დიახ, რუსეთმა ვერ მიაღწია იმ მიზნებს, რომლებიც ომის დაწყებისას ჰქონდა. პუტინმა უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზნად უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" დაასახელა, დღეს კი მისი მიზნები მნიშვნელოვნად შეზღუდულია - საუბარია მხოლოდ იმ ტერიტორი­ების შენარჩუნებაზე, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს და დონეცკის ოლქის სრულად დაკავებაზე. პუტინი ხედავს, რომ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც ადრე მოსკოვთან ურთიერთობაში "უმცროსი პარტნიორები" იყვნენ, დღეს უკვე ძალის პოზიციიდან ესაუბრებიან. ეს პირველ რიგში ითქმის ჩინეთზე, რომელიც რუსეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენე­ბს და დასავლეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტად აქცევს. მოსკოვმა დაკარგა მთავარი ენერგეტიკული ბერკეტებიც: დასავ­ლეთმა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო ახალი მყიდველები - ჩინეთი და ინდოეთი კრემლს საკუთარ, ხშირად დისკრიმინაციულ პირობებს კარნახობენ.

ერთმა რუსმა ბლოგერმა ძალიან ხატოვნად აღწერა რუსე­თის დღევანდელობა: "რუსებმა მოიხედეს და აღმოაჩინეს, რომ ველი რუსი ჯარისკაცების გვამებით არის მოფენილი, ქალაქები დანგრეულია, იქვე ახლოს კი ჩინური სავაჭრო ცენტრი ბრწყინავს".

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რუსეთის უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში, ბელგოროდის ოლქში, კურსკსა და სხვა ტერიტორიებზე. თითქმის ყოველდღიურად იბომბება რუსეთის ქალაქები, მათ შორის ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორი ტერიტორიებიც. რუსეთის საწარმოო პოტენციალი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. პუტინის უპირობო მხარდამჭერი ეკონომისტებიც კი ამბობენ, რომ წლის ბოლოს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა შესაძლოა 10 ტრილიონ რუბლს მიაღწიოს. ეს რუსეთის ბიუჯეტის თითქმის მეოთხედია და თავისთავად კატას­ტროფული მოცემულობაა. აშკარაა ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები. პარალელურად, რუსეთის გავლენა მკვეთრად მცირდება ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაშიც. ამიტომაც კრემლს შიდა აუდიტორიისთვის სასწრაფოდ სჭირდება "გამარჯვების" ილუზია, იმპერიული ფსიქოლოგია ხომ მხოლოდ ტრიუმფით საზრდოობს. სწორედ ამით არის განპირობებული მოსკოვის შეცვლილი ტაქტიკა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ...

- რა კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ მოსკოვსა და თბილისში გეორგიევსკის ტრაქტატის საკითხის ერთდროულად გააქტიურება?

- საქართველოს ხელისუფლება ცდილობს კრემლს აგრესიისთვის დამატებითი საბაბი არ მისცეს, რადგან მოსკოვის დღევანდელ მძიმე მდგომარეობას კარგად აცნობიერებენ... სამხრეთი კავკასია რუსეთისთვის შავი ზღვის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური გავლენის მთავარი დასაყრდენია - რეგიონი, სადაც თურქეთმა ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში პირველად მოსკოვის პოზიციები მკვეთრად შეავიწროვა. ამ ფონზე გეორგიევსკის ტრაქტატის თემის გააქტიურება შესაძლოა კრემლისთვის გაგზავნილი პოლიტიკური სიგნალია. თუმცა მოსკოვისთვის მხოლოდ რიტორიკა საკმარისი არ არის, რუსებს აღიზიანებთ თბილისის პოზიცია, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ აღდგება. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა მოსკოვისთვის მისაღებია, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები არასაკმარისი.

- რამდენად რეალისტურია ბოლო დროს გავრცელებული დისკუსია აფხაზეთის საკითხის ყარაბაღის სცენარით გადაწყვეტის შესახებ - გამართლებულია აფხაზეთის შედარება ყარაბაღთან? და რა სამართლებრივი თუ გეოპოლიტიკური განსხვავებებია ამ ორ შემთხვევას შორის?

- ასეთი განცხადებები პროპაგანდისტული ხასიათისაა... ამ დროს აქ ძალიან საინტერესოა პროცესი მიმდინარეობს.

მოსკოვში სერიოზულად განიხილება ინგუშეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც რუსეთისთვის უპრეცედენტო პროექტი იქნება. დაახლოებით 23-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანაა საჭირო, რომელიც საქართველოში, არხოტის ტერიტორიაზე გამოვა, შემდეგ კი სარკინიგზო ხაზი უნდა გაგრძელდეს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე რუსეთისკენ. ითვლება, რომ ეს გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება, რადგან რკინიგზა სამხრეთ კავკასიაში შემოვა და რუსეთს შავი ზღვის პორტებთან - ფოთსა და ბათუმთან დააკავშირებს. პროექტის გეგმაში ასევე საუბარია მის დაკავშირებაზე სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ სარკინიგზო ქსელთან, რაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტის ალტერნატივას შექმნის.

- თბილისზე რომ არაფერი ვთქვათ, ერევანი ხელს არ შეუშლის ამ პროექტს?

- რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა იქნება. სწორედ ამაშია საქმე. კრემლის მიდგომა პარადოქსულია: ერთი მხრივ, არც ცდილობს თბილისსა და ერევანთან საერთო ენის გამონახვას და მათთან თანამშრომლობის პოლიტიკური ინტერესის შექმნას, მაგრამ, მეორე მხრივ, ცდილობს ისეთი მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს მაფიქრებინებს, რომ პუტინი სამხრეთ კავკასიაში სხვა ტიპის აქტიურობისთვის ემზადება...

- ომს ვარაუდობთ?

- ეს ბუნებრივი კითხვაა, მაგრამ ახალი ომის რესურსი რუსეთს დღეს არა აქვს. თუმცა სხვადასხვა ტიპის პროვოკაციას ნამდვილად ველოდები. რამდენიმე სცენარი შეიძლება არსებობდეს: საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისეთი ფორმით გამოყენება, რომელიც რუსეთისთვის პოლიტიკური გამარჯვების მომტანი იქნება; ან ისეთი აგრესიული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მოსკოვთან შეთანხმებას აიძულებს.

წაიკითხე ვრცლად