როგორ დასრულდება პუტინ-ფაშინიანის დაპირისპირება და რა რისკებს შეიცავს ეს საქართველოსთვის?! - პაატარ ზაქარეიშვილის ანალიზი
სომხეთი რუსეთთან ურთიერთობის ძველ ფორმულას ცვლის - ფაშინიანის ხელისუფლება მოსკოვისგან სულ უფრო მეტ დისტანციას იჭერს, პარალელურად კი აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებას, თურქეთთან დაახლოებასა და ევროკავშირთან ინტეგრაციას ცდილობს. ამას უკმაყოფილებით ხვდება კრემლი. რა შეიძლება მოჰყვეს სომხეთის დისტანცირებას და აქვს თუ არა შესაძლებლობა რუსეთს სომხეთში 2008 წლის საქართველოს მსგავსი სცენარი გაიმეოროს, ამ კითხვებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი უპასუხებს.
- ფაშინიანის მიზანი რუსეთისგან დისტანცირება კი არა, სომხეთისთვის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შექმნაა. ფაშინიანი რუსეთს არ ებრძვის, პირიქით, ძალიან გაუხარდებოდა, რუსეთი სომხეთის განვითარებაში პოზიტიურ როლს რომ ასრულებდეს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთს აღიზიანებს სომხეთის დამოუკიდებლობა. რუსეთის გზავნილი ასეთია, თუ თქვენ ჩვენგან წახვალთ, უარესი იქნებაო, ფაშინიანის პასუხი კი ასეთია, დიდი ბოდიში, ჩვენ უარესი კი არა, უკეთესი გვინდა. თუ თქვენ ვერაფერს გვთავაზობთ უკეთესს და არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის გვაქვს, მაშინ რუსეთი არ მაინტერესებს. მე ვურიგდები აზერბაიჯანს, ვცდილობ მაქსიმალურად დავუახლოვდე თურქეთს და მინდა ევროპიდან მივიღო ის სიკეთეები, რაც ევროპას შეუძლია მომცესო. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთი ევროპას იმდენად დაუახლოვდება, რამდენადაც ევროპა თავად დაიახლოებს - ანუ მას ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, ევროპისთვის პირობები არა აქვს წაყენებული და არ მიუთითებს, ასეთი ევროპა არ მომწონს და უნდა შეიცვალოსო. მისი პოლიტიკა ძალიან პრაგმატულია. რუსეთი ამას, ბუნებრივია, აღიქვამს დისტანცირებად და ანტირუსულ პოლიტიკად. სინამდვილეში კი არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ანტირუსულ პოლიტიკას არ ატარებენ. ეს არარუსული პოლიტიკაა, რომელიც ნიშნავს: "შენს წინააღმდეგ არ ვმუშაობთ, მაგრამ არც შენს სასარგებლოდ ვმუშაობთ, ჩვენ საკუთარ თავზე ვმუშაობთ".
- თუმცა ზოგიერთი ვერსიით, ექსპრემიერ რობერტ ქოჩარიანისა და მისი შვილის დაკავებას არა მხოლოდ სამართლებრივი, პოლიტიკური მოტივიც აქვს და ფაშინიანმა ამ გადაწყვეტილებით მოსკოვს გარკვეული გზავნილით მიმართა. ქოჩარიანის რუსეთთან მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, როგორ აღიქვამენ მის დაკავებას კრემლში?
- მხოლოდ იმიტომ, რომ ქოჩარიანი პუტინის მეგობარი იყო, მას ვერ დააპატიმრებდნენ. იქ არის კორუფციული საქმეები და სხვა საკითხებიც. ფაშინიანს შეეძლო არ დაეპატიმრებინა, მაგრამ ქოჩარიანის დაკავებას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარჩულიც, თუმცა ეს გარკვეულწილად თავად ქოჩარიანის პოზიციებმა განაპირობა. მისი აქტიური პოლიტიკური საქმიანობა და სომხეთის კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნების ცდები რომ არ გაეგრძელებინა, შესაძლოა ფაშინიანს მისი დაპატიმრების პოლიტიკური მოტივი ნაკლებად ჰქონოდა.
