"საქართველო არის ქვეყანა, სადაც 300 000 რუსს შეუძლია შემოვიდეს და აქ პატარა რუსეთი მოგიწყოს, თავიანთი სკოლებით და უნივერსიტეტებით" - ბიზნესმენი ნიკოლოზ ურუშაძე - კვირის პალიტრა

"საქართველო არის ქვეყანა, სადაც 300 000 რუსს შეუძლია შემოვიდეს და აქ პატარა რუსეთი მოგიწყოს, თავიანთი სკოლებით და უნივერსიტეტებით" - ბიზნესმენი ნიკოლოზ ურუშაძე

საქართველო არის ქვეყანა, სადაც 300 000 რუსს შეუძლია შემოვიდეს და აქ პატარა რუსეთი მოგიწყოს - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ნიკოლოზ ურუშაძე და არ გამორიცხავს, რომ რუსეთში მობილიზაციის მოლოდინის ფონზე საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღა შემოვიდეს.

შეგახსენებთ, შემოდგომაზე შესაძლო მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ ჭორების ფონზე, ათიათასობით რუსი ქვეყნიდან გადის. რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საავტომობილო საკონტროლო გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

„ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც 300 000 რუსს შეუძლია შემოვიდეს და აქ პატარა რუსეთი მოგიწყოს, თავიანთი სკოლებით, უნივერსიტეტებით და საერთოდ არ სჭირდებათ მათ არც ქართული და არც არაფერი სხვა. ეს დიდი პრობლემაა საქართველოსთვის.

რა თქმა უნდა, ისინი ქმნიან მოთხოვნას, რომელიც სწრაფად იზრდება. როდესაც მოთხოვნა იზრდება და მიწოდება ვერ ეწევა, ფასები მკვეთრად ავარდება ხოლმე უძრავი ქონების ბაზარზე, მერე კი დაკორექტირება ხდება. თუმცა, ვინც ახლა იჯარით არის დაკავებული, იმას ეს ძალიან აწყობს, რადგან ბოლო პერიოდში იჯარის ბაზარი საკმაოდ გაუარესებული იყო.

მოთხოვნის ზრდა ავტომატურად ზრდის ფასებს. ეს ეკონომიკის ანიბანია და თუ ეს სურათი გვექნება, აუცილებლად უნდა ველოდოთ ფასების ზრდასაც“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ნიკოლოზ ურუშაძემ.

განაგრძე კითხვა