კვავლოს დაჭრილი კოშკი კვლავ შველას ითხოვს! - კვირის პალიტრა

კვავლოს დაჭრილი კოშკი კვლავ შველას ითხოვს!

თუშეთში, ზღვის დონიდან ასეულობით მეტრის სიმაღლეზე, ერთადერთი ამ დრომდე შემორჩენილი ციხე-კოშკით, პირიქითა ალაზნის ხეობის თავზე წამომართულ არწივს ჰგავს სოფელი კვავლო - გვიანდელი შუა საუკუნეების კულტურული მარგალიტი.

ამ დღეებში სწორედ კვავლოდან შეგვეხმიანენ თუშები. როგორც წლების წინ, ამჯე­რადაც თქვენი დახმარება გვჭირდება, თუ არაფერი ვიღონეთ, XVII საუკუნის ხუთსართულიანი კოშკი მალე ჩამოინგრევა. იქნებ ამჯერადაც მიაწვდინოთ ხმა და აგრძნობინოთ ჩვენი სატკივარი შესაბამის სამსახურებს, რომ თუშეთში გზების ჩაკეტვამდე არქიტექტორ-რესტავრატორი და კონს­ტ­რუქტორი გამოუშვან, ძეგლს დიაგნოზი და­უსვან და მისი გადარჩენის გეგმა შედგესო.“

კვავლოს კოშკის გადარჩენის ისტორია 2009 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც თუშეთში მეორედ, კვავლოში კი პირველად ვიყავი. წელში გადალეწილი ციხეების გვერდით თუშების ბრძენი მეომრის, გიორგი თილიძის მსგავსად მედგრად იდგა ოდესღაც მისი საკუთრება, მკერდგაგლეჯილი კოშკი. იმ პერიოდში სოფელში მხოლოდ ერთი მოხუცი, დათიკო თუნაურიძე რჩებოდა, რომელიც ჩიოდა, ღმერთმა არ ქნას ციხე ჩაიქცეს, სოფელი სამარეს დაემსგავსება, კოშკი კი უძველეს ისტორიას თან წაიღებსო. "ზამთარს კი ვერ გადავეღობები, მაგრამ რომ ჩაინგრეს, გიორგისეულ კოშკს კაცურად დავიტირებო, - ამბობდა დათიკო.

კოშკს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა, მხოლოდ სტატუსი ვერაფერს ცვლიდა და მის დასაცავად კვავლოს სატკივარი საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანეთ.

1100fae0-dd62-40f1-8015-0fd19eaed695-1788102883.jpg

"კვირის პალიტრისა" და დაცული ტერიტორიების სააგენტოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, გიორგი შონვაძის აქტიურობით, კვავლოს კოშკის გადასარჩენად დიდი ტალღა აგორდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურა, ცნობილი ინგლისელი მკვლევარი, მწერალი და მეცენატი პიტერ ნესმიტიც (ავტორი წიგნებისა "საქართველო პოეზიის მთებში" და "ფეხით მოვლილი კავკასია") ჩაერთო. ნესმიტმა სწორედ "კვირის პალიტრის"“ სტატიით შეიტყო კვავლოს ტრაგედიის შესახებ. ლონდონში გამართულ შეხვედრებზე კი გიორგი შონვაძესთან ერთად საკითხი მწვავედ დააყენა და საერთაშო­რისო დონორების მოძიების ინიციატივით გამოვიდა... საზოგადოებრივმა ზეწოლამ და საერთაშორისო ინტერესმა შედეგი გამოიღო. 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კოშკის გამაგრება დაიწყო. ისე გაამაგრეს, რომ საფუძვლიანი რეაბილიტაციისა და რესტავრაციის დაწყებამდე გაეძლო. 2012 წლის ზაფხულის მიწურულს დროებითი "აბჯარი" ჩააცვეს და უკვე 14 წელია ამ "აბჯრით" იგერიებს დროს, ზამთრის მსახვრალ კლიმატსა და ზაფხულის მზეს. არადა, ერთ წელიწადში რესტავრაცია უნდა გაგრძელებულიყო...

