რატომ მიდიან სარკის წმინდა გიორგისთან? - ტაძრის აგების იდუმალი ისტორია და სასწაულები
სარკის წმინდა გიორგის მონასტერში შემთხვევით ვერ მოხვდები. სწორედ ამიტომ, მონასტრისკენ მიმავალ ვიწრო და ციცაბო აღმართს ყველა საკუთარი მიზეზით მიუყვება - ნუგეშისა და შეწევნის ძიებით, თუ უბრალო სურვილით, საკუთარი თვალით იხილოს ტაძარი, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის.
ტაძრისკენ მიმავალი ვიწრო და კლდოვანი გზა ნელ-ნელა გაშორებს გარე სამყაროს. მოსახვევები უფრო ხშირი ხდება, ხმაური წყდება და უცებ ხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აქ იწყება - ადგილზე, სადაც სარკის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული.

ტაძარი, რომელსაც ზოგი „სარყის“ სახელითაც იცნობს, მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დაარსებასთან დაკავშირებულ ლეგენდებს ინახავს. დღესასწაულებზე, განსაკუთრებით კი გიორგობას, მონასტერს უამრავი მომლოცველი სტუმრობს. მომლოცველთა ნაწილი, უამინდობის დროსაც კი, ფეხშიშველი მიუყვება გზას. არ მომხდარა შემთხვევა, რომ ამის გამო ვინმე გაციებულიყო ან ავად გამხდარიყო...
მონასტრის იღუმენი უკვე 12 წელია მამა ეგნატეა, რომელიც მამა არსენთან ერთად უძღვება სამონასტრო ცხოვრებას.
როგორც ყველა ძველ სალოცავს, სარკის წმინდა გიორგის ტაძარსაც აქვს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ლეგენდა, რომელიც მის აგებას უკავშირდება…
იღუმენი ეგნატე გოგალაძე:
სარკის წმინდა გიორგის ტაძრის აგების ისტორია წმინდა გიორგის ბარელიფს უკავდირდება: ადრე სოფელ საღოლაშენში არსებობდა ხელუხლებელი, წმინდა ადგილი, რომელსაც ადგილობრივები „დედოფლის მინდვრებს“ ეძახდნენ. ეს ტერიტორია იმდენად კურთხეულად ითვლებოდა, რომ გლეხები საქონელსაც კი არ უშვებდნენ საძოვრად და არც თიბავდნენ. მხოლოდ წელიწადში ერთხელ შემოავლებდნენ გარშემო ერთ ხნულს, რასაც მოსარყვა ეწოდებოდა.
ერთ-ერთი ასეთი მოსარყვის დროს გუთნისდედას ჩასძინებია და ხილვა ენახა: „ხვნა განაგრძე და სასწაულმოქმედ ხატს იპოვიო“. გამოღვიძებულმა განაგრძო შრომა და უეცრად გუთანი რაღაცას გამოედო. მიწიდან ამოიღეს ბარელიეფი, რომელზეც წმინდა გიორგის გამოსახულება იყო ამოკვეთილი.
ერთი გადმოცემით ხატი პირდაპირ გაუხედნავ ხარს დაადეს ზურგზე, მეორე ვერსიით ურემში შეაბეს გაუხედნავი ხარები, ხატიც ურემზე დააბრძანეს. გაუხედნავი ხარი უღელს არ ემორჩილება, თუმცა ესეც ღვთის ნება აღმოჩნდა - ხარებმა მშვიდად განაგრძეს გზა.
ხარებს გზად „საჯვარესთან“ შეუსვენებიათ, შემდეგ კი მაღალ მთაზე ავიდნენ და ზუსტად იმ ადგილას გაჩერდნენ, სადაც დღეს სარკის წმინდა გიორგის ტაძარი დგას. ხარები ადგილიდან აღარ დაიძრნენ. ეს იყო ღვთისგან ნიშანი, რომ ტაძარი სწორედ ამ ადგილზე უნდა აშენებულიყო.

სახელწოდება, ისტორია და სიწმინდეები
სახელწოდება „სარყისი“ (სარკე) სიტყვა „სარყვიდან“ იღებს სათავეს. გადმოცემა იმასაც ამბობს, ხარები მაღლობზე რომ ავიდნენ, ეს ადგილი სარკესავით პრიალებდა და „სარკის წმინდა გიორგიც“ ამიტომ ეწოდაო.
მამა ეგნატე:
- ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა კედლებში ჩატანებული ორნამენტებით ვარაუდობენ, რომ ის IX საუკუნისაა. მოგვიანებით, ტაძარი ზაზა ფანასკერტელის პერიოდში განუახლებიათ. შემდეგ, ათწლეულების მანძილზე, ეს წმინდა ადგილი უმოქმედოდ იყო, ხოლო სამონასტრო ცხოვრება 1997 წლიდან, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
ამ ადგილის მთავარი მიზიდულობა წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატია, რომელშიც დიდმოწამის წმინდა ნაწილი - მუხლის კვირისთავია ჩაბრძანებული, რომელიც მამა იოანესთვის უჩუქებიათ. 2002 წელს კი, მამა იოანემ წმინდა გიორგის ეს განსაკუთრებული ხატი დააწერინა და მონასტერს შესწირა.

წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი მოსულა სარკის წმინდა გიორგისთან მძიმე სნეულებითა თუ ცხოვრებისეული განსაცდელით და უკან იმედითა და მადლიერებით დაბრუნებულა. იმ დროსაც კი, როცა ტაძარი უმოქმედო იყო, მიტოვებული და იქ წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა, ხალხი მაინც ამოდიოდა, დიდმოწამეს ევედრებოდა და შეწევნაც არ აყოვნებდა.
თუმცა, სარკის წმინდა გიორგი, განსაკუთებით შვილიერების მადლის მინიჭებითაა გამორჩეული…
მამა ეგნატე:
წმინდანის წინაშე ვედრების სანაცვლოდ არაერთ ოჯახს ეწვია შვილიერების სიხარული. განსაკუთრებით მახსენდება წყვილი, რომლებსაც 26 წელი შვილი არ ჰყავდათ და სარკის წმინდა გიორგის მოლოცვის შემდეგ როდესაც წყვილის სარკის წმინდა გიორგის მოლოცვის შემდეგ შეეძინათ. რამდენიმეწლიანი უშვილობის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევები კი მართლაც უამრავია. მადლიერების ნიშნად, მშობლებს პატარები სწორედ სარკის ტაძარში მოჰყავთ დასალოცად და მოსანათლად.
- მამაო, სარკის წმინდა გიორგის აკვნებს დწირავდნენ. საიდან დამკვიდრდა ეს ტრადიცია?
- ძველად, როდესაც ოჯახი შვილს შეევედრებოდა წმინდანს და ნატვრა აუხდებოდა, ჩვილის გაზრდის შემდეგ იმ აკვანს ტაძარში ამოსწირავდა ხოლმე. შვილიერების შემთხვევები იმდენად მრავლად ყოფილა, რომ თავის დროზე ტაძრის კედლები აკვნებით ყოფილა სავსე. დღესაც, ამ ტრადიციის ნიშნად, ხატთან სიმბოლურად ერთი აკვანი დგას.“

სარკის წმინდა გიორგის მონასტრის სასწაულები მხოლოდ უძველეს გადმოცემებს არ შემორჩენია - ისინი დღესაც ხდება, ჩვენს თვალეინაც ხდება..
სარკის წმინდა გიორგის სასწაულები
ერთხელ, ტაძარში სნეული ქალბატონი მოიყვანიათ, რომელიც საკუთარი ფეხით ვერ დადიოდა. საუბრისას აღმოჩნდა, რომ იგი მონათლულიც კი არ იყო. იქვე მოუნათლავთ. რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ქალი ტაძარში საკუთარი ფეხით, სრულიად გამოჯანმრთელებული მოვიდა. მამაო იხსენებს, მეცნო და დავაკვირდიო. თვითონ უთქვამს შემდე, - ის ვარ, თქვენ რომ მომნათლეთო.
ერთხელ მონასტერში დავრდომილი ბიჭი მოუყვანიათ, საწოლი გაუშალეს და მოსასვენებლად დატოვეს. დილით ბიჭი არც საწოლში დახვდათ და ვერც მონასტრის ტერიტორიაზე იპოვეს. მოგვიანებით იგი „საჯვარესთან“, წყაროზე ნახეს, სადაც ხელები დაუბანია, შემდეგ კი საკუთარი ფეხით წასულა და გაუჩინარებულა.
ჭაღის დაკიდების სასწაული
ხალხში კიდევ ერთი განსაკუთრებული ამბავიც ინახება: როდესაც აღდგენილ ტაძარში გიორგობის დღესასწაული ახლოვდებოდა, ეკლესიაში ჭაღი უნდა დაეკიდებინათ. ვერანაირად ვერ აღწევდნენ ჭერამდე და ჭაღის დაკიდებას ვერ ახერხებდნენ. ამ დროს უცნობი, დაახლოებით 13-14 წლის ბიჭი გამოჩნდა - იგი ავიდა და ჭაღი დაკიდა. როდესაც ხალხმა ბავშვის ნახვა გადაწყვიტა, ვეღარსად იპოვედ, გაუჩინარდა. ამბობენ, სავარაუდოდ, სწორედ წმინდა გიორგი იყოო.

ფრესკები და მონასტრის ყოველდღოურობა
კედლის მხატვრიბა ხატმწერ ვასილ ზანდულელს ეკუთვნის. შიდა სივრცეში განსაკუთრებულ ყურადღებას წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები იქცევს, რომელთა შორისაც გამოირჩევა იშვიათი ფრესკა - წმინდა გიორგი, როგორც გაჭირვებულთა შემწე და „ხელის აღმპყრობელი“.
მონასტერში ჩვეულებრივი, ტრადიციული სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს. ლოცვა დილის 06:00 საათზე ცისკრით იწყება, რასაც მარხვის პერიოდში, შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში წირვა მოსდევს. დანარჩენი ნაწილი კი ლოცვასა და შრომაში გადის. სატრაპეზოს გვერდით პატარა, ტრადიციული მარანიც ავაშენეს, სადაც ღვინოსაც წურავენ.
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)