იქ, სადაც ციცინათელები და ნისლი გაქრა
„ზაფხულის იდეალური დასვენება ჩემთვის, უპირველესად, თბილისური აგვისტოს ხვატისაგან თავის დაღწევას ნიშნავს. მთის შვილი ვარ და გულიც მუდამ იქით მიმიწევს, სადაც სიგრილე, წვიმა და ნისლია, სადაც სულს მშვიდად სუნთქვა შეუძლია. წვიმა და ნისლი ჩემი ყველაზე დიდი კომფორტია. გული მწყდება, რომ დროთა განმავლობაში ციცინათელებთან ერთად ნისლიც თითქოს სადღაც გაქრა... ჩემს ბავშვობასთან ერთად წავიდა...“ - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი საბა მეტრეველი ზაფხულთან დაკავშირებულ ამბებს გაიხსენებს, იმ მოგონებებს, რომლებიც მისთვის დაუვიწყარია.

- ბავშვობის ყველაზე დაუვიწყარი ზაფხული 1986 წელს უკავშირდება, როცა პირველად დავტოვე საქართველოს საზღვრები და საბჭოეთის დედაქალაქ მოსკოვში ამოვყავი თავი. ეს მოგზაურობა ნამდვილი თავგადასავალი იყო - მატარებლის ვნებიანი ხმაური, სიახლის მღელვარე მოლოდინი და შავკანიანებთან პირველი შეხვედრა, რომელმაც ბავშვურ წარმოდგენებში სრულიად ახალი სამყარო გადაშალა. მახსოვს, მაშინ ძალიან დამწყდა გული, მავზოლეუმში რომ არ წამიყვანეს და „დიდი ბელადი“ ვერ ვნახე, თუმცა ეს ბავშვური სევდა მოსკოვის თავბრუდამხვევმა რიტმმა, მასშტაბმა და სრულიად უცხო, ცოცხალმა გარემომ მალევე გადაფარა. სწორედ ამ შთაბეჭდილებებმა გახადა ეს ზაფხული ჩემი ბავშვობის ყველაზე მკაფიო და გამორჩეული მოგონება.
- ბავშვობაში, ტრადიციულად სად მიდიოდით ყველაზე ხშირად?
- სულ ვეძებდი სიმშვიდეს, მარტოობას და ასეთი თავშესაფარი მხოლოდ ბებიაჩემის სოფელი იყო. ყოველ ზაფხულს იმერეთის უმშვენიერეს სოფელ სორმონში ვატარებდი. ოლია ბებია - ასე მივმართავდი, თუმცა ნათლობის სახელი ბარბარე იყო და პასპორტშიც ასე ეწერა. თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ვალიას ეძახდნენ. ჩემთვის კი ის ოლია ბებია იყო - მარტოსული, სევდიანი, ალალი, მშრომელი, კეთილი, გაუხარელი... საიდანაც ჩემი მახსოვრობა იწყება, ბებიაჩემს აღარ ჰყოლია არც ქათამი (მელა და ვირთხა არ უჩერებდა), არც ძაღლი („ღამით რომ დაიყეფს, უფრო შემეშინდება, მეგონება, ვიღაც მომადგაო“), არც ძროხა - უკვე მოვლა აღარ შეეძლო. არ ჰქონდა არც რადიო, არც ტელევიზორი. ხანდახან იტყოდა, რადიო მაინც რომ იყოს, ადამიანის ხმას გავიგონებდი და იმედი მომეცემოდაო.
