ფაშინიანი სომეხ „ორჯონიკიძეებს“ აფრთხილებს, რომ რუს „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში  არ გააჭაჭანებს... - კვირის პალიტრა

ფაშინიანი სომეხ „ორჯონიკიძეებს“ აფრთხილებს, რომ რუს „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში  არ გააჭაჭანებს...

"დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების "მშვიდობისმყოფელები" სომხეთში ვერ შემოვლენ, სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხი ყველაზე კარგად დაიცავს მშვიდობას და არანაირი უცხოელი სამხედრო არ გვჭირდება ამისთვის სომხეთის ტერიტორიაზე", - ასეთი საქვეყნო მიმართვა გაავრცელა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას. ეს შემთხვევით არ მომხდარა, რადგან მანამდე გავრცელდა ხმა, თითქოს სომხეთის ოპოზიცია აპირებს თხოვნით მიმართოს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ძალებს სომხეთის რესპუბლიკაში შესაყვანად და აზერბაიჯანის საზღვართან ჩასაყენებლადო.

თუ ეს სიმართლეა, მაშინ ისტორიის გამეორების ცდასთან გვაქვს საქმე - 1921 წელს სწორედ ქართველი ბოლშევიკების "თხოვნით" "ცეცხლითა და მახვილით" შემოუძღვა ცხენზე ამხედრებული ორჯონიკიძე საქართველოში რუს ოკუპანტებს, მანამდე კი, 1920 წელს, სომეხმა ბოლშევიკებმა უღალატეს სომხეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას...

თანამედროვე "ორჯონიკიძეების" საფრთხე საქართველოში არათუ არ გამქრალა, არამედ ფეხსაც კი იკიდებს, ხოლო სომხეთში სიტუაცია კიდევ უფრო კრიტიკული გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა საბოლოოდ გადაწყვიტა სომხეთის შემოტრიალება რუსეთიდან ევროპისა და ამერიკის მხარეს, რამაც კრემლი ძალიან გააღიზიანა.

პუტინის გაცოფებას საზღვარი არ ექნებოდა, როდესაც შეიტყობდა, რომ ფაშინიანმა გაბედა და კიდევ ერთხელ (მეოთხედ!) დააპატიმრებინა 72 წლის რობერტ ქოჩარიანი, სომხეთის მეორე პრეზიდენტი (1998-2008), რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი თავის მეგობრად თვლის, რაც არაერთხელ უთქ­ვამს ხაზგასმით.

ამის პარალელურად პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი გამორიცხავს სომხეთის დაბრუნებას დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაში და აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ამ გაერთიანებაში ყოფნამ სომეხ ერს კარგი არაფერი მოუტანა და ამიტომაც მიატოვა ერევანმა ეს ორგანიზაცია, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ემზადება სომხეთის გასარიცხად თავისი რიგებიდან.

სომხები შეიძლება მართლაც ელოდნენ, რომ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ძალები რუსეთის მეთაურობით ჩაერეოდნენ და შეაჩერებდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მებრძოლ აზერბაიჯანის არმიას, მაგრამ ასე არ მოხდა და ვერც მოხდებოდა, რადგან "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა" თავად სომხეთსაც არ ჰქონდა აღიარებული.

დასავლეთისკენ პოლიტიკური გეზის შემოტრიალებამ კიდევ ერთი სერიოზული დაპირისპირება წარმოქმნა მოსკოვსა და ერევანს შორის - კრემლი დაბეჯითებით "ურჩევს" ფაშინიანს, რომ მან ჯერ რეფერენდუმი ჩაატაროს იმის დასადგენად, სურს თუ არა სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობას ევროკავშირისკენ სვლა, რაზეც ოფიციალური ერევანი პასუხობს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს, ყოველგვარი რეფერენდუმების გარეშე.

სომხეთ-რუსეთს შორის ამჟამად მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესები ძალზე წააგავს 2004-2008 წლების საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობის პერიოდს, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის არმიის შემოჭრითა და აგვისტოს ომით დასრულდა საქართველოსთვის.

სომხეთთან რუსეთს საერთო სახმელეთო საზღვარი არა აქვს, თუმცა თავად ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჰყავს განთავსებული გიუმრის სამხედრო ბაზა, 4 ათასამდე სამხედროთი და ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო რაზმები ათასამდე რუსი მესაზღვრით, რაც უკვე მნიშვნელოვანი პლაცდარმია, თუკი პუტინი კრემლში მორიგ "საზიზღრობას" ჩაიფიქრებს ამჯერად ევროპისკენ "გაჭრის" მსურველი სომხეთის წინააღმდეგ.

კრემლის ერთ-ერთი "საზიზღარი ჩანაფიქრი" შეიძლება იყოს სომხეთის ამჟამინ­დელი ხელისუფლების ძალის გამოყენებით შესაცვლელად სწორედ დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ძალების "შეყვანა" სომხეთის ტერიტორიაზე, რათა თავად სომხეთის მოქალაქეთა "თხოვნით" დაიცვან აზერბაიჯანის შესაძლო "თავდასხმისგან" სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

2022 წლის იანვარში დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ძალებმა მოახდინეს დესანტირება ყაზახეთში, ოღონდ თავად ყაზახეთის პრეზიდენტის თხოვნით ქვეყნაში დაწყებული მასობრივი არეულობების ჩასახშობად.

ამ ოპერაციაში რუსული სადესანტო დივიზიების დანაყოფების გარდა, ასამდე სომეხი სამხედროც მონაწილეობდა "მშვიდობისმყოფლის" ეგიდით, ისევე როგორც ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამხედროები.

მაშინ დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების გაერთიანებულმა ძალებმა ხელისუფლება შეუნარჩუნეს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოKკაევს, მაგრამ ამჯერად ამ ძალების მიზანი საპირისპირო შეიძლება იყოს - სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის "გაქრობა", რათა სამხრეთ კავკასიის ეს პატარა ქვეყანა არ "გამოძვრეს" "დიდი ძმის", რუსეთის ისტორიული "მფარველობიდან" და დასავლეთისკენ არასოდეს გაიხედოს.