ოპტიმისტები და პესიმისტები - ანუ როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი?!
25 აგვისტოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) შეფი ჯონ რეტკლიფი საიდუმლო ვიზიტით მოსკოვში ჩაფრინდა. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა, რა მისიით იმყოფებოდა რუსეთის დედაქალაქში მთავარი ამერიკელი მზვერავი. რუსულმა და ამერიკულმა მხარეებმა საკითხის გაუბრალოება სცადეს - რუტინული ვიზიტი იყოო, თუმცა ეს არავინ დაიჯერა. რეტკლიფის ვიზიტის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო თუ ირანის გარშემო შექმნილი მდგომარეობა? - ამ კითხვის პასუხად დასავლურ მედიაში ბევრი ვერსია გამოითქვა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო The Daily Telegraph-ის სტატია გახლდათ.
ამონარიდი სტატიიდან: „CIA-ს დირექტორის ამჟამინდელი ვიზიტი პირველია მას შემდეგ, რაც ჯონ რეტკლიფი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის წინ ვაშინგტონმა კიევს სთხოვა, შეეჩერებინა დრონებით დარტყმები რუსეთზე, სანამ აშშ-ის დელეგაცია ვიზიტს არ დაასრულებდა და მოსკოვიდან არ გაემგზავრებოდა. ცნობილი გახდა, რომ ჯონ რეტკლიფი მოსკოვში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს მოკლევადიანი ვიზიტი დაემთხვა აშშ-ის დაზვერვის მოხსენებას, რომ შესაძლოა რუსეთი შეეცადოს და ნატოსთან დაძაბულობა გაამწვავოს - მცირე სახმელეთო ინციდენტი ან კიბერშეტევა განახორციელოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაზე... ეს მოხსენება წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას აშშ-ის დაზვერვის ადრინდელი შეფასებებიდან, რომ ვლადიმირ პუტინი ნატოს თავს არ დაესხმებოდა, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდებოდა..."
"დეილი ტელეგრაფმა" ამას წინათ გამოაქვეყნა ევროპული და ამერიკული დაზვერვის სამსახურების გაფრთხილება, რომ რუსეთი განიხილავს შეიარაღებული პროვოკაციის შესაძლებლობას - რაკეტებით ან დრონებით შეუტიოს პოლონეთის ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს, ან განიხილავს სახმელეთო ინციდენტს უკრაინის დროშით, რათა შემდეგ ყველაფერი კიევს დაბრალდეს... უკვე რამდენიმე თვეა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები იმ მზარდ საფრთხეზე ლაპარაკობენ, რომელსაც რუსეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ქმნის. მოსკოვში ვიზიტისას, რომელიც უჩვეულო და მოულოდნელი იყო, მისტერ რეტკლიფმა, ალბათ, რუსეთი გააფრთხილა, რომ მსგავსი მოქმედება ვაშინგტონისთვის მიუღებელი იქნებოდა... ზოგადად, CIA-ს დირექტორის ვიზიტები მოსკოვში ხშირი არ არის. ჯონ რეტკლიფამდე, 2021 წლის დეკემბერში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად მოსკოვს მოულოდნელად უილიამ ბერნსი ეწვია...
ავიაციის მარშალმა ენდრიუ ტერნერმა განაცხადა (ის ადრე დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაგეგმვის უწყებას ხელმძღვანელობდა), რომ მთავარი ამერიკელი მზვერავის მოსკოვში ვიზიტი შესაძლოა აშშ-ის რუსეთზე ზეწოლის მცდელობა იყო, რათა კრემლმა ირანის მხარდაჭერა შეამციროს. "თეთრმა სახლმა" გამოაცხადა, რომ ირანზე ეკონომიკურ შეტევას მოახდენს და ქვეყნის იზოლაციას განახორციელებს. დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ დაიწყებს კამპანიას "ეკონომიკურად გადამწყვეტი დღის" რეალიზებისთვის, რათა ირანი ზავის პირობებზე დაითანხმოს. ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი კი უფრო შორს წავიდა და სანქციების დასაწესებლად დაასახელა 5 სფერო - ციფრული, ტექნოლოგიური, ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა, ავიაცია და საზღვაო გადაზიდვები. "ეს იქნება დღე D" (იმ დღის ანალოგი, როცა მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში ჯარები გადასხეს) - თქვა მან.
ავიაციის მარშლის, ენდრიუ ტერნერის შეფასებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვური ვიზიტი ერთობ უჩვეულო იყო და როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "ვფიქრობ, მისტერ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი უკავშირდებოდა ირანს და იმ სტრატეგიულ ზეწოლას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანზე ახორციელებს... ჩემი ვარაუდით, აშშ ცდილობს, რუსეთს შეაგნებინოს, რომ აუცილებელია ირანის მხარდაჭერის შეჩერება და ურთიერთობის საერთოდ გაწყვეტა... რუსეთის [პროირანული პოლიტიკა] ერთ-ერთი ის მიზეზია, რის გამოც ტრამპი თავის გეგმებს ვერ ახორციელებს".
ენდრიუ ტერნერის აზრით, საეჭვოა, რომ CIA-ს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში რუსეთ-უკრაინის ომით ყოფილიყო გამოწვეული, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების დროს მხარეებმა მოსკოვ-კიევის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. "შესაძლოა, ამ საკითხსაც ირიბად შეეხნენ, მაგრამ უფრო მგონია, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი მაინც ირანის თემა იყო!", - თქვა ტერნერმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპმა რამდენიმე მსოფლიო ლიდერს დაურეკა და მოსთხოვა, შეწყვიტონ ირანის რეჟიმის მხარდაჭერა! თავის მხრივ, ირანის ეკონომიკის მინისტრმა ალი მადნიზადემ ქვეყნის სახელმწიფო მასმედიას განუცხადა, რომ თეირანი მზად არის სანქციებისათვის და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მათი ფინანსური არტერიების გადაკეტვა არ შეუძლია!..
