როდესაც „უბრალოდ დაანებე თავი“ არ მუშაობს - ინტერვიუ ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილთან - კვირის პალიტრა

როდესაც „უბრალოდ დაანებე თავი“ არ მუშაობს - ინტერვიუ ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილთან

ალბათ ყველა ვიცნობთ ერთ ისეთ ადამიანს მაინც, ვინც სიგარეტის მოხმარებას პერიოდულად თავს ანებებს, თუმცა შემდეგ ისევ უბრუნდება. მითითება კი, რომ ეს ჩვევა მისთვის მავნებელია ხშირად ზრდის სტრესის ხარისხს და მოტივაციას კიდევ უფრო ამცირებს.

საინტერესოა, რეალურად, რა ქმნის ამ ჩაკეტილ წრეს, რატომ არ არის ნიკოტინდამოკიდებულება მხოლოდ ნებისყოფის საკითხი და რა ფაქტორები განსაზღვრავს მისი დაძლევის სირთულეს? აღნიშნულ საკითხებზე ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი საუბრობს:

  • არის თუ არა მოწევის შეწყვეტა მხოლოდ ნებისყოფის საკითხი და რა ხდის ამ დამოკიდებულებას ასეთ ძლიერ ფსიქოლოგიურ ბარიერად?

ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული მითია - თითქოს თუ ადამიანი ვერ ანებებს თავს მოწევას, უბრალოდ „საკმარისი ნებისყოფა არ აქვს“. სინამდვილეში, ნიკოტინზე დამოკიდებულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ქრონიკული დაავადებაა.ნიკოტინი პირდაპირ მოქმედებს თავის ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც სიამოვნების, მოტივაციისა და ჯილდოს განცდას აკონტროლებს. ყოველი ღერის მოწევის შემდეგ გამოიყოფა დოპამინი და ტვინი ამას სწავლობს, როგორც „სასიამოვნო“ და „გამორჩეულ“ ქცევას. დროთა განმავლობაში ტვინი ისე ეჩვევა ნიკოტინს, რომ მის გარეშე უკვე შფოთვა, გაღიზიანება, კონცენტრაციის გაძნელება და ძლიერი ლტოლვა ჩნდება.ამას ემატება ფსიქოლოგიური მხარეც. მოწევა მხოლოდ ნიკოტინის მიღება არ არის, მასთან ასოცირდება დილის ყავა, სამსახურში შესვენება, მეგობრებთან საუბარი, სტრესის მოხსნა და სხვა ყოველდღიური რიტუალები. სწორედ ამიტომ, ადამიანი რეალურად ერთდროულად ორ დამოკიდებულებას ებრძვის - ბიოლოგიურს და ქცევითს. ამიტომ მოწევის შეწყვეტა მხოლოდ ნებისყოფის გამოცდა არ არის - ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ტვინი და ყოველდღიური ჩვევები ეტაპობრივად ახალ რეჟიმზე გადადის.

  • როგორ მოქმედებს მწეველზე სტიგმა და რადიკალური აკრძალვა, ე.წ. „ყველაფერი ან არაფერი“ მიდგომა?

სტიგმა თითქმის არასოდეს ეხმარება ადამიანს დამოკიდებულების დაძლევაში.როდესაც მწეველს მუდმივად ესმის, რომ ის „სუსტია“, „უპასუხისმგებლოა“ ან „თუ უნდა, თავს დაანებებს“, მას უჩნდება დანაშაულის, სირცხვილისა და შფოთვის განცდა. პარადოქსია, მაგრამ სწორედ ეს ის ემოციებია, რის გამოც ბევრი ადამიანი ისევ იღებს სიგარეტს ხელში.ასევე პრობლემურია ე.წ. „ყველაფერი ან არაფერი“ მიდგომა. თუ ადამიანს ვეუბნებით, რომ ერთადერთი წარმატება სრულად და ერთ დღეში თავის დანებებაა, მაშინ ერთი შემთხვევითი სიგარეტიც კი მას სრულ მარცხად ეჩვენება. ფსიქოლოგიაში ამას „აბსტინენციის დარღვევის ეფექტს“ უწოდებენ. ადამიანი ფიქრობს: „რადგან ერთხელ მოვწიე, ყველაფერი წყალში ჩამეყარა“, და საბოლოოდ ძველ რეჟიმს უბრუნდება. დამოკიდებულების მკურნალობაში პროგრესი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულყოფილება. თითოეული მცდელობა და თითოეული დღე მოწევის გარეშე უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. როდესაც ადამიანი იწყებს თამბაქოს მოხმარების შემცირებას, მისი ორგანიზმი ნაკლებ ტოქსინებს იღებს და ეს რეალური, გაზომვადი პროგრესია. მცირე გამარჯვებების აღიარება ტვინს აძლევს დოპამინის ჯანსაღ იმპულსს და აშენებს რწმენას, რომ მას პროცესის მართვა შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლების საუკეთესო საშუალება მისი მოხმარების სრულად შეწყვეტაა.

  • როგორ უნდა ვესაუბროთ ზრდასრულ მწეველს ისე, რომ მას რეალური მოტივაცია გაუჩნდეს, შეწყვიტოს თამბაქოს პროდუქტების მოხმარება? რა მნიშვნელობა აქვს ეტაპობრივ, რეალისტურ გეგმას და პროფესიულ მხარდაჭერას ამ პროცესში?

