ერთი ჩრდილოეთი კორეა რუსეთს უფრო ძლიერად აიარაღებს, ვიდრე მთელი ნატო უკრაინას?! - კვირის პალიტრა

ერთი ჩრდილოეთი კორეა რუსეთს უფრო ძლიერად აიარაღებს, ვიდრე მთელი ნატო უკრაინას?!

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 30 ათასზე მეტი სამხედროს და ასობით ბალისტიკური რაკეტის გაგზავნას აპირებს პუტინის დასახმარებლად და ეს ფხენიანის პირველი "მეგობრული" ნაბიჯი არ იქნება. აქამდე 15 ათასამდე ჩრდილოკორეელი სამხედრო იბრძოდა კურსკის ოლქში უკრაინის საექსპედიციო ძალების წინააღმდეგ, ათობით ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტაც აფეთქდა უკრაინულ ქალაქებში და მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი რუსეთის დახმარებისას კიმ ჩენ ინს 2 300 ჯარისკაცი და ოფიცერი დაეღუპა და სამ-ოთხჯერ მეტი დაეჭრა, კიდევ უფრო დიდი სამხედრო დახმარების გაწევას აპირებს, რისთვისაც კრემლიდან არანაკლებ დიდ ფინანსურ კომპენსაციას და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებსაც იღებს.

უკრაინა და კერძოდ, კიევი რომ ყოველ­ღამ სასტიკად იბომბება, ეს სამწუხარო რეალობაა დედაქალაქის სამმილიონიანი მოსახლეობისთვის, მაგრამ ვითარება უფრო ტრაგიკული გახდება, თუკი პუტინი დაიწყებს "ბოროტების ღერძის" მოკავშირე კიმ ჩენ ინისგან მიწოდებული ახალი მოდიფიკაციის ბალისტიკური რაკეტებით შეტევას.

რუსეთმა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში პირველად 2023 წლის 29 დეკემბერს გამოიყენა და ეს იყო ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების კვაზიბალისტიკური რაკეტა Hwasong-11A (დასავლეთში მას KN-23-ს უწოდებენ), რომელიც რუსული ანალოგიური დანიშნულების 9М723 "Искандер"-ის კლონია - სერიული წარმოება ააწყო კიმ ჩენ ინის რეჟიმმა კრემლის ნებართვით გადაცემული ნახაზებისა და ტექნოლოგიების დახმარებით.

დღემდე კიმ ჩენ ინმა პუტინის არმიას 150 ერთეულამდე KN-23 და მისი მოდიფიკაცია KN-24 ტიპის კვაზიბალისტიკური რაკეტა გაუგზავნა. მათი დიდი ნაწილი უკვე გამოიყენეს უკრაინული ქალაქების მიმართულებით... უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბოლო ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების განკარგულება­ში ამჟამად 50-მდე ჩრდილოკორეული რაკეტა კიდევ არის, თუმცა კიმ ჩენ ინი რაკეტების ახალ პარტიას უგზავნის პუტინს, რომლებსაც სასტარტო პოზიციები ვორონეჟის ოლქში ექნება, საიდანაც უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილს მისწვდებიან და მათ შორის კიევსაც. თუმცა უკრაინელი სამხედრო მზვერავების ოფიციალურ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ფხენიანმა მოსკოვს KN-30 ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც გადასცა, რასაც უკრაინის მასმედიაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ისედაც დაშინებულ მოსახლეობასაც გადაედო... თითქმის პანიკამდე მისულ სიტუაციას კი ის განაპირობებს, რომ KN-30, რომელსაც Hwasong-11C-საც უწოდებენ, მართალია, KN-23-ის მორიგი მოდიფიკაციაა, მაგრამ უფრო დიდი გაბარიტების და თითქოს შეუძლია 2,5 ან 4,5 ტონა მასის საბრძოლო ქობინის წაღებაც...

შეიძლება ეს ციფრები ქართველ მკითხველს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა რუსული "ისკანდერის" ქობინის აფეთქების მთელი სიმწარე მსოფლიოში პირველად ხომ სწორედ გორელებმა იწვნიეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მაგრამ ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების მოსახლეობისთვის.

საქმე ის არის, რომ რუსული კვაზიბალისტიკური "ისკანდერის" მოხვედრა და 480 კგ მასის მსხვრევად-ფუგასური ქობინის დეტონაცია მთლიანად ჩამოშლის კიევის მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და მათ მიმდებარე ბინებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩრდილოკორეული რაკეტის ქობინი 5-ჯერ ან სულაც 10-ჯერ უფრო ძლიერია და მისი აფეთქება რა დიდ ტრაგედიას დაატრიალებს კიევის საცხოვრებელ უბნებში - ჩრდილოკორეული KN-30-ის გამშვები მობილური სარაკეტო დანადგარი ხუთღერძიანი და ათბორბლიანია, რითაც გამოირჩევა რუსული "ისკანდერისა" თუ იმავე ჩრდილოკორეული KN-23-ის ოთხღერძიანი და რვაბორბლიანი გამშვები მანქანებისგან და თუკი სადმე რუსეთში დაფიქსირდა სწორედ ასეთი ათბორბლიანი გამშვები დანადგარი, მაშინ კიმს პუტინისთვის მართლაც გადაუცია თავისი ყველაზე "სასტიკი" რაკეტები და კიეველებს კარგი არაფერი ელოდებათ...

კრემლის ბებერი ბინადარი უკვე ყველაფერზე წამსვლელია და არც უკრაინელ მეზენიტეებს დარჩათ რუსული თუ ჩრდილოკორეული კვაზიბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი "პეტრიოტის" ანტირაკეტები... ისე, საოცარია, რომ ერთი პატარა, ათწლეულობით იზოლირებული და სანქციებდადებული ჩრდილოეთი კორეა ცდილობს ბევრად დიდი სამხედრო დახმარება გაუწიოს აგრესორ რუსეთს, ვიდრე მდიდარი და "უძლეველი" მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის 32 წევრი ქვეყნით ეხმარება უკრაინის დამცველებს.