"ისევ გეძახით, შემოგვეშველეთ!"

ნუგზარ იდოიძე, ადგილობრივი: - ყველაფერს თავისი დრო აქვს. როგორც თქვენ უწოდებთ, დროებითი "აბჯარიც" გაცვდა. კოშკი გვერდზე გადაიხარა, უფრო დაუმძიმდა დროის იარები და ვშიშობთ, თუ ზამთრის სეზონის დადგომამდე რაღაც არ ვიღონეთ, გაზაფხულს ვეღარ მიატანს. 2018 წელს, სოფელ კვავლოსაც მიენიჭა ძეგლის სტატუსი, მაგრამ რაში გვარგია მხოლოდ სტატუსები, თუ ყველაფერი განადგურდება? ეს კოშკიც მხოლოდ ნაგებობა ხომ არ არის? მთელი ისტორიაა: ცხოვრების, ბრძოლის, სიხარულის, გამარჯვებისა და კულტურის, რომელმაც ჩვენს დროში თითქოს ფასი დაკარგა. ფაქტია, კოშკის გადასარჩენად კვლავ საზოგადოებრივი აქტიურობა გვჭირდება. ისევ გეძახით, შემოგვეშველეთ!“

თუშები აცხადებენ, რომ უნდა დასრულდეს დაპირებებისა და მათი ამაოდ აღსრულების მოლოდინიც. სახელმწიფო სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში აცხადებდა, "თუშეთი უმდიდრესი რეგიონია. მისი კომპლექსური ძეგლები კი საქართველოს კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. უკვე გაკეთებულია თუშეთის რამდენიმე სოფლის სარეაბილიტაციო პროექტი. რაც შეეხება დამფინანსებელს, პროექტებს სახელმწიფოს ან ბიზნესმენებს წარვუდგენთ, შემდეგ მსურველი გაიღებს თანხას, რესტავრატორები კი საქმეს შეუდგებიანო".

"ვაქციოთ ეს კოშკი ერთობის სიმბოლოდ და კარგ საქმეს, საყოველთაო პასუხისმგებლობის გაღვიძებას დავუდოთ სათავე"

ნათია თილიძე, ადგილობრივი: - ამ დაპირებების თანახმად, 2013 წელს უნდა გაგრძელებულიყო კოშკის რესტავრაცია და ახლა საფრთხე სრულად გამორიცხული უნდა ყოფილიყო. ჩვენ კი კვლავ ვიხვეწებით, რომ ამდენი ხნის შემდეგ რესტავრაციისთვის კი არა, გამაგრებისთვის მოვიდნენ სპეციალისტები, შეაფასონ მდგომარეობა და სასწრაფოდ შექმნან გადარჩენის პროექტი. არ აქვს სახელმწიფოს ფული? თქვან! თუშები მზად ვართ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. არა მხოლოდ თუშები - ხალხს მშვნივრად ესმის, რომ ის, რაც თუშეთშია, მხოლოდ ჩვენი საკუთრება არ არის, მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ერთნაირად გვეკისრება პასუხისმგებლობა მის გადარჩენაზე. ისიც მშვენივრად გვესმის, რომ მკაცრი კლიმატისა და ციცაბო სერპანტინების გამო სამუშაოების ჩატარება იოლი არ არის, ამიტომ, სანამ ხალხი მთაშია და შეშველება შეუძლია, ხომ შეიძლება გადარჩენის სამუშაოებიც მანამ დაიწყოს?! შევძლებდით დახმარებას როგორც მუშახელი. წინა ჯერზეც, როცა გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მძიმე ტექნიკის ასვლა შეუძლებელი გახდა. მუშებსა და რეინჯერებს სამშენებლო მასალები, ხარაჩოები და გასამაგრებელი კონსტრუქციები 1500 მეტრის სიმაღლეზე ხელით აჰქონდათ. მთავარია, საქმე დროულად დაიძრას და ერთად ყველაფერს შევძლებთ! ვაქციოთ ეს კოშკი ერთობის სიმბოლოდ და კარგ საქმეს, საყოველთაო პასუხისმგებლობის გაღვიძებას დავუდოთ სათავე.“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით (საიტზეც აქვთ გამოქვეყნებული), უკვე 2018 წლის შეფასებითაც დასტურდება, რომ კვავლოს კოშკი კრიტიკულ ზღვარზეა. წლების წინ ჩატარებული დროებითი გამაგრებითი სამუშაოები საკმარისი არ აღმოჩნდა. ნალექმა, ყინვამ და მოუვლელობამ თავისი გაიტანა, კოშკის კედლებზე ბზარები გაფართო­ვდა, მშრალი წყობით ნაშენი ფიქლის კედლები გამრუდდა და ნგრევის საფრთხე ხელახლა დაემუქრა. მიუხედავად ამგვარი დასკვნისა, კვავლოს კოშკის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროექტი ჯერაც არ არსებობს. მიზეზი? ოფიციალურად არ გვპასუხობენ, არაოფიციალურად კი პროექტის შესაქმნელად და გადასარჩენად ფული არ არის.