გარშემო მეზობლები აღარ ცხოვრობდნენ. მხოლოდ მოშორებით იდგა მასზე გაცილებით ასაკოვანი ნინა ბებიას სახლი. წყალს შორიდან ეზიდებოდა. ნამდვილი შეუმოსავი მონაზონივით, ლოცვასა და შრომაში ატარებდა წუთისოფელს. მარტოობის ბინადარი იყო, რადგან მე მხოლოდ ზაფხულობით შემეძლო მისთან ყოფნა... ფეხით დადიოდა ყველგან; მანქანაში ვერ ჯდებოდა - თავბრუ ეხვეოდა და გულისრევა ეწყებოდა. უთენია დგებოდა ყოველ კვირა დილით და წირვაზე დასასწრებად სორმონიდან ქუთაისში, მწვანეყვავილას ეკლესიაში მიდიოდა. ზაფხულის არდადეგებზე, ყოველ კვირა დილას, ერთად მივუყვებოდით ფეხით მწვანეყვავილას ეკლესიამდე ათკილომეტრიან გზას. მეუბნებოდა: რამდენ ნაბიჯსაც გადადგამ, იმდენ მადლში ჩაგეწერებაო, და მეც გახარებული ვითვლიდი ჩემს პატარა ნაბიჯებს. როგორი ბედნიერი ვიყავი მის გვერდით! დავყავდი სოფლის გაუქმებულ და დანგრეულ ტაძრებში; თვითონ ცოცხს წამოიღებდა და ასუფთავებდა ყველაფერს, მაგრამ, რადგან საკურთხეველში ქალის შესვლა არ შეიძლებოდა, იქაურობას მე მალაგებინებდა. ჩვენს სიგრძე თაფლის სანთლებს ანთებდა გელათსა და მოწამეთაში, მწვანეყვავილაზე, სორმონის სამებაში... ასე მაზიარა, ჯერ კიდევ ხუთი წლიდან ეკლესიურ ცხოვრებას, უბრალოებას, შრომასა და სიმართლის სიყვარულს.

- თუ არის საქართველოში ადგილი, სადაც ყოველ ზაფხულს ბრუნდებით?
-ეს არის ხევი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და დაბა სტეფანწმინდა! მოსწავლეობის პერიოდიდან მოყოლებული, ალექსანდრე ყაზბეგი ჩემი ყველაზე დიდი გატაცება იყო. მაშინ ისეთი განცდა მქონდა, თითქოს წინარე ცხოვრებაში თავად ყაზბეგი ვიყავი. პირველად 2002 წელს ავედი ხევში. როდესაც მის საფლავს მივეახლე, ემოციები ვერ შევიკავე და ხმით დავიტირე - მთელი გულით, ცას ძრავდა ჩემი გოდება. ბოლო 13 წელია, ყოველ აგვისტოს გული მხოლოდ აქეთკენ მიწევს - ამ კალმით ნახატ კუთხეში, ამ ხილულ სამოთხეში, „მაღალ ქარებთან, მაღალ ღრუბლებთან“ და ამ მოლაპარაკე კლდეებთან. ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე ხევის გარეშე... აქ არათუ სიცოცხლე, სიკვდილიც კი უფრო ადვილია. ამ ხალხმა მიმიღო, მიმიკედლა და დღემდე ჩემს ზღუდე-კედლად დგას. აქ მეგულება ყველაზე დიდი ბედნიერება - სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია, მეუფე იეგუდიელის ლოცვა-კურთხევით აღორძინებული სამონასტრო ცხოვრება. აქ დგას სიწმინდის უმთავრესი ბასტიონი - გერგეტის სამება, საქართველოს მთისა და ბარის, მისი მზე-ცარგვალის მცველი და დარაჯი. სხვათა შორის, 2028 წელი ალექსანდრე ყაზბეგის საიუბილეო წელია და მინდა, ვრცელი წიგნი-ალბომი მივუძღვნა მის უკვდავ ხსოვნას.
- უცნაური შემთხვევა ან გაუგებრობა, გქონიათ?
-1999 წელს პირველად წავედი რაჭაში, შოვში. იქ, სადაც ცა მიწას ებჯინება და მთები მარადისობის გუშაგებად დგანან - ჩემი ფესვების სათავეა. მეტრეველები კურორტ უწერიდან ვართ (უწერა და შოვი გვერდიგვერდ მდებარეობენ)... მაგრამ ეს „ვართ“ უფრო მეხსიერების ექოს ჰგავს, ვიდრე რეალობას. ჩემს წინაპარს, ბაბუაჩემის ბაბუას, კვირია გიორგი ძე მეტრეველს, ოდესღაც მიუტოვებია იქაურობა და იმერეთისკენ დაშვებულა. მას შემდეგ დრომაც და სისხლმაც იცვალა ფერი - ბაბუაჩემს ბუნდოვნად ახსოვდა, მამაჩემი კი საერთოდ არ ყოფილა წინაპართა ნასახლარზე.
