დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა საქმეში არსებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებებს და ვიდეოკადრებს.
პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაურ ბუავა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, რაც მან და დაურ ბუავამ ერთად მოიხმარეს. ასევე, ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ, დაურ ბუავა ამბობდა, რომ მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრადლებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისივე განმარტებით, გონზე არ იყო. ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი გადარჩენა, მან დახმარების გარეშე მიატოვა დაურ ბუავა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა თავის გადასარჩენად ზომები მიეღო.