„მე მათ ვაპატიე!“
ვიტორ ბორბა ფერეირა, ცნობილი როგორც რივალდო, "ბრაზილიური ჟინგას" სტილის ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელია. რივალდო დაიბადა 1972 წლის 19 აპრილს ბრაზილიის ღარიბ ქალაქ რესიფიში და ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი გახდა! რივალდო "ოქროს ბურთის" მფლობელია, კონფედერაციათა თასის, "კოპა ამერიკისა" და 2002 წელს ბრაზილიის ნანატრი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მისი სახელი გამარჯვებასა და გადამწყვეტ მომენტებთან ასოცირდება.
მოედანზე უნივერსალური, მოაზროვნე, საჭირო მომენტში
ცივი გონებით მოქმედი და ბრწყინვალე... რივალდო ქმნიდა საგოლე მომენტებს და თავად ასრულებდა მათ. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და თამაშსაც თავად წარმართავდა... თუმცა მისი კარიერის დიდი დროის განმავლობაში ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა, რომ არც ისე განსაკუთრებული იყო და ცდილობდნენ მისთვის საზღვრები დაეწესებინათ, მაგრამ ყოველ კრიტიკას რივალდო საუკეთესო თამაშით პასუხობდა და უფრო ძლიერდებოდა. ეცემოდა, კვლავ დგებოდა და გზას განაგრძობდა. სიჯიუტით, სიმტკიცითა და ურყევი რწმენით იბრძოლა მანამ, სანამ საკუთარი სახელი ლეგენდად არ აქცია. ეს მხოლოდ ვარსკვლავი ფეხბურთელის ისტორია არ არის, ეს არის ადამიანის ისტორია, რომელმაც დანებებაზე უარი თქვა!

"ბარსელონამ" რივალდო "დეპორტივო ლა კორუნიიდან" შეიძინა 1997-98 წლების სეზონის დასაწყისში. ის თანამემამულის, რონალდოს მემკვიდრედ მიიჩნეოდა და ამ როლის ღირსეულად შესრულება შეძლო. რივალდო ძლიერი ფეხბურთელი იყო და იმ დროისთვის იშვიათი უნარებით გამოირჩეოდა: საოცარი დრიბლინგით, ძლიერი დარტყმით, საჯარიმოებისა და პენალტების შესრულების განსაკუთრებული ნიჭით - და ეს ყველაფერი მარცხენა ფეხით! გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არ ყოფილა, უფრო მარცხენა გარემარბის ან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა "ბარსელონაში" გოლების წარმოუდგენელი რაოდენობა დააგროვა - 136 გოლი 253 მატჩში.
რივალდოს მიღწევები 1999 წელს განსაკუთრებულად დაფასდა, როდესაც მას "ოქროს ბურთი" გადასცეს.
2000-2001 წლების სეზონის ბოლო ტურში "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად და მეოთხე ადგილის დასაკავებლად "კამპ ნოუს" სტადიონზე "ვალენსიასთან" გამარჯვება სჭირდებოდა. რივალდოს პერფორმანსებიდან ერთ-ერთი საუკეთესო მისი ბენეფისი იყო "ვალენსიის" წინააღმდეგ, როცა 2001 წლის 17 ივნისს საკულტო ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია მოუპოვა. მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა, სამივე გოლი რივალდომ გაიტანა - 27 მეტრიდან შესრულებული ულამაზესი საჯარიმო დარტყმა; ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დაბალ კუთხეში დარტყმით გატანილი გოლი და 89-ე წუთზე საჯარიმო მოედნის გარედან შესრულებული ლეგენდარული მაკრატელა... იმ საღამოს რივალდო გუნდის უდავო ლიდერი და მთავარი იმედი იყო... მან მთელი სეზონის განმავლობაში "ბარსელონას" მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა საკუთარ თავზე აიღო.
2002 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რივალდო ისეთ დიდებულ ფეხბურთელებს უტოლდებოდა, როგორებიც იყვნენ მარადონა, პელე და ლიონელ მესი... ისინი, ვინც რივალდოს აკრიტიკებდნენ, ახლა თავებს ხრიდნენ, ბევრმა ბოდიშიც მოიხადა. ყველამ აღიარა, რომ რივალდო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო - ადამიანი, რომლის ბრწყინვალე თამაშმაც ბრაზილია მეხუთე ტიტულამდე მიიყვანა.
რივალდოს კი გულში წყენა არ დარჩენია: "2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველამ ბოდიში მომიხადა, რაც სასიამოვნო იყო. ამბობდნენ, რომ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობდი მოედანზე მაქსიმუმი გამეღო, მაგრამ ყველას ვერ ასიამოვნებ... თუმცა მე მათ ვაპატიე! ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მათი 90% ჩემ მიმართ დადებითად არის განწყობილი".

რივალდო არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და ერთმანეთის მიყოლებით მოპოვებული გამარჯვებებით მთელი მსოფლიო გააჩუმა... დღეს, როცა რივალდო უკვე კარიერას ჩამოშორებულია, მის სიდიადეს ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს. ის ფეხბურთის ლეგენდაა. კრიტიკაზე კი რივალდოს პასუხი ყოველთვის ერთი იყო: "მოუსმინე კონსტრუქციულ კრიტიკას, უგულებელყავი დაცინვა და ყველაფერი მოტივაციად აქციე. ითამაშე, გაუმჯობესდი, გაიზარდე!" სწორედ ამ დამოკიდებულების გადაცემას ცდილობს ის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც...
ეს ისტორია მხოლოდ ფეხბურთის შესახებ არ არის, ეს გამძლეობის ისტორიაა! ოცნებისთვის ბრძოლის ისტორია...
"ვიცოდი, მათ მოეწონებოდათ ჩემი თამაშის სტილი, რადგან რაღაც განსხვავებულს შევთავაზებდი. ისეთ რაღაცებს გავაკეთებდი, რაც მანამდე არასდროს უნახავთ", - რივალდო.
ნიკოლოზ თევდორაშვილი