რა ჯდება საზღვარგარეთ სწავლა? - კვირის პალიტრა

რა ჯდება საზღვარგარეთ სწავლა?

გლობალური განათლების ბაზრის მონაცემები და იუნესკოს კვლევები აჩვენებს, რომ მიუხედავად მკვეთრად გაზრდილი ფინანსური ბარიერებისა და გამკაცრებული სავიზო პოლიტიკისა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ნაკადი წლიდან წლამდე მაღალ ნიშნულზეა... საერთაშორისო სტუდენტების თითქმის ნახევარი კვლავ შვიდ ძირითად ქვეყანაში - აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, გერმანიაში, კანადაში, საფრანგეთსა და რუსეთში იყრის თავს, თუმცა სულ უფრო იზრდება ისეთი ახალი რეგიონული ჰაბების პოპულარობა, როგორიცაა თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საერთაშორისო აკადემიური რეიტინგი მკაცრ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მაგალითად, QS-ის კვლევა აფასებს 1500-ზე მეტ უნივერსიტეტს რამდენიმე ინდიკატორით, მათ შორის აკადემიური რეპუტაციით (40%), დამსაქმებელთა აღიარებით (10%), ფაკულტეტებისა და სტუდენტების თანაფარდობით (10%), მდგრადობით (5%), დასაქმების შედეგებით (5%) და სხვა.

კვლევებზე დაყრდნობით, ამერიკული უნივერსიტეტები ტოპათეულში დომინირებენ - მსოფლიოს უპირობო ლიდერები არიან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), სტენფორდის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი.

დიდი ბრიტანეთი უძლიერესი აკადემიური ცენტრებით გამოირჩევა - ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი (Imperial College London), ოქსფორდის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL).

აზიაში ლიდერია სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი (NUS) და ნანიანგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (NTU).

ევროპაში ლიდერობს შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი ციურიხში...

იმისათვის, რომ უკეთ გავერკვიოთ, რა ჯდება საზღვარგარეთ სწავლა და რა ფინანსურ ბარიერებს აწყდებიან სტუდენტები, კომპანია "ასისტენტის~ კომუნიკაციების მენეჯერს ნატალია ჭამიაშვილს ვესაუბრეთ. განვიხილეთ ის ეტაპებიც, რომელიც აპლიკანტებმა წარმატებისთვის უნდა გაიარონ.

- მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის (მათ შორის ქართველებისთვის) სწავლის საფასური ხშირად კოლოსალურ თანხებს აღწევს. რატომ ზრდიან წლიდან წლამდე წამყვანი უნივერსიტეტები ფასებს?

- ზოგადად, მაღალ გადასახადს განაპირობებს ჯვარედინი სუბსიდირება (კერძო უნივერსიტეტები საქართველოშიც ასე აკეთებენ), საერთაშორისო სტუდენტებისგან შემოსული გადასახადით აფინანსებენ ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებს, სტიპენდიის მქონე სტუდენტებს და სხვა. მნიშვნელო­ვანია, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან მზარდი საშუალო ფენა მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი თანხა დასავლური დიპლომისთვის, რაც უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს ფასები უპრობლემოდ გაზარდონ. ამასთან, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ის შტატების სახელმწიფო უნივერსიტეტებში მთავრობის სუბსიდიები წლებია მცირდება. ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ყველაზე მარტივი გზა საერთაშორისო სტუდენტებისთვის ფასის მომატებაა, რადგან მათზე სახელმწიფო ლიმიტები ან "ფასების ჭერი~ არ ვრცელდება.

ყველაზე ძვირად ღირებულია სწავლა ამერიკაში, სადაც საცხოვრებელი ხარჯებიც ძალიან ძვირია და სტუდენტის სწავლის შემდგომი დასაქმებაც ლატარიაა. ძვირია ავსტრალიაც და დიდი ბრიტანეთიც. კონტინენტური ევროპა ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომია. მაგალითად, გერმანიაში სახელმწიფო უნივერსიტეტების უმეტესობაში სწავლა უფასოა (მათ შორის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე). იხდით მხოლოდ სემესტრულ შესატანს (250-350 ევრო), რაც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტსაც. იტალიაში სწავლის საფასური სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიბმულია ოჯახის შემოსავალზე. ქართველი სტუდენტების უმეტესობა იხდის სიმბოლურ 500-1.500 ევროს წელიწადში და იღებს რეგიონულ სტიპენდიებს, რაც ფარავს საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს. ქართველი სტუდენტებისთვის ევროპაში მოქმედებს დაფინანსების უამრავი პროგრამა. მაგალითად, Erasmus Mundus, DAAD, Eifel, Hungaricum და სხვა.

