„დღეს პოლიტიკური ველი გაშეშებულ კადრს ჰგავს“ - ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკური ანალიზი - კვირის პალიტრა

„დღეს პოლიტიკური ველი გაშეშებულ კადრს ჰგავს“ - ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკური ანალიზი

"უკეთეს მომავალს პოლიტიკური ვენდე­ტით ვერ მივიღებთ, მთავარი არბიტრი ქართველი ერი უნდა იყოს", - ამბობს "ჯერ საქართველოს" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი. მისი შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკურ ველზე რეალური ალტერნატივის შესაქმნელად აუცილებელია ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიან არჩევნებზე.

- "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ამოწურა პოლიტიკური განახლების რესურსი. საკადრო ცვლილებების გამო იმდე­ნად შემცირდა ახალი სახეების რესურსი, რომ სულ უფრო გაუჭირდება არამხოლოდ ოპოზიციური, საკუთარი ამომრჩევ­ლის გაოცებაც ახალი ადამიანებით... ამასთან, ვერც ოპოზიცია ახერხებს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას. ამ ვითარებაში მთავარი ამოცანა საზოგადოებასთან, ქართველ ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია უნდა იყოს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიული კუთვნილებისა. ქვეყანაში პოლიტიკური უძრაობაა და პოლიტიკურ სპექტრს თვითგანახლების რესურსი აშკარად აკლია. ამიტომ არჩევნები შეიძლება გახდეს ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას შექმნის, მაგრამ ამისთვის ის რეალური და სამართლიანი უნდა იყოს და არა ფორმალური პროცედურა. პირველ რიგში, ქართულ ემიგრაციას უნდა აღუდგეს საარჩევნო უფლება. რაოდენობრივ მასშტაბზე მეტად მნიშვნელოვანია თავად ხმის უფლების პრინციპი და მისი პოლიტიკური და ემოციური მნიშვნელობა; მეორე - არჩევნებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა შეეძლოს. დაუშვებელია რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის საარჩევნო ან პოლიტიკური უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმის გამო, რომ მას საზოგადოების ნაწილი მხარს არ უჭერს; მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი - ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს სრული ნდობა, რომ არჩევნების შედეგი რეალურ საზოგადოებრივ განწყობებს ასახავს. დღეს პოლიტიკური ველი გაშეშებულ კადრს ჰგავს, მისი ამოძრავების ყველაზე რეალური გზა კი სამართლიანი არჩევნებია. სწორედ აქტიური საარჩევნო მონაწილეობა შეიძლება გახდეს ის მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ უძრაობას დაასრულებს.

- როდესაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობთ, ალბათ, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებსაც გულისხმობთ, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს და მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას. რა ხდება "ოცნების" კულუარებში?

- მხოლოდ მდინარაძის გადადგომაზე არ არის საუბარი. ეს უფრო ფართო პროცესია - ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და ფუნქციონერი ჩამოშორდა პროცესს: ზოგი დაპატიმრების, ზოგი გადადგომის შედეგად... პრესკონფერენციაზე გადადგომის შესახებ მდინარაძის განმარტებები, ჩემი აზრით, სერიოზულად ვერ აღიქმება. იმდენად ზედაპირული და დაუჯერებელი იყო, რომ ეს, პირველ რიგში, ქართველი ამომრჩევლის უპატივცემულობაა. მდინარაძის განცხადება აჩენს მოლოდინს, რომ ეს პროცესი ამით არ დასრულდება, მით უფრო, რომ მმართველ გუნდს ახალი კადრებით ჩანაცვლების რესურსი სულ უფრო უმცირდება. ამიტომ ჩნდება კითხვა: ხომ არ განიხილავს "ქართული ოცნება" ვადამდელი არჩევნების გზით პოლიტიკური ვითარების გადატვირთვას? განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპოზიცია დასუსტებულია, საზოგადოებაში კი პოლიტიკური ნიჰილიზმი მაღალია. რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესებს, "ქართული ოცნება", კლასიკური გაგებით, პრინციპების გარშემო გაერთიანებული პარტია არ არის, ეს უფრო ინტერესთა ჯგუფების ერთობლიობაა, რომელსაც რესურსზე წვდომა და მისი გადანაწილება აერთიანებს. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები და სამართლებრივი დევნაც ხშირად ამ რესურსის გადანაწილებასა და ჯგუფებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილებას უკავშირდება...

- თქვენ, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, აპირებთ თუ არა "ქართული ოცნების" ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებას?

- თუ საკითხს ემოციების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური ლოგიკით შევხედავთ, ეს არის ის რესურსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ვსაუბრობ იმედგაცრუებულ, გზააბნეულ, პოლიტიკური არჩევანის გარეშე დარჩენილ "ქართული ოცნების" ან ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ეს არის ამომრჩეველი, რომელსაც სჭირდება პროგნოზირებადი და სტაბილური გადასვლა ერთი ეტაპიდან მეორეზე, რყევების გარეშე. ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობ - ჩვენს პარტიას აქვს პრეტენზია ხელი გაუწოდოს სწორედ ასეთ ამომრჩეველს.