- ფაშინიანის განცხადებას, რომ ძალიან მოხარული იქნება, თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს, კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, თუ ერევანს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსგავსი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წევრობა აღარ სჭირდება, მაშინ თავისუფალია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს ორგანიზაცია დატოვოსო. რამდენად რეალურია სომხეთის ОДКБ-იდან გამოსვლა და აქვს თუ არა ქვეყანას უსაფრთხოების რეალური ალტერნატივა?
- ნამდვილად არა აქვს - ეს არის მოკლე პასუხი. უფრო ვრცლად რომ გიპასუხოთ, სომხეთს ორი ძირითადი პრობლემა ჰქონდა: აზერბაიჯანი და თურქეთი. განსაკუთრებით მძიმე იყო ყარაბაღის საკითხი. 2020 წლის ომში სომხეთმა მძიმე მარცხი განიცადა, ხოლო 2023 წელს აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა, რის შემდეგაც რეგიონი თითქმის დაიცალა სომეხი მოსახლეობისგან. ფაშინიანი მიხვდა, რომ სომხეთმა შეიძლება იმაზე მეტი დაკარგოს, ვიდრე უკვე დაკარგა. ამიტომ ომების შემდეგ დაიწყო მუშაობა მშვიდობისთვის. ზოგი ამბობს, თუ ომი წააგო, მაშინ როგორ არის რეალისტიო, მაგრამ ეს პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკოსი ომში მიდის იმ იმედით, რომ გაიმარჯვებს. როდესაც აგებს, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ცვლის პოლიტიკას. ფაშინიანმა შეიძლება წინასწარ ვერ გათვალა სიტუაცია, მაგრამ შემდეგ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და მიხვდა, რომ ომის გაგრძელებაზე მეტად მშვიდობაა საჭირო. სახელმწიფოები ამა თუ იმ ორგანიზაციებში იმისთვის წევრდებიან და იმისთვის ხარჯავენ ფულს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ. მართალია ფაშინიანი, როდესაც ამბობს, რაში მჭირდება ОДКБ, რომელიც არ დამეხმარა, მაშინ როცა მჭირდებოდაო. მისი პოლიტიკა დაახლოებით ასეთია: "მე თქვენთან ვიქნები იმდენად, რამდენადაც თქვენ ამიტანთ. თუ არ ამიტანთ და გამრიცხავთ, კი ბატონო. მე არ დაგიწერთ განცხადებას გასვლაზე. ფულს ვიხდიდი და როცა დამჭირდით, არ დამეხმარეთ. ამიტომ ОДКБ-ის წევრობაში ფულს აღარ გადავიხდი". აი, ასეთი ფრთხილი პოლიტიკა აქვს ფაშინიანს არჩეული. სომხეთს კვლავ აქვს სერიოზული გამოწვევები: აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესი არ არის დასრულებული, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღსადგენია, შიდაპოლიტიკური საკითხები კვლავ გადასაჭრელია, მაგრამ მან გაიაზრა, რომ სომხეთმა ზედმეტი ტვირთი უნდა მოიცილოს...
- ფრთხილი პოლიტიკის მიუხედავად, კრემლში მაინც გაღიზიანებული არიან. პესკოვმა ფაშინიანს მოუწოდა, რომ ევროკავშირში გაწევრების განაცხადთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოს. რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოში გათამაშებული სცენარი სომხეთში გაიმეოროს?
- რუსეთს აქვს ამის სურვილი, მაგრამ ახლა რეალობა განსხვავებულია. საქართველოს შემთხვევაში 2008 წლამდეც არსებობდა მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლითაც რუსეთი ეფექტურად მანიპულირებდა. პუტინმა სწორედ ამ კონფლიქტების გამოყენებით შეძლო თავისი სამხედრო და პოლიტიკური ჩარევის გამართლება. რაც შეეხება სომხეთს, გარდა იმისა, რომ რუსეთს მასთან საერთო საზღვარი არა აქვს, სომხეთის ტერიტორიაზე არ არსებობს ისეთი სეპარატისტული კონფლიქტი, რომლის გაძლიერებას და შემდეგ სეპარატისტების დაცვის საბაბით სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.
