"თხილი ჩაუბარებია, 5 000 ლარი აუღია და ალბათ, ამ ფულის წართმევა უნდოდა ვიღაცას" - ვინ არის ქალი, რომელიც ოზურგეთში მოკლეს - კვირის პალიტრა

"თხილი ჩაუბარებია, 5 000 ლარი აუღია და ალბათ, ამ ფულის წართმევა უნდოდა ვიღაცას" - ვინ არის ქალი, რომელიც ოზურგეთში მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 60 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა დღეს, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ტრაგედიის ადგილას კრიმინალისტები მუშაობენ.

ერთი ვერსიით, ქალს თავს დაესხნენ სახლში.

“არ ვიცი, რა მოხდა და როგორ. დაგიდასტურებთ, რომ გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალბატონი ვარდო გიორგაძე. ის სახლში მარტო იმყოფებოდა, ჰყავს მეუღლე, მაგრამ მეუღლე სამუშაოდ იყო წასული. სახლში ქალბატონი მარტო იყო. როგორც ვიცით, მოკლულია, სხვას მე ვერაფერს გეტყვით, სხვა ინფორმაციის თაობაზე საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართოთ და ისინი გეტყვიან”, - გვითხრა მერის წარმომადგენელმა.

კიდევ ერთი თანასოფლელის თქმით, სავარაუდოდ, ქალს დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს.

"ამ დილით არის სავარაუდოდ, მომხდარი ვარდოს მკვლელობა. როგორც გავიგე, ქალს ყელი აქვს გამოჭრილი. წუხელ თხილი ჩაუბარებია, 5 000 ლარი აუღია და ალბათ, ამ ფულის წართმევა უნდოდა ვიღაცას. ამ დროს მოკლეს, ასე ამბობენ. ძალიან კარგი, მშრომელი ქალი იყო. ყველა განიცდის, ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მე სხვა არაფერი ვიცი. საშიში გახდა ცხოვრება. კრიმინალი ხდება ყველა ნაბიჯზე, ასე გაგრძელება არ შეიძლება”, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)