ირანთან ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, როცა გავრცელდა, რომ ამერიკის არმიას "პეტრიოტის" რაკეტა-დამჭერების მარაგი ეწურება, ტრამპი ეკონომიკურ ზეწოლაზე გადავიდა, რათა ომით დანგრეულ ირანს უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას. "ირანს ეკონომიკურად გავრიყავთ, იმ შემოსავლების ყველა წყაროს გადავკეტავთ, რომლითაც რეჟიმი საზრდოობს. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და ირანის იზოლირება", +- აღნიშნა ტრამპმა", - წერია სტატიაში.
მაინც რატომ ჩავიდა რეტკლიფი მოსკოვში?!
რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის მიზეზად სხვადასხვა დასავლური წყარო ზემოხსენებული ვერსიებიდან უფრო უკრაინის თემასა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე შექმნილ მდგომარეობას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, რეტკლიფმა მოსკოვში ჩაიტანა ჯერ კიდევ მანამდე გახმოვანებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა - საბრძოლო მოქმედებები წყდება, ნარჩუნდება დე ფაქტო არსებული მდგომარეობა და არავის არსაიდან ჯარები არ გაჰყავს. თუ რუსეთი დათანხმდებოდა მშვიდობას, მას მოეხსნებოდა სანქციების ნაწილი.
რატომ ჩავიდა მთავარი ამერიკელი მზვერავი მოსკოვში მაინცდამაინც ახლა?! იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში უკრაინელებმა უფრო სისტემური გახადეს დარტყმები რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე ("ვაილდბერიზის" შემდეგ "ოზონის" საწყობებსაც მიადგნენ, ბომბავენ სამხედრო ობიექტებს, ყირიმი, ფაქტობრივად, საალყო მდგომარეობაშია უკრაინული დრონებით), რაც რუსეთს აზარალებს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ შესაძლოა პუტინი "მომწიფდა" მშვიდობისთვის, თუმცა...
სხვადასხვა წყარო იმასაც იტყობინება, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. კერძოდ, პუტინმა ყოველგვარ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა და აქეთ მოითხოვა უკრაინისგან, შეეწყვიტა რუსეთის ტერიტორიასა და ყირიმზე დარტყმები, ოღონდ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. კრემლის ბინადარი დარტყმების სამ-ოთხჯერ გაძლიერებით დაიმუქრა. გარდა ამისა, სხვადასხვა ინფორმაციით, დაემუქრა ნატოს იმ წევრებს, რომლებიც უკრაინას აქტიურად ეხმარებიან...
დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რათა სექტემბერში დაგეგმილი რუსეთის დუმის არჩევნების წინ მოსახლეობის თვალში უკანდამხევად არ წარმოჩინდეს... თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს: "რაც არ უნდა ქნას პუტინმა, ამას პროპაგანდა მაინც გეოპოლიტიკურ გამარჯვებად შეუფუთავს და ხალხიც "ჭამს". ამასთან, რუსეთის დუმაში ასარჩევიც არაფერია - 3-4 ძირითადი პარტიაა, რომლებსაც პუტინი უყვართ... ალბათ, პუტინის სიჯიუტე პოლიტოლოგებმა კი არა, უფრო ფსიქოლოგებმა უნდა შეისწავლონ. კრემლის ბინადარი უცბად დაბერდა და ეს აუცილებლად აისახება მის გონებრივ შესაძლებლობებზეც. თუ დააკვირდებით კადრებს, სხვადასხვა შეხვედრებისას, ბავშვივით ჰყვება, რომ რუსეთი იმარჯვებს. ასევე, თუ რომელიმე შეხვედრისას ეტყვიან: "რა თქმა უნდა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ხალხი მზად არის, საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლოს" - ბავშვივით უხარია. პუტინს აქვს იდეა ფიქსი, რომ რუსეთი იმარჯვებს და მორჩა... ალტერნატიული ინფორმაცია მისთვის არ არსებობს და ვის აქვს ორი თავი, საწინააღმდეგო უთხრას?! პუტინს არ შეუძლია ნეგატიური ინფორმაციის მიღება. სხვათა შორის, ამით ჰგავს ჰიტლერს, რომელსაც ალყაშემორტყმულ ბერლინში სჯეროდა, რომ ვენკის დივიზია გაარღვევდა ალყას და რაიხი ბრძოლას გააგრძელებდა... თუმცა ჯერ მოსკოვი ალყაშემორტყმული არ არის"
მოკლედ, უკრაინული და დასავლური დაზვერვის მონაცემებით, პუტინი შემოდგომაზე 600-800 ათასი კაცის მობილიზებას აპირებს და შეეცდება, ზამთარში ომში გარდატეხა შეიტანოს. რამდენჯერმე გაზრდის დარტყმებს უკრაინულ ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით, რომ მოსახლეობას ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყოს და უკრაინა გაყინოს. დიახ, მედიაში ფართოდ შუქდება უკრაინული დრონებისა და რაკეტების დარტყმა რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, თუმცა ნაკლებად შუქდება ის, თუ რას უშვრებიან რუსები უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას.
დასავლელი ოპტიმისტი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ უკრაინამ ამ ზამთარს გაძლო და არ ჩამოიშალა, 2027 წელს შესაძლოა პუტინი მიხვდეს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოდის და დასთანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას. პესიმისტები კი ამბობენ, რომ სანამ პუტინი კრემლში ზის, მსოფლიომ მშვიდობაზე არ უნდა იოცნებოს.
აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია.
გიორგი კვიტაშვილი