- ფიქრობთ, რომ ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ?

- რა თქმა უნდა, შეუძლიათ. თუმცა დღეს ისინი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ. მათ აქვთ საკუთარი, საკმაოდ მყარი საარჩევნო კლასტერები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ არჩევნებში გადამწყვეტი სიტყვა თქვან და სასურველი შედეგი მიიღონ. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი ამ პოლიტიკურ პოლიფონიაში. "ჯერ საქართველოს" აქვს თავისი, უნიკალური სეგმენტი, როგორც პოლიტიკური ხელწერით, ისე იმ ამომრჩევლით, რომელსაც დღეს არსებული ოპოზიციური სპექტრიდან არც ერთი არჩევანი არ აკმაყოფილებს და საკუთარ ხმას იქ ვერ "აბინავებს". ჩვენ სწორედ ასეთ ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ არჩევანი.

- თქვენი პოლიტიკური ძალა მზად არის თუ არა სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვის, თუკი საერთო მიზანი სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა იქნება?

- მოლოდინი, რომ ოპოზიცია უფრო მეტად ითანამშრომლებს, უკვე ხანდაზმული თემაა. ახალი არაფერი იქნება იმაში, თუ უბრალოდ ფორმალური გაერთიანების კიდევ ერთ ცდას ვიხილავთ. ასეთი გაერთიანება ხშირად არა მხოლოდ კანონით, პოლიტიკური კულტურის დეფიციტის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამიტომაც არაერთი კეთილშობილური ინიციატივა საბოლოოდ მარცხით მთავრდება ან თანამშრომლობა საერთო ფოტოს, პრესკონფერენციისა და ბრიფინგის იქით ვერ მიდის.

როდესაც ჩვენ სამართლიანი არჩევნების ინიციატივა წამოვაყენეთ, ამ მოთხოვნას სხვა პოლიტიკური დატვირთვაც მივეცით: გვინდოდა თავად ეს იდეა ქცეულიყო ალტერნატივად. ხშირად გვესმის კითხვა: "თუ ესენი არა, მაშინ ვინ?" ჩემი აზრით, სწორედ ეს "ვინ" უნდა ჩამოვაშოროთ პოლიტიკურ დღის წესრიგს. პიროვნებებსა და კონკრეტულ პარტიებზე დაყრდნობილი "ერთადერთობა" უნდა ჩანაცვლდეს პრინციპზე დაფუძნებული ერთიანობით, ასეთი პრინციპი კი შეიძლება სწორედ სამართლიანი და ობიექტური არჩევნების მოთხოვნა იყოს. ამის შემდეგ არჩევნების შედეგის მიხედვით განისაზღვრება ქვეყნის პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტებიც. რა თქმა უნდა, საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ტენდენციებზე მსჯელობა აუცილებელია, მაგრამ დღეს ამ საკითხებზე გადაჭარბებული ფოკუსირება, ჩემი აზრით, სწორი არ არის. მოდი, ჯერ ჩავატაროთ არჩევნები და შემდეგ მათი შედეგიდან გამომდინარე, დავუბრუნდეთ ამ დისკუსიებს. ასეთი მიდგომა თავად პარტიებსაც დაეხმარება უკეთ კონსოლიდაციაში და საზოგადოების ნიჰილიზმსაც გარკვეულწილად დააძლევინებს. "ჯერ საქართველოს" თითქოს ძალიან მარტივი და ბანალური სლოგანი მხოლოდ პოლიტიკური მოწოდება არ არის. ეს შეიძლება იქცეს ოპოზიციური ძალების თვითორგანიზებისა და კონსოლიდაციის პრაქტიკულ ინსტრუმენტად.

- თქვენ თქვით, რომ უკეთეს მომავალს პოლიტიკური ვენდეტით ვერ მივიღებთ. რა უნდა შეიცვალოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომ მუდმივი დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების ნაცვლად ნორმალური პროცესი დაიწყოს და სად გადის ზღვარი კანონის აღსრულებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შორის?

- თუ გადავხედავთ ქართული პოლიტიკის მრავალწლიან მანკიერ ტრადიციას, ხელისუფლებიდან წასვლა ხშირად მხოლოდ თანამდებობის დაკარგვას არ ნიშნავდა, მას შეიძლება მოჰყოლოდა ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და ზოგჯერ თავისუფლების აღკვეთაც კი. სწორედ ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს. პოლიტიკური პროცესი არ შეიძლება წინასწარ დაანონსებულ მუქარას უკავშირდებოდეს. ადამიანს არ უნდა ეუბნებოდე, თუ არჩევნებს წააგებ, მხოლოდ ხელისუფლებას კი არ დაკარგავ, არამედ სხვა უფლებებსაც და შესაძლოა თავისუფლებასაცო. ასეთი მიდგომა თავიდანვე გამორიცხავს ნორმალური პოლიტიკური პროცესისა და კომპრომისის შესაძლებლობას.

ხათუნა ბახტურიძე