"იმ დღეს ვერასდროს ვივიწყებ. ხომ უდიდესი ელდა იყო გურამის დაღუპვა, მაგრამ თითქოს წინა პერიოდში, რაღაც მზადდებოდა საამისოდ" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს ვერასდროს ვივიწყებ. ხომ უდიდესი ელდა იყო გურამის დაღუპვა, მაგრამ თითქოს წინა პერიოდში, რაღაც მზადდებოდა საამისოდ"

(არქივი)

ერთად მხოლოდ 37 წელიწადს იცხოვრეს. უეჭველად დამეთანხმებით - თანაცხოვრებისთვის საკმაოდ ცოტა დროა. მაგრამ ისიც ხომ უმნიშვნელოვანესია, იმ ხანმოკლე პერიოდს როგორ გაატარებ? მათ კი ის წლები ძალიან ბედნიერად განვლეს, ბედნიერად და ლამაზად...

ერთმანეთი რომ გაუცნიათ, მამაკაცი 27 წლის ყოფილა, ქალი - 23-ის. მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თარიღებს რომ ვეცნობოდი, თვალი ციფრებისკენ გამექცა და უცნაური დამთხვევები აღმოვაჩინე. თითქოს, მათი ცხოვრება ციფრების მისტიკასთან იყო წილნაყარიო...

ფოტოგალერეა ზოგადად, მისტიკა და იდუმალება მამაკაცის შემოქმედებისთვის სულაც არ იყო უცხო და წყვილის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებსაც თუ დავუკვირდებით, ციფრები, განსაკუთრებით კი - "7" უჩვეულოდ ბევრჯერ მეორდება - ქალის დაბადება 1937 წელს და 27 წლის მამაკაცის გაცნობა-შეყვარება; მათი 37-წლიანი თანაცხოვრება; 1967 წელს მამაკაცის პირველი რომანის - "მეშვიდე ცის" ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნება, ხოლო 1979 წლიდან გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორობა. და ბოლოს - 1997 წლის 27 აგვისტოს მათი ამქვეყნიური განშორება...

ალბათ, ბევრისთვის "მეშვიდე ცის" ხსენება უმალ ერთ ხალისიან, კეთილ და მოსიყვარულე ადამიანს გაახსენებს, სწორედ იმ მამაკაცს, ვისი ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავიც უნდა გიამბოთ - საქართველოში სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფუძემდებელს, რომანების - "მეშვიდე ცის", "თვალი პატიოსანის", "აქტიური მზის წელიწადისა" და "სპირალის", ბევრი მოთხრობისა თუ პუბლიცისტური ნარკვევის ავტორს, ტრაგიკულად დაღუპულ მწერალს - გურამ ფანჯიკიძეს, რომელსაც, სამწუხაროდ, არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მის მეუღლეს, საუცხოო ქალბატონსა და გერმანული ენის სპეციალისტს, შესანიშნავ მთარგმნელს, თსუ-ის სრულ პროფესორს დალი ფანჯიკიძეს (შეუღლებამდე გვარად - კოკაიას) კარგად ვიცნობდი. შეხვედრებისას ქალბატონი დალი საინტერესო ამბებს მიყვებოდა ხოლმე ბატონ გურამზე.

ლაღი, თავისუფალი და ხმაურიანი

ერთხელ ჩავეკითხე, როგორი მეოჯახე იყო ბატონი გურამი-მეთქი და უყოყმანოდ მიპასუხა გურამი ოჯახის დიდი მოყვარული იყო. შვილებსა და შვილიშვილებზე გიჟდებოდა. საერთოდაც, მოსიყვარულე ადამიანი გახლდათ. შინ ძალიან ლაღი, თავისუფალი და ხმაურიანი იყო. მის ირგვლივაც ყოველთვის ხმაური და ჟრიამული იყო. მეგობრების მისვლა-მოსვლა უყვარდა. სადაც კი ქეიფობდა, ნაშუაღამევს იქაური სტუმრები ბოლოს მაინც ჩვენთან მოჰყავდა. სუფრას გამაშლევინებდა და აქ განაგრძობდნენ მოლხენას. სხვებივით, კაბინეტში კი არ მუშაობდა, არამედ - მისაღებ ოთახში, სადაც ყველანი ვტრიალებდით. ამ კაბინეტში (იმ დღეს სწორედ იქ ვისხედით მე და ქალბატონი დალი - ი.ხ.), მაგიდასთან ერთი ბწკარიც არ დაუწერია. შინ, ძირითადად, დილაობით მუშაობდა, რამდენიმე საათით, მერე ყოველთვის საზოგადოებრივ სარბიელზე გადაერთვებოდა ხოლმე. მუდამ აქტიურად ცხოვრობდა და რასაც ხელს მოჰკიდებდა, ის საქმე ყოველთვის საფუძვლიანად უნდა შეესწავლა. თუნდაც საგამომცემლო საქმეში, ბუღალტერიით დაწყებული, ყველა ნიუანსში ერკვეოდაო.

panjikidze1-1788261545.jpg

"გე-პე-ის" ჯაზის ქომაგისა და "უნივერსიტეტელი გოგონას" კონსენსუსი

ერთმანეთი რომ გაუცნიათ, გურამ ფანჯიკიძეს უკვე ტექნიკური განათლება ჰქონდა მიღებული, მეტალურგი გახლდათ, ქალბატონი დალი კი ჯერ კიდევ თსუ-ის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტის სტუდენტი. ჟურნალისტობას აპირებდა, თურმე და გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოუქვეყნებია წერილი, სადაც დაუწუნებია და "საბჭოთა ადამიანის აზროვნებისთვის შეუფერებელი" უწოდებია იმჟამინდელი "გე-პე-ის" (დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ჯაზისთვის, რომელიც იმ დროს ქუხდა. ბატონ გურამს კი ამის გამო თავის გაზეთში ანუ "გე-პე-ის" გაზეთში, რომლის რედაქტორიც თავად იყო, სასტიკად გაუკრიტიკებია "უნივერსიტეტელი გოგონა". საქმეების გასარკვევად ერთმანეთს შეხვედრიან, ნაცნობობა კი მალევე სიყვარულში გადაზრდილა. პირველი შეხვედრიდან საკმაოდ მალე, ექვს თვეში დაქორწინებულან. - ხომ ხედავთ, ყველაფერი ხდებაო, - ღიმილით მიამბო ქალბატონმა დალიმ. როდესაც ჩავეკითხე, "გე-პე-ის" ჯაზთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიეთ-მეთქი? - სასაცილო ის იყო, რომ მეც ძალიან მომწონდა "გე-პე-ის" ჯაზი, მაგრამ ჟურნალისტობა რომ მინდოდა, ვითომ ამით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ვასიამოვნე და, თანაც, ყურადღების ცენტრში მოვექეცი. თუმცა, საბოლოოდ, ჟურნალისტობა მაინც გადავიფიქრე და გერმანული ენის შესწავლა ვარჩიე. რაც შეეხება გურამს, მართალია, მომლხენი და მოქეიფე იყო, მაგრამ ამით არასდროს აზარალებდა საქმეს. ის ქეიფიც მხოლოდ ღვინის სმა ხომ არ იყო - ეს ადამიანებთან ურთიერთობის, საინტერესო საუბრების საშუალებაც გახლდათ. საერთოდ, გურამი ძალიან უშუალო იყო და ბევრს უყვარდა. ყველა მის საუკეთესო მეგობრობას იჩემებდაო.

განაგრძეთ კითხვა