ომი არყის ბოთლებზეც გადავიდა - 4 მილიონი უკრაინული „ხორტიცას“ განადგურების საპასუხოდ, რამდენ მილიონ რუსულ „ფშენიჩნაიას“ ვერ დალევენ რუსი „მუჟიკები“?!
რუსეთ-უკრაინის ომმა რომ ტოტალური ხასიათი მიიღო და მოწინააღმდეგე მხარეები უკვე დიდად აღარ არჩევენ, სამიზნეები სამხედროა თუ სამოქალაქო, ამის თაობაზე აქამდეც კი ვწერდით, მაგრამ ამჯერად ომი... არყის ბოთლებსაც მისწვდა...
რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში მიზანმიმართულად ოთხი ჭურვის პირდაპირი მოხვედრით მთლიანად გაანადგურა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ცნობილი უკრაინული ფირმის - Global Spirits-ის „ჰორტიცას“ არყის ჩამომსხმელი ქარხანა...

ფოტო: რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად უკრაინული ლიქიორ-არყის ქარხანა „ხორტიცა“ იწვის...
ქარხნის წარმომადგენლების განცხადებით, რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ასევე მთლიანად განადგურდა სარეალიზაციოდ გამზადებული, „ხორტიცას“ 3-დან 4 მლნ-მდე არყის ბოთლიცო...
რაში სჭირდებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ამდენი უკრაინული არყის ბოთლის „ლიკვიდაციისთვის“ საბრძოლო მასალის დახარჯვა - რაც მეტ არყის ბოთლს გამოცლიან ფრონტის ხაზზე უკრაინის დამცველები და დათვრებიან, ეს ხომ უკეთესი უნდა იყოს რუსი ოკუპანტებისთვის?
მაგრამ აქ წინა პლანზე, სავარაუდოდ, გამოდის არა მარტო მოწინააღმდეგისთვის მატერიალური ზიანის მიყენების სურვილი, არამედ - ამ არყის ქარხნის მფლობელისადმი პირადი შურისძიების დიდი სურვილიც...
ზაპოროჟიეს „ხორტიცას“ ქარხანა ეკუთვნოდა საერთაშორისო ალკოჰოლური ჰოლდინგის - Global Spirits-ის დამკვირვებელთა საბჭოს ხელმძღვანელს, უკრაინელ მილიონერ ბიზნესმენს, 57 წლის ევგენი ჩერნიაკს, რომლის წინააღმდეგ საქმე აღძრა როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე - უკრაინის ხელისუფლებამ და თანაც - ერთნაირი ბრალდებით...
2023 წლიდან რუსეთის ფედერაცია ბიზნესმენ ჩერნიაკს ედავება უკრაინის არმიის დასაფინანსებლად 500 მლნ რუსული რუბლის გადარიცხვას და „ტერორიზმის ფინანსირების“ მუხლით მასზე რუსეთის ტერიტორიაზე ძებნაა გამოცხადებული.
ჩერნიაკი არც მშობლიურმა, უკრაინულმა პროკურატურამ დაინდო და 2024 წელს ბრალი დასდო „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში“ - 2022 წელს 6 მლრდი უკრაინული გრივნას ეკვივალენტი თანხის რუსეთის ბიუჯეტში გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით გადარიცხვის გამო.
გამოდის, რომ მოსკოვიც და კიევიც თითქმის ერთნაირ ბრალდებას უყენებენ ამ უკრაინელ ბიზნესმენს - რატომ აფინანსებდი მოწინააღმდეგის არმიასო...
არადა „ხორტიცას“ არაყი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთის ბაზარზე, ისევე, როგორც სარგებლობს თავად უკრაინაში და მას არც საქართველოში იწუნებენ (საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე), შესაბამისად, რუსეთში რეალიზირებული უკრაინული „ხორტიცას“ სააქციზო და სხვა გადასახადები ომის დაწყების წელს, როდესაც რუსეთის მაღაზიებში უკვე შეტანილი იყო უკრაინული არყის მილიონობით ბოთლი, ლოგიკურად რუსეთის ბიუჯეტშივე შევიდოდა და მისი მფლობელის დადანაშაულება, რომ ის ამით რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეხმარებოდა, უკრაინის წინააღმდეგ ომში, რთულად დასათანხმებელია...
მეორე მხრივ, ის, რომ „ხორტიცას“ უკრაინაშივე რეალიზება ავსებს უკრაინის ბიუჯეტს და ხმარდება უკრაინის არმიასაც, ამაში რუსი ბრალმდებლები, რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებიან.

ფოტო: უკრაინელი მილიონერი ბიზნესმენი ევგენი ჩერნიაკი რუსულ და უკრაინულ ბრალდებებს ნიუ-იორკში „არიდებს“ თავს, თუმცა მის „ხორტიცას“ ზაპოროჟიეში მაინც მისწვდნენ რუსული ჭურვები...
თავად ევგენი ჩერნიაკი ნიუ-იორკში ცხოვრობს და ნაკლებად ემუქრება დაკავება რუსეთის ან უკრაინის ძალოვნებისგან, მაგრამ მისი ბიზნესისთვის უკრაინაში კი შეიძლება დიდი პრობლემების შექმნა, რაც კიდეც გააკეთა რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეს ოლქში, არა მარტო „ხორტიცას“ 4 მლნ.-მდე არყის ბოთლის განადგურებით, არამედ - თვით „ხორტიცას“ თანამედროვე ჩამოსახმელი ქარხნის აფეთქებითაც, რომლის აღდგენა შეუძლებელია...
უკრაინელებს ვალში დარჩენა არ უყვართ და სარკისებრ მოქმედებებს ანუ რუსეთის ტერიტორიაზე „ფშენიჩნაიასა“ და სხვა რუსული არყების მწარმოებელ რომელიმე ქარხანაზე ან ქარხნებზე აუცილებლად იძიებენ შურს, მით უმეტეს, რომ ამ ომის მეორე-მესამე წელს უკრაინამ უკვე განახორციელა საჰაერო დარტყმები სპირტის მწარმოებელ რუსულ ქარხნებზე...
საერთოდ, სპირტის შემცველი ნაერთები დიდი რაოდენობით გამოიყენება სამხედრო ინდუსტრიაში და თვით სამხედრო ტექნიკაშიც, თუნდაც ტანკების, სხვა ჯავშანტექნიკისა და სამხედრო ავტომობილების ძრავების გაგრილების სისტემის რადიატორებში ჩასხმული ანტიფრიზის სახით და როდესაც მეომარ ქვეყანას უჩნდება ანტიფრიზის დიდი დეფიციტი, ზამთრის ყინვების დადგომის წინ, ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის მის ბრძოლისუნარიანობას...