ამერიკული რაკეტებით დარტყმა დონეცკზე და ახალი "ისკანდერების" ზალპი კიევზე ?! - რა ხდება ფრონტზე - კვირის პალიტრა

ამერიკული რაკეტებით დარტყმა დონეცკზე და ახალი "ისკანდერების" ზალპი კიევზე ?! - რა ხდება ფრონტზე

რუსებმა და უკრაინელებმა ერთმანეთზე ახალი რაკეტების საბრძოლო ნათლობა განახორციელეს...

საერთოდ, ომები აჩქარებენ შეიარაღების ამა თუ იმ სახეობის მოდერნიზაციასა და დახვეწას, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელს ეს განსაკუთრებულად სწრაფი ტემპებითა და მასშტაბებით მიმდინარეობს და, ძირითადად, დრონებს უფრო ეხებათ, თუმცა მებრძოლი მხარეები არც რაკეტებს ივიწყებენ და ერთმანეთზე ცდიან ახალ შეიარაღებას...

ორიოდე დღის წინ კიევისკენ რუსებმა „ისკანდერების“ მორიგი ზალპი განახორციელეს და ამაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული (თუ საერთოდ ნორმალურია, როდესაც ფრონტის ხაზიდან ასეულობით კმ-ით დაშორებულ ქალაქებს მიზანმიმართულად ყოველ ღამე ბომბავენ), რომ არ ეპოვათ აფეთქებული რუსული „ისკანდერის“ ფრაგმენტები, რომლებიც იმაზე მიუთითებდნენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს მოდერნიზებული „ისკანდერის“ ის ახალი რაკეტა, რომლითაც მოსკოვი ბოლო რამდენიმე წელია, ევროპას აშინებდა...

Искандер-1000-ად „მონათლულ“ ახალ რუსულ კვაზიბალისტიკურ რაკეტას თითქოს ათას კმ-ზე ფრენა უნდა შესძლებოდა, რაც ძველი „ისკანდერის“ მოქმედების რადიუსზე ორჯერ მეტი გამოდის და კალინინგრადის ოლქიდან ასეთი ახალი „ისკანდერებით“ რუსეთი მართლაც მისწვდებოდა ევროპის უფრო მეტ ნაწილს...

1-zhdami-1787916955.jpg
JDAM LR (Long Range)-უახლესი ამერიკული მართვადი საავიაციო ბომბი, რომელიც პლანირების გასაშლელი ფრთების გარდა მცირეგაბარიტიანი ტურბორეაქტიული ძრავითაც არის აღჭურვილი, 500 კმ-ზე შორს მიფრინავს და თეორიულად უკრაინის საზღვრიდან მოსკოვის ცენტრამდეც კი მისწვდება...

თუმცა, უკრაინის სამხედრო სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი რუსული „ისკანდერის“ ფრენის სიშორე 1 000 კმ-ი კი არა, არამედ - მხოლოდ 550 კმ-ია და უფრო მეტიც, ის „ისკანდერები“ რომლებიც აქამდე გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ და რომლის საბრძოლო ნათლობაც ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული გორის თავზე შედგა, სინამდვილეში 500 კმ-მდე კი არა, არამედ - მხოლოდ 390 კმ მაქსიმალურ სიშორემდე მიფრინავენო...

უკრაინელი სამხედრო სპეციალისტების დაუჯერებლობა არ გამოვა, რადგან მათ ამ ომში უკვე რამდენიმე ასეული აფეთქებული „ისკანდერის“ ფრაგმენტები შეისწავლეს და ახლა შეიძლება, „ისკანდერის“ მწარმოებლებზე ნაკლებადაც არ ერკვევიან მის კონსტრუქციასა და საბრძოლო შესაძლებლობებში...

2-zhdami-1787916955.jpg
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციამ F/A-18E Super Hornet-იდან ჩამოგდებით კი გამოსცადა მოდერნიზებული JDAM LR (Long Range)-ი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ეს რეალური საბრძოლო მოქმედებებისას ხდება...

თუმცა ეს ბევრი ვერაფერი შეღავათია, რადგან რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან უკრაინის დედაქალაქამდე, პირდაპირი ხაზით, მხოლოდ 200-იოდე კმ-ია და იქამდე ძველი და ახალი „ისკანდერიც“ თავისუფლად აღწევს...