"გვესმის, რომ ყველა საქმეს ფული სჭირდება. არ გვაქვს განწყობა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს შევაჩერდეთ ხელებში. ითქვას, რა არის საჭირო. ბევრი ვართ თუშები, არათუშები, ზოგადად ქართველები, ჩვენ გავიღებთ, შვილებს მოვაკლებთ ლუკმას, ფონდს შევქმნით, ოღონდ ჩაქცევის უფლება არ მივცეთ ჩვენს ისტორიას" - ამბობენ თუშები და აქვე კითხულობენ, თუ ევროპაში მარტივად აფინანსებს ბიზნესი და სხვადასხვა ფონდი ძეგლების აღდგენას, აქ რამ უნდა შეუშალოთ ხელი?

შვეიცარიული გამოცდილება და ქართული საგადასახადო ბარიერი

ევროპაში, მაგალითად შვეიცარიის ალპურ სოფლებში, ისეთ ავთენტიკურ დასახ­ლებებს, როგორიც კვავლოა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამ­შრომლობით ინარჩუნებენ. შედეგად, ეს სოფლები არა მხოლოდ ინარჩუნებენ კულტურულ იერსახეს, არამედ მაღალშემოსავლიან, მდგრად ტურისტულ ცენტრებად ყალიბდება... რატომ ვერ ვნერგავთ ამ მოდელს საქართველოში? პასუხი საგადასახადო კანონმდებლობასა და ბიუროკრატიულ ბარიერებშია.

საგადასახადო შეღავათების არარსებობა: საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად გაღებული ქველმოქმედება არ თავისუფლდება გადასახადებისგან. ბიზნესს არა აქვს წამახალისებელი ბიძგი, რომ მოგებიდან თანხა ისტორიული ძეგლების რესტავრაციაში გადაამისამართოს.

უცხოური ფონდების შეზღუდვა: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან პროექტების დაფინანსება მკვეთრად შეიზღუდა...

სპეციალისტების აზრით, გამოსავალი ერთია - კვავლოს კოშკის მაგალითზე საქარ­თველომ ახალი, ევროპული მოდელი უნდა გამოცადოს. შეიძლება შეიქმნას გამჭვირვალე ფონდი, სადაც თითოეულ მოქალაქესა და კომპანიას შეეძლება წვლილის შეტანა; კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა განახორციელოს მკაცრი მონიტორინგი, რათა რესტავრაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების, ავთენტიკუ­რობისა და არქეოლოგიური ნორმების სრული დაცვით; პარლამენტმა უნდა დაუშვას საგადასახადო შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ეროვნული მემკვიდრეობის გადარჩენაში ინვესტიციას განახორციელებენ.

ფაქტია, დღეს დრო არ იცდის. მეტი ნება რომ იყოს, კვავლოს გახლეჩილი მკერდიც გამთელდება და მეტსაც შევძლებთ.