შოვში როგორც კი გაიგეს, მეტრეველი ვიყავი, რაჭულმა სტუმართმოყვარეობამ მაშინვე ფუძისკენ მიმიხმო: „აგიყვანთ უწერაში, ვისი ანთი ხარო?“. ეს კითხვა: „ვისი ანთი ხარ?“, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გამოცანა აღმოჩნდა. ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდნენ, სანამ არ ამიხსნეს, რომ ეს ჩემი შტოს, ჩემი კერიის სახელს ნიშნავდა. მაშინ მივხვდი, რომ ვერასდროს მივაგნებდი ჩემს ფუძესა და კერიას. არც ის მეცოდინება, კონკრეტულად, უწერელ მეტრეველთა რომელი შტო ვარ…
უწერაში ვერ ავედი, რადგან იმ ეზოს მაინც ვერ ვიპოვიდი, საიდანაც კვირია წამოვიდა. პირველად უმწეობისგან მაშინ მომიწყლიანდა თვალები - საკუთარი სახლის კარი გეგულებოდეს და გასაღები კი სამუდამოდ დაკარგული გქონდეს. გავიდა დრო. მიწის ყივილმა თავისი ქნა. თბილისში ჩამოსულ რაჭველს ვთხოვე, უწერიდან ერთი პეშვი მიწა ჩამომიტანე-მეთქი. არ დაიზარა, მართლაც, ამისრულა ნატვრა და ერთ კვირაში მიწით სავსე ტომრით მომადგა. ფაქტობრივად, დასამარხი მიწა მომიტანა: უწერიდანაა, ჩემი მეგობარი იქაურია და მისი ვენახიდან წამოვიღეო. ჩემი დაკარგული სამშობლოს ნაწილი, ნაჭერში გამოვკარი ერთი პეშვი მიწა და პატარა ზარდახშაში მოვათავსე. სასთუმალთან მიდევს. ყოველ ღამე, როცა თვალებს ვხუჭავ, ამ პატარა ნაჭრით ვუკავშირდები ჩემს ფესვებს, რაჭის სიყვარულსა და იმ დაკარგულ უწერას, რომელმაც „თავის ანთად“ ვერ მიმიღო, მაგრამ სისხლით მაინც თავისად მცნო.
- გაიხსენეთ მოულოდნელი შეხვედრა ან ნაცნობობა, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში კვალი დატოვა.
- ეს, მართლაც, დაუჯერებელი ისტორიაა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მასში ღვთის ხელი ურევია. ქუთაისიდან ათიოდე კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ რიონში დავიბადე. 1985 წელს, ფაშიზმზე გამარჯვების მე-40 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტის ჩანაწერს აჩვენებდნენ ტელევიზიით. სცენის სიღრმიდან, პროჟექტორის შუქზე, მეტყველი ნაბიჯებით გამოვიდა საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე და იმ დაძაბული, ტრაგიკული ხმით დაიწყო მირზა გელოვანის წერილის კითხვა „ძვირფასო მშობლებო, დებო“... იმდენად ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი, რომ გადავწყვიტე, ამ დიდებული მსახიობის გასაცნობად თბილისში ჩავსულიყავი. წარმოიდგინეთ ბავშვის აკვიატებული სურვილი იმ ფონზე, როცა დედაქალაქში საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი; თანაც, ამ ქალბატონის სახელსა და გვარს მიღმა მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო და თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა. მისმა გამოსვლამ ისე შეძრა ჩემი სული, რომ აღარც ბინის მისამართზე ვფიქრობდი და აღარც ტელეფონის ნომერზე... სად უნდა ეპოვა ამხელა ქალაქში მხოლოდ ერთი დღით ჩამოსულ სოფლელ ბიჭს ზინა კვერენჩხილაძე?! ახლობლებს რომ გავანდე ჩემი ჩანაფიქრი, სიცილადაც არ ეყოთ - „როგორც კი ჩახვალ, სადგურზე მთელი თეატრალური საზოგადოება დაგხვდება და ვინც გინდა, გაიცანიო“. მე კი ჩემსას არ ვიშლიდი.