სანამ რუსები კიევისკენ ახალ „ისკანდერს“ უშვებდნენ, უკრაინელებმა, თავის მხრივ, ძალიან „გააკვირვეს“ რუსი ოკუპანტები, როდესაც მათ მიერ დაპყრობილი დონბასის ქალაქ დონეცკში სერიოზული საჰაერო დარტყმები განახორციელეს...

ოკუპირებულ დონეცკში ათზე მეტი წერტილოვანი საჰაერო დარტყმა მოხდა გაჩერებული, ქარხნის ოთხსართულიან შენობაზე, რომელშიც სავარაუდოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების 51-ე არმიის შტაბი იყო განთავსებული, ასევე, მაღალსართულიანი კორპუსის მიწისქვეშა სადგომზე, სადაც რუსული ჯავშანტექნიკა აფარებდა თავს.

3-zhdami-1787916955.jpeg
ოკუპირებულ დონეცკში ეს ოთხსართულიანი შენობა, რომელშიც რუსული არმიის შტაბი იყო განთავსებული, სავარაუდოდ, უახლესი ამერიკული იარაღის - JDAM LR (Long Range)-ის „მსხვერპლი“ შეიქმნა...

რუსმა ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს, თუმცა ყურადღება იმაზე გადაიტანეს, რომ აფეთქებების ადგილას აღმოჩენილი ფრაგმენტებით ახალი ბრალი დასდეს ამერიკულ მხარეს ულტრათანამედროვე რაკეტების მათ წინააღმდეგ საბრძოლო გამოცდის მოწყობაში...

საქმე ის არის, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, ა.წ.-ის აპრილში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციამ პირველად გამოსცადა JDAM LR (Long Range) ტიპის მართვადი საავიაციო ბომბი და თუკი მისი წინამორბედი JDAM-ER მხოლოდ 75 კმ-დე პლანირებდა, მოდერნიზებული ვარიანტი უკვე 500 კმ-ზე შორს მიფრინავს.

ფიზიკურად ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მთავარი ტექნიკური სიახლე - ჩვეულებრივ 500-ფუნტიან (227 კგ) საავიაციო ბომბს პლანირებისთვის განკუთვნილი გასაშლელი ფრთების გარდა, „ბოინგის“ კონსტრუქტორებმა ასევე დაუყენეს მცირეგაბარიტიანი ტურბორეაქტიული ძრავა, რამაც ის, ფაქტობრივად, იაფ ფრთოსან რაკეტად გადააქცია და 500 კმ-ზე შორს მიზნის ზუსტად დაზიანების საშუალება მისცა.

4-zhdami-1787916955.jpg
Искандер-1000-ად წოდებული ახალი რაკეტა გამოცდის წინ - ამ მოდერნიზებულ „ისკანდერს“ რუსებმა საბრძოლო ნათლობა კიევის წინააღმდეგ მიაღებინეს (ისევე, როგორც პირველ „ისკანდერს“ - გორის წინააღმდეგ), თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ათას კმ-ს კი არა, არამედ მის ნახევარ მანძილს თუ ფარავს, რაც ნატოს ქვეყნებისთვის მცირე შეღავათად იქცა...

უკრაინელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათმა თითებზე ჩამოსათვლელმა თვითმფრინავებმა ასეთი პლანირებადი საავიაციო ბომბები ფრონტის ხაზიდან რაც შეიძლება დიდი დაცილებით და რაც შეიძლება დაბალი სიმაღლიდან ჩამოაგდონ, რომ არ გახდნენ რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების 200 კმ-ზე შორს მოქმედი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტების - Р-37М-ებისა და С-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების „ლუკმა“.

როდესაც ძველი JDAM-ER -ი მხოლოდ 75 კმ-ს ფარავდა და ისიც მხოლოდ დიდი სიმაღლიდან ჩამოგდების შემთხვევაში, უკრაინელი მფრინავები დიდ განსაცდელში იგდებდნენ თავს, ფრონტის ხაზთან მიახლოებით და რამდენიმე მათგანი მართლაც ჩამოაგდეს.

ახლა, თუკი ამერიკული მხარე ნამდვილად გადასცემს უკრაინის საბრძოლო ავიაციას, თუნდაც გამოცდების მიზნით, მოდერნიზებულ და შორსმფრენ JDAM LR (Long Range) ტიპის მართვად საავიაციო ბომბებს, ეს რუს ოკუპანტებს დამატებით სერიოზულ თავსატეხს გაუჩენდა...