თუმცა სერიოზული დაბრკოლებაა სავი­ზო­-ფინანსური მოთხოვნები და სავალდებულო დაზღვევა. მაგალითად, გერმანიაში ვიზის მისაღებად სტუდენტმა სპეციალურ ბლოკირებულ ანგარიშზე წინასწარ უნდა განათავსოს მინიმუმ 11.904 ევრო. დიდ ბრიტანეთში ვიზის განაცხადისთანავე იხდ­იან ჯანდაცვის სავალდებულო მოსაკრებელს (IHS), აშშ-ში კი უნივერსიტეტის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა 4.500 დოლარამდე აღწევს. პირველივე თვეს სტუდენტებს უწევთ მნიშვნელოვანი ერთჯერადი ხარჯების გაღება, როგორიცაა ავიაბილეთები, დროებითი სასტუმრო ბინის პოვნამდე, შემდეგ ავეჯი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის წლიური ან თვიური აბონემენტი... ამ ფარული ხარჯების გამო პირველი თვის ბიუჯეტი ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი გამოდის. ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით საწყისი ბიუჯეტი საკმაოდ განსხვავდება. მაგალითად, ლონდონსა და ნიუ-იორკში დაახლოებით 25.000 დოლარი გვჭირდება, დასავლეთ ევროპაში 15.000 ევრო წელიწადში, ცენტრალურ ევროპაში 12.000 ევრო, აღმოსავლეთ ევროპაში - 8.000-10.000 ევრო.

- ბევრი ფიქრობს, რომ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრა მხოლოდ ფინანსურად ძლიერი ოჯახების შვილებისთვისაა შესაძლებელი. რამდენად რეალურია სრული დაფინანსების ან გრანტების მოპოვება და რას უყურებს კომისია ყველაზე მეტად?

- ტოპ-უნივერსიტეტებში მოხვედრა ფინანსურ შესაძლებლობებზე მეტად აკადემიურ და პიროვნულ პროფილზეა დამოკიდებული, თუმცა თავად მომზადებისა და აპლიკაციის პროცესი ნამდვილად მოითხოვს გარკვეულ რესურსებს (ტესტები, აპლიკაციის მოსაკრებლები). ზოგიერთი პროგრამა აპლიკაციის ხარჯებსაც თავად ფარავს, მაგალითად, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამები ტოეფელზეც კი თავად არეგისტრირებენ აპლიკანტებს, რათა მეტ-ნაკლებად ყველას თანაბარი შანსი ჰქონდეს.

გლობალურ დონეზე სრული დაფინანსების მოპოვება სრულიად რეალურია (მე თვითონ 6 აკადემიური სტიპენდია მაქვს მიღებული), თუმცა მისი მექანიზმები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში (Harvard, Yale, Princeton, MIT, Amherst, Dartmouth) მოქმედებს Need-Blind პოლიტიკა ანუ კომისია აპლიკანტის შეფასებისას არ უყურებს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, ხოლო მიღების შემთხვევაში 100%-ით ფარავს სწავლის, საცხოვრებლის, კვებისა და ჯანდაცვის ხარჯებს. შესაბამისად, ქართველი სტუდე­ნ­ტების უმეტესობა ამ უნივერსიტეტებში წელიწადში, მაგალითად, 90.000 დოლარს კი არ იხდის, სრული დაფინანსებით სწავლობს.

ევროპაში სრული დაფინანსება ძირითადად სამთავრობო და რეგიონული გრანტებით გაიცემა (მაგ. იტალიის DSU/EDISU სტიპენდიები, უნგრეთის Stipendium Hungaricum, ბრიტანული Chevening ან Erasmus Mundus, Erasmus +)... კომისია გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით: აკადემიური მოსწრება (GPA) და ტესტის ქულები, სამოტივაციო წერილი და სამომავლო გეგმები, ლიდერული გამოცდილება, კვლევითი გამოცდილება და რეკომენდაციის წერილები. ასევე მნიშვნელოვანია კრედიტების შესაბამისობა იმ პროგრამასთან, სადაც სტუდენტს სწავლა სურს. მაგალითად, თუკი პოლიტიკის შესწავლა მინდა სამაგისტრო საფეხურზე, საბაკალავრო საფეხურზე აღებული უნდა მქონდეს 30 კრედიტი.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას აპლიკანტმა დაახლოებით ერთი წლით ადრე მაინც, რომ გაუმკლავდეს როგორც აკადემიურ, ისე ფინანსურ გამოწვევებს საზღვარგარეთ სწავლის დასაწყებად?

- უცხოურ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად მზადება უნდა დავიწყოთ მინიმუმ ერთი წლით ადრე. გავამზადოთ უნივერსიტეტების სია, დავყოთ სასურველ, რეალურ და უსაფრთხო კატეგორიებად. მოვიძიოთ დაფინანსების შესაძლებლობებზე ინფორმაცია, ჩავაბაროთ შესაბამისი გამოცდები (IELTS/TOEFL, SAT ან GRE/GMAT) და გავითვალისწინოთ დაახლოებით 1000-1.500 დოლარი საწყისი ბიუჯეტი მხოლოდ ტესტებისა და აპლიკაციების განხილვის მოსაკრებლებისთვის. სწავლის დაწყებამდე 9 თვით ადრე იხსნება აპლიკაციები, ვიწყებთ პროგრამის დეტალურ შესწავლას და ჩვენი კანდიდატურის პერსონალურ ბრენდინგს, ყველა დოკუმენტი ერთმანეთთან უნდა იყოს სინქრონში, ვაგროვებთ რეკომენდაციის წერილებს, ვთარგმნით და ვამოწმებთ დოკუმენტებს, ვგზავნით განაცხადს, საბოლოო 3-6 თვე კი ეთმობა ფინანსურ და სავიზო პროცედურებს. დაფინანსების პასუხების მიღების შემდეგ იხსნება ბლოკირებული საბანკო ანგარიში ან მზადდება საბანკო ამონაწერი საელჩოსთვის, იჯავშნება ვიზის რიგი და იწყება განაცხადის გაკეთება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელზე.

მარიამ ბუკია