ქუთაისი-თბილისის მატარებელი დილის შვიდ საათზე ჩადიოდა დედაქალაქში და საღამოს თორმეტზე ბრუნდებოდა. ასე რომ, მთელი ერთი დღე ჩემს განკარგულებაში იყო. სოფელში დასასვენებლად ჩამოსულმა მეზობელმა დამაკვალიანა: სადგურიდან №2 ტროლეიბუსი მიგიყვანს რუსთაველის თეატრთან და თეატრალურ ინსტიტუტთანაცო. გავრისკე და პირველ აგვისტოს უკვე თბილისში ვიყავი. აგვისტოში ხომ თეატრებში სეზონი დახურულია, ინსტიტუტში სწავლა - შეწყვეტილი, ქალაქი კი - დაცარიელებული... ბევრი ვიხეტიალე, მაგრამ ვერც თეატრში და ვერც ინსტიტუტში ვერ მივაგენი ჩემს ზინა კვერენჩხილაძეს. დღის ორი საათი იქნებოდა, იმავე №2 ტროლეიბუსით ვაგზლისკენ ვბრუნდებოდი, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი დროულად მეყიდა. დაფიქრებული ვიდექი უკანა კართან: რას მეტყვიან რიონში, როგორ გამამასხარავებენ… სასწაულის ხომ გჯერათ?!
უცებ ოპერის თეატრის გაჩერებაზე უკანა კარებიდან ამოვიდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ზინაიდა კვერენჩხილაძე. მოულოდნელობისგან გავფითრდი: ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჯახა. მან საფულე გახსნა, ხუთკაპიკიანი ჩააგდო, ბილეთი აიღო და წინ გადავიდა. გავყევი... სრულიად დაბნეული ვიყავი, ვერ ვრწმუნდებოდი, ნამდვილად ის იყო თუ, უბრალოდ, ვინმე ჰგავდა. გადავწყვიტე, რომელ გაჩერებაზეც ჩავიდოდა, ჩავყოლოდი. ძველ კინოსტუდიასთან შავებში მოსილი ქალბატონი ჩავიდა. ჩავყევი. შუქნიშანზე წითელი აინთო. დრო ვიხელთე და ზურგიდან დაბალი ხმით მივმართე: ქალბატონო ზინაიდა! დიახ! - მოულოდნელად მიპასუხა მან. წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ჩემს გულს... სიხარულისგან ლამის გამისკდა! აღარც მახსოვს, რას ველაპარაკებოდი, რას ავურ-დავურევდი... ბოლოს, როგორღაც მოვიფიქრე და ავტოგრაფი ვთხოვე - სოფელში ჩემი უცნაური ვიზიტის წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი ხომ უნდა ჩამეტანა? მან სიამოვნებით მომიწერა ხელი პატარა უბის წიგნაკში, ტელეფონის ნომერიც ჩამაწერინა. შუქნიშანზე მწვანე აინთო და წავიდა.
ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ზინაიდა კვერენჩხილაძესთან. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. რამდენი მშვენიერი, დიდებული, ამაღლებული წუთი მაკავშირებდა მასთან... რამდენი გვიკამათია, რამდენჯერ გვიჩხუბია კიდეც. იყო პერიოდები, როცა გამებუტებოდა, აღარ მესაუბრებოდა; მერე გავიდოდა დრო და ისე შემირიგდებოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მისი მეშვეობით ქართული თეატრი ჩემთვის იქცა სულში ჩაღვრილ სათნოებად. ჩემი ცხოვრების სრულიად ახალი სამყარო გაიხსნა და დაიწყო ზინაიდა კვერენჩხილაძით.
- რომელია თქვენი საოცნებო ადგილი საზღვარგარეთ, სადაც ზაფხულის გატარებას ისურვებდით?
- ჩემი სულიერი პორტრეტის, ესთეტიკის, ლიტერატურული განცდებისა და სამყაროსადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით - შოტლანდიის მთიანეთი, კუნძული სქაი და ედინბურგის ძველი ქუჩები. შოტლანდია არის ადგილი, სადაც ზაფხული მზის მცხუნვარებით კი არ გტანჯავს, არამედ დაბალი, მძიმე ღრუბლებით, ხშირი ნისლითა და ხანგამოშვებითი წვიმით გეთამაშება - ეს სწორედ ის იდუმალი სივრცეა, რომელიც საკუთარ თავთან, სევდასა და დაუსრულებელ ფიქრთან აბრუნებს ადამიანს.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)