ადამიანის მოტივირება წარმოუდგენელია ლექციებით, მუქარით ან დაშინებით. ბევრად უკეთ მუშაობს პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი, რასაც მოტივაციური ინტერვიუირება ჰქვია და ეფუძნება თვითდეტერმინაციის თეორიის ფუნდამენტურ პრინციპებს.ნაცვლად იმისა, რომ ვუთხრათ: „უნდა დაანებო თავი“, ჯობს ვკითხოთ: „რას გაძლევს მოწევა?“, „რა არ მოგწონს მასში?“, „რა შეიცვლებოდა შენს ცხოვრებაში, რომ აღარ მოგეწია?“როდესაც ადამიანი თავად იწყებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, მოტივაციაც გაცილებით უფრო იზრდება და მყარდება.

ძალზე მნიშვნელოვანია რეალისტური გეგმაც. ყველას არ შეუძლია ერთ დღეში მოწევის შეწყვეტა და ეს ნორმალურია. ზოგისთვის ეფექტურია კონკრეტული ტრიგერების ამოცნობა, ზოგისთვის - ეტაპობრივი შემცირება, ზოგისთვის კი მედიკამენტური დახმარება.კვლევები აჩვენებს, რომ ექიმისა და ფსიქოლოგის მხარდაჭერა, ასევე - საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტური მკურნალობა (მაგალითად, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, სპეციფიკური მედიკამენტები) მოწევის წარმატებით შეწყვეტის შანსს 3-4-ჯერ ზრდის იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც თავის დანებებას მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობენ.კარგია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დამოკიდებულების მკურნალობაში დახმარების თხოვნა სისუსტე კი არა, ყველაზე სწორი და მეცნიერულად გამართლებული გადაწყვეტილებაა. ‎

  • ფსიქიატრის თვალით, რას ნიშნავს „ზიანის შემცირების“ მიდგომა დამოკიდებულების მართვის კონტექსტში, როდესაც სრული შეწყვეტა ვერ ხერხდება? და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულ მწეველს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტისა და წვის პროცესის გავლენის შესახებ?

ფსიქიატრიასა და ნარკოლოგიაში, უფრო სწორად კი - დამოკიდებულების მედიცინაში, ჩვენი მიზანიც და იდეალური შედეგიც, რა თქმა უნდა, არის თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერი პროდუქტის სრულად შეწყვეტა. მაგრამ ექიმი რეალობასაც უნდა ხედავდეს.თუ პაციენტი დღეს ვერ ახერხებს სრულ უარს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დახმარება აღარ ეკუთვნის.ზიანის შემცირების იდეაც სწორედ ამას გულისხმობს. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჯანმრთელობის რისკს ამცირებს, უკვე მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს მოწევის წახალისებას და არც იმას, რომ ალტერნატიული პროდუქტი რისკისგან თავისუფალია. კვლევები ცხადყოფს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული მძიმე დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი წვის პროცესია (800°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გამოყოფილი კუპრი, ნახშირბადის მონოქსიდი და ათასობით ტოქსინი) და არა უშუალოდ ნიკოტინი, რომელიც ასევე დამოკიდებულებას იწვევს და მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ობიექტური ინფორმაციის მიწოდება შედარებითი რისკების შესახებ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გადადგას შუალედური ნაბიჯები. ეს ნიშნავს, რომ ექიმი არ ტოვებს ადამიანს მარტო მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჯერ ვერ მიაღწია იდეალურ შედეგს.

ასე, რომ ჩვენი მიზანია, პაციენტი დარჩეს მკურნალობის პროცესში, არ დაკარგოს მოტივაცია და საბოლოოდ მივიდეს სრულ შეწყვეტამდე.

  • რომ შევაჯამოთ, რა არის მნიშვნელოვანი როდესაც ნიკოტინდამოკიდებულებაზე და ამ დამოკიდებულების დაძლევაზე ვსაუბრობთ და რა იქნება თქვენი რჩევა მკითხველისთვის, რომელიც ამ ეტაპს გადის?

ბოლოს, მინდა, ერთ რამეს განმეორებით გავუსვა ხაზი: ნიკოტინზე დამოკიდებულება არ არის სუსტი ხასიათის ნიშანი. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.თუ მოწევის შეწყვეტას ცდილობთ, ნუ შეგეშინდებათ, თუ პირველივე მცდელობაზე მიზანს ვერ მიაღწიეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ. პირიქით, კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობას საბოლოო წარმატებამდე რამდენიმე მცდელობა სჭირდება. ამიტომაც თითოეული მცდელობა გამოცდილებაა და არა მარცხი.

დააკვირდით საკუთარ თავს - როდის გინდებათ მოწევა ყველაზე მეტად? სტრესის დროს, დილის ყავასთან, სამსახურში შესვენებისას თუ ემოციური დაძაბულობისას? როდესაც საკუთარ ტრიგერებს ამოიცნობთ, მათთან გამკლავებაც გაცილებით მარტივი ხდება.ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მარტო არ დარჩეთ. დღეს არსებობს ეფექტური ფსიქოლოგიური და მედიკამენტური დახმარება, რომელიც მოწევის შეწყვეტის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

და ბოლოს, გახსოვდეთ - ყოველი არამოწეული სიგარეტი, ყოველი შემცირებული ღერი და ყოველი მცდელობა თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი საბოლოო მიზანი ყოველთვის თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერი პროდუქტის სრულად შეწყვეტაა, თუმცა ამ მიზნამდე მისასვლელი გზა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია. ექიმის ამოცანა არა განსჯა, არამედ მხარდაჭერაა - დაეხმაროს ადამიანს იმ გზის გავლაში, რომელიც საბოლოოდ უკეთესი ჯანმრთელობისკენ მიიყვანს.