„დიახ, დაურს ემუქრებოდნენ, მაგრამ...“ - რას ჰყვება აფხაზი ბლოგერის მეგობარი, რომელიც მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ელაპარაკა
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც ქართველებისა და აფხაზების შერიგებისა და "საერთო მომავლის" აუცილებლობაზე საუბრობდა, თბილისში, დიდ დიღომში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი 27 აგვისტოს, სავარაუდოდ, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს. 31 წლის ბუავა აქტიური ბლოგერი იყო TikTok-სა და Facebook-ზე. ის აფხაზ თანატოლებს უხსნიდა, რომ ქართველები მტრები არ არიან, საუბრობდა რუსულ ანექსიასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაზე, რის გამოც მას აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი "მოღალატედ" მიიჩნევდა და აფხაზებისგან მუქარებსაც სისტემატურად იღებდა. ბუავას გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ეს გახდა - უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა?
ახალგაზრდა ბლოგერი ბინაში გარდაცვლილი მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა სამაშველო სამსახური გაუსაძლისი სუნის გამო გამოიძახეს. ბუავა ბოლოს კორპუსის კამერებმა 23 აგვისტოს დააფიქსირეს. მეზობლების თქმით, სწორედ ამ პერიოდში დაწერა მან საერთო ჩატში, რომ სადარბაზოს ჩიპი მოგლეჯილი იყო და იკითხა, ვინ გააკეთა ეს.
"გუშინ დილით მეზობელმა მოგვწერა, რომ შესასვლელში საშინელი სუნი იდგა. სასწრაფო დახმარების სამსახურს დავურეკეთ, მოვიდნენ და ბინაში ცხედარი იპოვეს. ის იატაკზე იწვა, ძლიერ შეშუპებული. როგორც ჩანს, დახმარების გამოძახება სურდა, მაგრამ ვერ შეძლო", - ამბობს მეზობელი.
ბუავას გარდაცვალების თავდაპირველ ეტაპზე შსს აცხადებდა, რომ მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. უკვე მეორე დილით შსს-მ ახალი დეტალები გაავრცელა. უწყების ცნობით, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს - დაკავებული ქალი და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი ბუავას ნაქირავებ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. დაკავებულის გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ქალმა მარტო დატოვა, ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან ისე წავიდა, რომ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს. გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს...
დაურ ბუავას ქართველი მეგობრები 1-ლ სექტემბერს დაკრძალავენ. დაკრძალვაზე რუსეთიდან ჩამოვა მისი დედა.
ვინ იყო დაურ ბუავა
დაურ ბუავა 2021 წელს 26 წლის ასაკში ტყვარჩელიდან ენგურს გამოღმა საქართველოში გადმოვიდა და საცხოვრებლად თბილისში დარჩა. ის იყო აქტიური პროქართველი ბლოგერი, აჩვენებდა ვიდეოებს, როგორი განვითარებული და ლამაზია საქართველო. საუბრობდა აფხაზეთის პრობლემებზე, რუსეთის გავლენასა და ანექსიაზე, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალზე. ამბობდა, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით უნდა არსებობდეს. მის ყოველ ვიდეოს დიდი გამოხმაურება ჰქონდა აფხაზეთში. 2022 წელს ქართველ მეგობრებთან ერთად ახალგაზრდული ორგანიზაცია "ამრა" დააფუძნა და გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. "ქართულ მხარეზე" გადასვლისა და "ტიკ-ტოკზე" გამოქვეყნებული ვიდეოების გამო მას აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფოს ღალატისთვის" ბრალი წარუდგინა - ბრალდება 10-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მას ასევე ედავებოდნენ აფხაზების "გადაბირებასა" და საქართველოში გადასვლის პროპაგანდას.
2023 წელს ბუავამ თბილისში ერთგვარი სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა - რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ადგილას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "გამარჯობა, მე ვარ აფხაზი, თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე". ვიდეო, რომელიც ბლოგერმა სოცქსელებში გაავრცელა, ემოციური გამოვიდა, მასთან მიდიოდნენ გამვლელები და ეხუტებოდნენ. დაურს ქართულ-აფხაზურ მეგობრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის პრობლემებზე საუბარი არ შეუწყვეტია. მას კომენტარებში აფხაზები მუქარანარევ მესიჯებს უგზავნიდნენ, მუქარიან გზავნილებს იღებდა ტელეფონზეც.
მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელებში. ენგურს გამოღმა საქართველოში ათასობით ადამიანი სიყვარულსა და ტკივილს გამოხატავდა: "დაური იყო ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის"; "ეს ბიჭი იყო გზა, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად ჩაგვიყვანდა სოხუმში, სადაც მონატრებული თოლიები გველოდებიან"; "ბებიაზე დარდობდა, მარტოა ტყვარჩელში და მელისო"; "ერთი სმარტფონით უფრო მეტი გააკეთა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, ვიდრე ბევრმა ორგანიზაციამ ერთად"; "დაურის გარდაცვალება ქართული სპეცსამსახურებისთვის უმძიმესი რეპუტაციული დარტყმა იქნება. ჩვენთან მეგობრობის ყველა მსურველს ექნება შიში, თუ ასეთი პოპულარული ბლოგერი ვერ დაიცავით, მე როგორღა დამიცავთ?". გამოითქვა ინიციატივა, რომ სოხუმის უნივერსიტეტში დაწესდეს მისი სახელობის სტიპენდია. სოცქსელებში გაჩნდა ვარაუდები, რომ ბუავა შესაძლოა აფხაზებმა ან რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს, რომ აფხაზს არ აპატიეს ქართველების სიყვარული და სხვების დასაშინებლად მოკლეს.
განსხვავებული იყო რეაქცია ოკუპირებულ აფხაზეთში. ტელეგრამარხებსა და "ფეისბუქზე" ბუავას "მტრის მხარეს გადასულ მოღალატე აფხაზად" მოიხსენიებდნენ: "ყველა მოღალატეს ასეთი ბედი ელის"; "გამყიდველები არსად არ უყვართ, ქართველებმა გამოიყენეს და შემდეგ მოიშორეს"; "ისეთებს ლაპარაკობდა, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი დასასრული მოსალოდნელი იყო"; "ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით საკუთარ ბინაში გარდაიცვალა აფხაზეთის მოღალატე ბლოგერი ბუავა. მალე ქართველები, ალბათ, ძეგლსაც დაუდგამენ"...
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაურის საქმე გაგრძელდეს"
მიხეილ კვატაშიძე, დაურ ბუავას მეგობარი და ორგანიზაცია "ამრას" თანადამფუძნებელი: - ბოლოს 22 აგვისტოს ველაპარაკე, მეგობრები ვიკრიბებით და გამოდი-მეთქი. მითხრა, ტელეფონი მეხუთე სართულიდან გადმომივარდა და გამიფუჭდა, ახლა პლანშეტით გწერ, ვერ გამოვალო. ტაქსის გამოგიძახებ-მეთქი, არაო. ამის შემდეგ რამდენიმე დღე არ შევხმიანებივარ. 26-ში დავურეკე და ზარი რომ არ გავიდა, ვიფიქრე, ტელეფონს რომ გააკეთებს, დამირეკავს-მეთქი. არც მომსვლია აზრად, რომ რამე დაემართა. დიღომში მარტო ცხოვრობდა, ნაქირავებში. მეუღლეს გაშორებულია.
- რა ვერსიები გაქვთ თქვენ, მეგობრებს? განიხილება ვარაუდი, რომ შესაძლოა მოკლეს.
- მისი საქმიანობიდან გამომდინარე ბევრი სტრესი ჰქონდა... გული აწუხებდა. ერთხელ ვარძიაში ვიყავით. გული მტკივაო, მითხრა და "სასწრაფო" გამოვიძახეთ. მეორე შემთხვევაც ყოფილა აქ, თბილისში, მე არ შევსწრებივარ. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეც ძალიან ნერვიულობდა... მაგრამ ნარკოტიკებს თუ მოიხმარდა, არასდროს შემიტყვია. ვიცოდი, ვიღაც არაქართველ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მე მიმალავდა, არ ვიცნობდი. ახლა მითხრეს დაკავებულის ვინაობა - ვალერია კირლიუკი...
- დაურის მშობლებს შეატყობინეთ?
- დედა და დები რუსეთში ცხოვრობენ. მე მომიწია დედისთვის ამის თქმამ. ჩამოვა. მეგობრები აქ სამშაბათს დავკრძალავთ.
- ვინ იყო დაურ ბუავა და როგორ აღმოჩნდა საქართველოში?
- როდესაც დაური აფხაზეთში ცხოვრობდა, ჰქონდა ლაივები, სტრიმები. მე აქედან რამდენჯერმე ჩავერთე. ყოველთვის მომწონდა, რადგან მისგან არ მოდიოდა აგრესია. ერთ დღეს მირეკავს, უკვე ზუგდიდში ვარო. შოკი მქონდა. ვუთხარი "მარშრუტკაში" ჩაჯექი და თბილისში დაგხვდები-მეთქი... თავიდან საქართველოში დარჩენას არ აპირებდა. ერევანში წასვლას გეგმავდა და უკან, აფხაზეთში დაბრუნებას. მაშინ ორი ვიდეო ჩაწერა - ერთი გმირთა მოედანზე, სადაც მშვიდობისკენ მოუწოდა, და მეორე - ქართველებთან ერთად სადღეგრძელო თქვა: ყველას ხსოვნა იყოს, ორივე მხრიდან, ვინც ამ ომში დაიღუპაო... ამან აფხაზების გაღიზიანება გამოიწვია, დაიწყო მუქარები, ჩამოხვალ და გაგანადგურებთ, მოგკლავთო. მისი დაბრუნება აფხაზეთში საშიში იყო.
