“სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებობდა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა, რამე ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ“ - თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი
ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილის სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სვიმონიშვილი აცხადებს, ელიზბარაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს.
„ქალაქის სამმართველოში, ნომერ მესამე დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. გუშინ, გვიან ღამით ვიყავი შესული, დღესაც ვაპირებ შესვლას. ის პოლიციელების მხრიდან მის მიმართ სავარაუდოდ, უფლებების დარღვევაზე საუბრობს, უფრო დეტალურად მასთან ამ საკითხზე საუბარს დღეს ვაპირებ.
სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებობდა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა, რამე ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ სახლიდან, რაც უკანონო იქნებოდა. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, ფიზიკურად არ ვიცნობ საქმის მასალებს, რადგან თამაზ ელიზბარაშვილი ბრალდებული არ არის და მხარე არ ვართ“, - აცხადებს სვიმონიშვილი.
რაც შეეხება მის კოლეგას, ელიზბარაშვილის კიდევ ერთ ადვოკატს, ია სირანაშვილს, ის წუხელ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.