"მეგობრებმა დაურ ბუავა იკითხეს და მან მაშინაც კი დაუმალა მისი მდგომარეობა მათ" - უკრაინის მოქალაქე ქალს პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.
პროკურატურა დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულის პიროვნებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, მას დაურ ბუავას ბინის დატოვებისას უამრავ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია და მან არც ერთ ადამიანს არ უთხრა, რომ ბინაში განსაცდელში იმყოფებოდა ადამიანი.
პროკურორის თქმით, მას პასუხისმგებლობის შეეშინდა და პოლიციას არ შეატყობინა. პროკურორის თქმითვე, მნიშვნელობა მხოლოდ იმას არ აქვს, ბრალდებული იმ მომენტში რა მდგომარეობაში იყო, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრებმა დაურ ბუავა იკითხეს და მან მაშინაც კი დაუმალა მისი მდგომარეობა მათ.
ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის განცხადებით, დანაშაული მსუბუქ კატეგორიას მიეკუთვნება და სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ უნდა გამოეყენებინა. ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
თავად დაკავებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს.
"ინტერპრესნიუსი"