დაურივით აქტიური და მამაცი არავინ ყოფილა. აფხაზეთში დღესაც ცხოვრობენ ნეიტრალური განწყობის ადამიანები, მაგრამ შიშის გამო დუმს ყველა. დაურს აფხაზეთში ახლო ნათესავები არ ჰყავდა. დედა და დები რუსეთში ცხოვრობენ და, შესაბამისად, იქ დარჩენილი ოჯახის წევრებით მისი დაშინება რთული იყო. ჰყავდა მხოლოდ მოხუცი ბებია ტყვარჩელში, სულ ნაღვლობდა მასზე. ბებია ორი წლის წინ გარდაიცვალა. რამე რომ სჭირდებოდა, პირველად მე მირეკავდა. დაური ერთი წელი ჩემს მეგობართან ცხოვრობდა. შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ეხმარებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და მუშაობა დაიწყო. შემდუღებელი იყო, საამქროში მუშაობდა. მისი მთავარი საქმიანობა ბლოგერობა იყო, თან სულ შრომობდა პატიოსნად.
დაურმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ აფხაზებში საქართველოს თემატიკა აქტუალური გახდა. მისი მეშვეობით აფხაზები იგებდნენ, რა ხდებოდა აქ, რა პროცესები მიმდინარეობდა. იგებდნენ, რომ ქართველები და აფხაზები ძმები არიან და საქართველოში აფხაზი არავის სძულს. როდესაც ვნახეთ, რომ მის ვიდეოებს დიდი ინტერესი მოჰყვა, მისი ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ დავაფუძნეთ ორგანიზაცია "ამრა", აფხაზურად "მზე". კლასიკური გაგებით, ორგანიზაცია არა ვართ და მის ფარგლებში ჩვენი საქმიანობაც დიდად არ შეცვლილა. მხოლოდ ერთი პროექტი განვახორციელეთ - რუსთაველის ფონდმა დაგვიფინანსა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მუჰაჯირების კვალდაკვალ", რომელიც ბათუმში მცხოვრებ მუჰაჯირებსა და მათ ისტორიას ეხებოდა. ჩვენი საქმიანობა უფრო ჰობი იყო...
- აფხაზეთში ამბობდნენ, რომ დაური საქართველოს სპეცსამსახურებმა გადაიბირესო.
- სიცრუეა. ეს იყო გულიდან წამოსული მოძრაობა. დაური უბრალოდ ბლოგერი იყო. სოხუმის უნივერსიტეტმა შეგვამჩნია და ერთხელ ევროპარლამენტშიც წაგვიყვანეს. დაურმა იქაც აფხაზებისა და ქართველების შერიგებაზე ისაუბრა. ჩვენი საქმიანობა ცოტა სპეციფიკურია. თბილისში ბოლომდე ვერ აღიქვამენ, რას ვაკეთებთ, მაგრამ აფხაზეთში ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო, დაურ ბუავა ვინ არის, ბავშვიც გეტყვის. ჩვენ უფრო აფხაზეთზე ვიყავით კონცენტრირებული, გვინდოდა იქ მიგვეტანა ჩვენი ხმა და სათქმელი.
- თუ ემუქრებოდნენ და რამდენად რეალური იყო საფრთხე?
- მუქარა ყოველთვის იყო. გვემუქრებოდნენ ჩვენც და დაურსაც, თუმცა არ მახსენდება ისეთი კონკრეტული შემთხვევა, რომელსაც რეალური მოქმედება მოჰყვა. პირიქით, აფხაზები ჩამოდიოდნენ, ვხვდებოდით. ვისაც ენგურს გამოღმა გადმოსვლა და აქ ცხოვრების დაწყება უნდოდა, ან დაურს, ან მე მიკავშირდებოდა. დაური დაეხმარა ბევრს, მათ შორის დათო ხაჯიმბას, რომელიც ოჯახთან ერთად აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, ასევე სამსონ მარღანიას. თუმცა მარღანია მოგვიანებით უკან დააბრუნეს, იქ დარჩენილ მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. დაურის გარდაცვალება დიდი ტრაგედია და დანაკარგია, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი და ჩვენი დაწყებული საქმე გაგრძელდეს.
ეკატერინე ბასილაია