“იყო ძალიან რთული პერიოდებიც..." - ნინო კასრაძისა და მისი ქალიშვილის, სალომე თოფურიას გულახდილი ინტერვიუ
ანა ტყებუჩავას გადაცემის "მეხუთე ელემენტის" სტუმრები მსახიობი დედა-შვილი - ნინო კასრაძე და სალომე თოფურია იყვნენ. ისაუბრეს დედაშვილობაზე, კოლეგიალობაზე, რთულ პერიოდებზე, რომლებიც ერთად გაიარეს და იმაზე, თუ როგორ გაიზარდა ორივე, როგორც დედა-შვილი.
სალომე:
- ძაან შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში. სულ ძაან ახლოს ვიყავით, თუმცა გარდატეხის ასაკი იყო ალბათ ყველაზე რთული. მაგრამ ეს რაღაცნაირი კავშირი მაინც არასდროს არ დაგვიკარგავს. ასე მგონია, რომ ნინოც ჩემთან ერთად გაიზარდა და რაღაცნაირად ორივე ძაან განვითარდით, როგორც დედა-შვილი. ამიტომაც ახლა ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ მე მგონი ვეღარ ვიტყვი, რომ კონფლიქტური დედა-შვილი ვართ... მაგრამ რომ ვიხსენებ, ხუთი-ექვსი წლის წინ იყო რთული ეპიზოდებიც, როცა ცოტა აცდენილები ვიყავით ერთმანეთს და თითქოს ერთ ენაზე აღარ ვსაუბრობდით...
ნინო:
- ბავშვები ამბობენ, რომ მკაცრი ვიყავი. მე არ მახსენდება, რომ ძალიან მკაცრი ვიყავი... მაგრამ ახლა კოლეგები ვართ უკვე და ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა საფეხურზე ავიდა და ეს სალომეს დამსახურებაა, მხოლოდ სალომესი იმიტომ, რომ მე მინახავს, როგორი პრობლემები აქვთ ერთი პროფესიის მამა-შვილს, დედა-შვილს და და-ძმებს და ეს მინახავს თეატრში, რა კონფლიქტები მოსვლიათ და რამხელა განცდაა ახალგაზრდებისთვის, მოხუცებისთვის... ის, რომ ჩვენ შორის არის ჰარმონიული, კარგი კოლეგიალური დამოკიდებულება, ეს სალომეს დამსახურებაა, იმიტომ რომ ყველანაირი გაღიზიანების გარეშე ღებულობს ყველაფერს და სულ უნდა, რომ რაღაცა უთხრა, რაღაცა გაუსწორო, შენიშვნა მისცე... მიმღებლობა აქვს ძალიან მაღალი ხარისხის და შესაბამისად ამან სხვანაირი გახადა ჩვენი ურთიერთობა...
ნინოს და სალომეს თქმით, ყველაზე რთული ეტაპი მათთვის თინეიჯერობის პერიოდი იყო, როცა 15 წლის სალომე საფრანგეთში წავიდა სასწავლებლად და მიუხედავად იმისა, რომ თავად უნდოდა ეს ძალიან, საკმაოდ რთულად გადაიტანა ეს პერიოდი. თუმცა ახლანდელი გადასახედიდან ამბობს, რომ ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი იყო ეს არჩევანი, მან უმაღლესშიც უცხოეთში ჩააბარა და იქ ისწავლა კინოხელოვნება, გარკვეული კარიერული წარმატებებიც უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ და საქართველოში თამაშის დროსაც (კინოსა და თეატრში), ძალიან გამოადგა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც იქ მიიღო.
ნინო:
- ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენს შვილებს განსხვავებული განათლება მიეღოთ. არ დავიწყებ ახლა საუბარს კარგი, ცუდი... თუ ადამიანს უნდა, ყველგან მიიღებს სრულფასოვან კარგ განათლებას. ჩვენს ოჯახს სხვა მოცემულობა აქვს. მე სიძე მყავს ფრანგი. ჩემი დისშვილები, ჩემი ტყუპისცალის შვილები არიან ნახევრად ფრანგები და ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ესკულტურა ყოფილიყო საზიარო კულტურა ჩვენთვის. ჩემი და და მისი ქმარი ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ დაიწყეს ცხოვრება, რომ ჩვენი ოჯახი არ გაყოფილიყო და გამთლიანებულიყო და ჩვენ ჩვენი მხრიდან ეს გავაკეთეთ, ნაბიჯი გადავდგით, რომ ბავშვებს საერთო ენა ჰქონდეთ ქართულიც და ფრანგულიც. ამან განაპირობა ძირითადად ეს არჩევანი, მით უმეტეს მივდიოდით იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდა ჩემი სიძე და იმ სკოლაში, სადაც ჩემი სიძე სწავლობდა... ვღელავდით, რა თქმა უნდა, მაგრამ მიზანი იმდენად ცხადი იყო, რომ აღარ დავბრკოლებულვართ.