"“არაერთი თვითმკვლელობა...“ - ღარიბაშვილის ეს წერილი ამყარებს იმ ეჭვებს, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი ჰქონდა“ - ხატია დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაში არსებული ფორმულირებები "საგანგაშოა".
დეკანოიძის თქმით, ყოფილი პრემიერი "ხელს ადებს" პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რომ ისინი "კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე" მიჰყავდათ ადამიანები.
"ღარიბაშვილის ეს წერილი ამყარებს იმ ეჭვებს, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი ჰქონდა: განსაკუთრებით რიჟვაძისა და ციხის უფროსი დავით გოგობერიშვილის შემთხვევებში. “არაერთი თვითმკვლელობა” - ეს არის ფორმულირება მის წერილში და საკმაოდ საგანგაშო.
მსგავსი ფორმულირება ეხება ადამიანების სიცოცხლეს და უმძიმეს დანაშაულს, რომელზეც მიანიშნებს ღარიბაშვილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ყველაზე დიდი ხნის მსახური ხელს ადებს კობახიძე/მდინარაძეს, რომ კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ", - წერს დეკანოიძე.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.