„ვეღარ მოვითმინე და შევაგინე. შეგინებისთანავე, პირველი თვითონ წამოვიდა მუშტებით" - მოქალაქის განცხადებით, ბანკის თანამშრომლებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს
„კრედო ბანკში“, ბანკის რამდენიმე თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უფრო კონკრეტულად, მოქალაქის განცხადებით, ბანკის თანამშრომლებმა, მენეჯერის კაბინეტში, მასზე ფიზიკურად იძალადეს. მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას სესხის თანხის გადახდა დაავიწყდა, რასთან დაკავშირებითაც თავდაპირველად „კრედო ბანკის“ კრედიტ-ოფიცერს ტელეფონზე ესაუბრა. მისი განმარტებით, ბანკის თანამშრომელი მას უხეშად ესაუბრა, რის შემდეგაც ვითარების გასარკვევად ფილიალში მივიდა. მისივე ინფორმაციით, ბანკში მისულს კრედიტ-ოფიცერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად გინებით უპასუხა, შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
„დამავიწყდა თანხის შეტანა ჩემს განვადებაზე, მიკავშირდება ე.წ. კრედიტ-ოფიცერი, ვინმე მერაბი. ამ პიროვნებას ავუხსენი, რომ პრობლემა არის ბანკის მხრიდან, გაარკვიეთ საკითხი-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი იმიტომ, რომ საკმაოდ დაკავებული ვიყავი. რამდენიმე წამში გადმომირეკა ამ პიროვნებამ, მეუბნება, ალბათ, გაითიშა ჩვენი საუბარი, ტექნიკური ხარვეზიაო. მე ვუთხარი: არა, მე გაგითიშეთ იმიტომ, რომ ძალიან დაკავებული ვარ-მეთქი. მეუბნება, რომ თუ თქვენ არ გაინტერესებთ თქვენი საქმე, მაშინ, მე საერთოდ, რაში მაინტერესებსო. გარდა იმისა, რომ ნიშნის მოგებით, აგდებით მელაპარაკა“, - აცხადებს მოქალაქე.
მისივე თქმით, ტელეფონზე საუბრის შემდეგ, ბანკში მივიდა, რადგან უკმაყოფილება გამოეხატა. მოქალაქის თქმით, მენეჯერს აუხსნა, რომ ბანკის თანამშრომელი მას უხეშად ესაუბრა. როგორც მომხმარებელი განმარტავს, სწორედ მენეჯერთან საუბრის და ახსნის დროს, ოთახში აღნიშნული კრედიტ-ოფიცერი შევიდა, რომელმაც უხეშად დაიწყო საუბარი, უცენზურო სიტყვებით მიმართა, რაზეც თავადაც გინებით უპასუხა.
„ვეღარ მოვითმინე და შევაგინე. შეგინებისთანავე, პირველი თვითონ წამოვიდა მუშტებით, დამარტყა და მისი თანამშრომელი, რომელიც გვერდით მედგა მარჯვენა მხრიდან, მირტყამს მუშტს და წიხლს ბარძაყის არეში. აქედან ეს მირტყამს. წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ და მირტყამდნენ. ამ პროცესში რომელიღაც თანამშრომელმა ამათრია ტანისამოსით, შემომაგლიჯა ტანსაცმელი და მინიმუმ 50 მომხმარებლის წინაშე მიმათრევდნენ როგორც ვიღაც რეციდივისტს და დამნაშავეს. ვეუბნები, ხალხო, რას აკეთებთ, მცემთ? და ის მეორე, ვინც მირტყამდა, იქიდან ყვირის - გასალახი ხარ და გცემეთო“, - აცხადებს მოქალაქე ვიდეომიმართვაში, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს. გააგრძელეთ კითხვა