მედია CIA-ს შეფის მოსკოვში ფარული ვიზიტის დეტალებს ასაჯაროებს - შედგება თუ არა ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის სამმხრივი შეხვედრა?
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, მოსკოვში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ წინადადება წარადგინა, - ინფორმაციას Axios-ი ამ საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რეტკლიფის ვიზიტის მიზანი ნაწილობრივ იმის დადგენა იყო, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები განახლებულიყო.Axios-ი წერს, რომ პარასკევს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის მიაწოდეს ინფორმაცია რეტკლიფის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისა და სამმხრივი სამიტის წინადადების შესახებ.
ტრამპის ადმინისტრაციამ ეს იდეა წარსულშიც წამოჭრა. ზელენსკიმ მხარი დაუჭირა, თუმცა პუტინმა უარყო.
დონალდ ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ რეტკლიფის ვიზიტი “სტანდარტული სამუშაო“ ხასიათის იყო და არ ისახავდა მიზნად რუსეთის გაფრთხილებას თავს არ დაესხას ნატო-ს ტერიტორიას.