- თუმცა სომხეთში კვლავ რჩება გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა...
- გიუმრის სამხედრო ბაზის საკითხი შესაძლოა აქტუალური გახდეს მას შემდეგ, რაც სომხეთი თურქეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას სრულად აღადგენს. წლების განმავლობაში რუსეთი სწორედ თურქეთისგან მომდინარე საფრთხით ამართლებდა სომხეთში სამხედრო ყოფნას და გიუმრის ბაზას ერევნის უსაფრთხოების გარანტიად წარმოაჩენდა. თუ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ნორმალიზდება, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა - სჭირდება თუ არა სომხეთს რუსეთის სამხედრო ბაზა, თუკი ის აღარ იქნება საჭირო თურქეთისგან მომდინარე საფრთხის დასაბალანსებლად? სომხეთი ჯერ გიუმრის ბაზის საკითხს პირდაპირ არ აყენებს, თუმცა მომავალში ეს შესაძლოა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცეს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სომხეთმა და თურქეთმა, წესით, საქართველომაც, რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის საკითხი უფრო ფართო კონტექსტში დააყენონ...
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ სომხეთის ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ეს სრულად შეესაბამება დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა, ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვმა უკვე დაინახა რეგიონში გავლენის დაკარგვის საფრთხე?
- რა თქმა უნდა, რუსეთი ამას კარგად ხედავს. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი აზერბაიჯანია. 2024 წლის დეკემბერში AძAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ბაქომ მოსკოვისგან მკაფიო პასუხი მოითხოვა და თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედებაზე მიუთითა. ეს შემთხვევა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში სერიოზული დაძაბულობის მიზეზად იქცა. აზერბაიჯანს რუსეთთან საკუთარი ინტერესები და ანგარიშები აქვს და თურქეთთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობა მას უფრო თამამი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას აძლევს. რუსეთისთვის ეს სერიოზული დანაკარგია. ამას ემატება ისიც, რომ ყარაბაღის ომების შემდეგ სომხეთმაც დაიწყო მოსკოვისგან დისტანცირება. შედეგად, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ერთდროულად კარგავს გავლენის რამდენიმე მნიშვნელოვან საყრდენს.
ამასთან, რეგიონში პოზიციის გაძლიერებას განაგრძობს თურქეთი, განსაკუთრებით 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ. იზრდება აშშ-ის ჩართულობაც, ხოლო ევროკავშირი უფრო აქტიურად არის წარმოდგენილი როგორც საქართველოში, ისე სომხეთში. თუ ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მთავარი გარე ძალა რუსეთი იყო, დღეს მისი მონოპოლია დასრულებულია. რეგიონში გავლენისთვის რამდენიმე ძალა იბრძვის და რუსეთის პოზიცია თანდათან სუსტდება. ამ ახალ რეალობაში რუსეთის მთავარ საყრდენად საქართველო რჩება.
- ეს მოცემულობა საქართველოს რა საფრთხეების წინაშე აყენებს?
- სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოს რუსეთთან არც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, არც ОДКБ-ს, დსთ-ისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. შესაბამისად, მოსკოვსა და თბილისს შორის ისეთი ინსტიტუციური კავშირები არ არსებობს, როგორიც ერევანსა და მოსკოვს შორის. საქართველოს შემთხვევაში რუსეთის მთავარი ბერკეტი ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია. სწორედ ამ ტერიტორიების გამოყენებით შეუძლია მოსკოვს საქართველოზე პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ზეწოლა. ამიტომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ის არის, თუ როგორ შეიცვლება რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში და რამდენად შეეცდება მოსკოვი მათ საქართველოს წინააღმდეგ დამატებით ბერკეტად გამოყენებას. ამ ვითარებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა და აფხაზებსა და ოსებსაც აჩვენოს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მათთვისაც შეიძლება იყოს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა.
ხათუნა ბახტურიძე