რას ამბობს ჩვენებაში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე? - რა დეტალებს ავრცელებს პროკურატურა?
"გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისივე განმარტებით, გონზე არ იყო" - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეეზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობთ, ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა."საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას დეტალურად მივაწოდოთ ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაურ ბუავა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, რაც მან და დაურ ბუავამ ერთად მოიხმარეს. ასევე, ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ, დაურ ბუავა ამბობდა, რომ მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრადლებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისივე განმარტებით, გონზე არ იყო. ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი გადარჩენა, მან დახმარების გარეშე მიატოვა დაურ ბუავა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა თავის გადასარჩენად ზომები მიეღო.ამავდროულად, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა დაურ ბუავას მიერ ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ს მოხმარების და ალკოჰოლის მიღების ფაქტები, ხოლო მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”.