ირმასა და კატოს მეღვინეობა მამაპაპისეულ მამულში - კვირის პალიტრა

ირმასა და კატოს მეღვინეობა მამაპაპისეულ მამულში

ირმა მერებაშვილი იურისტია, სამართალმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციებს სხვა უნივერსიტეტებშიც კითხულობს, ამასთან ერთად პროფესიონალ ფერმერადაც ჩამოყალიბდა. კასპში მამაპაპისეულ მამულს უვლის. მისი ოჯახი ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. "ცხოვრებამ ისე ინება, რომ კასპში ჩემი მამაპაპისეული ბაღ-ვენახი ჩემი, ჩემი მეუღლისა და ჩემი შვილის მისახედი გახდა. სხვა უფლება არ გვქონდა - უნდა მიგვეხედა. ამიტომ თბილისიდან კასპში საცხოვრებლად გადმოვედით. სამსახურში აქედან დავდივართ. ჩემი შვილი სკოლაში თბილისში დადის. მეუღლესაც ყოველდღე უწევს ჩამოსვლა, მე მხოლოდ სამ დღეზე გავანაწილე ლექციები, რადგან ყოველდღიურად აქაც დიდი ყურადღება სჭირდება ყველაფერს.

თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, სადაც მუდმივად დიდი ხმაურია. აქ კი, თბილისისგან განსხვავებით, სუფთა ჰაერია და კომფორტულად, მშვიდად ვართ", - გვეუბნება ირმა მერებაშვილი.

გვარის ისტორია და მესხური ძირები

- როგორც შევიტყვე, თქვენი ძირები მესხეთიდან მოდის.

ირმა მერებაშვილი: - დიახ, ჩემი წინაპრები - პაპაჩემის პაპა თავისი შვილებითა და ნათესავებით მესხეთიდან თურქეთის ექსპანსიას გამოექცა. გამოვიკვლიეთ ჩვენი გვარის ისტორია. კომპეტენტურმა ისტორიკოსმა არქივებში ბევრი იმუშავა და აღმოჩნდა, რომ ძირი სოფელი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა დარჩენილი. გურჯისტანის დიდი ვილაიეთის ჩანაწერების მიხედვით, ჩვენი წარმოშობის ადგილი ყოფილა მზვარეს რაიონი, სოფელი დროში. სამწუხაროდ, ახლა ნასოფლარია.

გვარი "მერებაშვილი" პროფესიული წარმოშობისაა. ძველ მესხეთში "მერები" არხის წყლის გამანაწილებელს ერქვა, მთავარ მერუეს. აქედან ნაწარმოები გვარი მესხეთში XVI საუკუნიდან ჩნდება. როგორც ჩანს, ჩემი წინაპრები მესხეთში პატივსაცემი ადამიანები იყვნენ - ვიცით, რამხელა იშვიათობა იყო წყალი მესხეთში და მისი განაწილება ვისაც მიანდვეს, ე.ი. მაღალი ნდობის მანდატით სარგებლობდნენ. ოფიციალური სტატისტიკით, კასპში დღეს ყველაზე დიდი გვარი სწორედ მერებაშვილია.

72e71cc7-78f5-4de3-a195-c8a75a40c278-1788378517.jpg

მამაპაპისეული სახლი და მარანი კასპში

- საინტერესოა, რომ თქვენი წინაპრები მაინცდამაინც კასპში დასახლებულან.

- როგორც ჩანს, აქაური გარემო მეტად მიამსგავსეს მესხეთისას. პაპაჩემის მამამ XIX საუკუნის დამდეგს ააშენა ჩვენი მამაპაპისეული სახლი, რომელიც დღეს კასპის ისტორიულ ნაწილშია. სახლი აგებულია დიდი ლოდებითა და ხელით გათლილი მუხის მორებით. შემორჩენილი გვაქვს მუხის დედაბოძებიანი დიდი ოთახი, თავიდან საცხოვრებელი იყო, შემდეგ კი მარნად იქცა. იქვეა ქვით ნაშენი ავთენტიკური ბუხარი, რომელიც 8-9 წლის წინ აღვადგინეთ და დღესაც მშვენივრად მუშაობს. ამ სივრცე­ში განვათავსე ოჯახის ძველი ნივთები და პატარა მუზეუმ-ოთახივითაა. პაპაჩემის მამა მშრომელი კაცი ყოფილა. კასპი საამილახვრო გახლდათ და მათთან მუშაობდა. ამილახვარს უთქვამს, ისეთი მშრომელი ხარ, მიწის ნაკვეთი უნდა გაჩუ­ქოო. პაპაჩემის მამას უპასუხია, საჩუქარი არ მინდა, უფლება მოგვეცი, მე და ჩემმა ძმებმა შევიძინოთო. ჰყვებოდა ხოლმე პაპაჩემი, ოქროს თუმნიანებით გვაქვს ეს ადგი­ლები ნაყიდიო. ამიტომ, სადაც ახლა ჩვენი ვენახია, ირგვლივ სულ ჩვენი ნათესავების ნაკვეთებია. სახლის გვერდით პაპას მარანი ჰქონდა. იქ დღესაც არის ტონანახევრიანი ქვევრი საწნახლით. ეს ყველაფერი კი სწორედ იქაა, სადაც მუხის დედაბოძებიანი მარანია.

03038553-b065-4a47-897a-f596a99313a2-1788378517.jpg

ახალი სიცოცხლე კერას

- რამდენი ხანია ამ საქმეში ხართ და როგორ დაიწყო ყველაფერი?

- მძიმე 90-იან წლებში ჩემმა მშობლებმა მიატოვეს სამსახურები და აქ, მამულში გადმოვიდნენ. მაშინ 53-55 წლისანი იყვნენ და ვერ ვხვდებოდი, ასეთ ასაკში ეს როგორ გააკეთეს, მაგრამ მერე მივხვდი - ჩვენ გამო გადადგეს ეს ნაბიჯი. ქვეყანაში საჭმლის პრობლემა რომ იყო, შეიძინეს ხბორები, გაიჩინეს ქათმები, ღორები. ვენახში საკმაოდ დიდი სახლი ააშენეს. სამწუხაროდ, მერე უმძიმესი პერიოდი დაგვიდგა, მოკლე ხანში გარდაიცვალნენ მშობლები და ჩემი და-ძმა... და ამ დიდმა პასუხისმგებლობამ ჩვენზე გადმოინაცვლა. მამაჩემი უაღრესად მშრომელი კაცი გახლდათ. სანამ ცოცხალი იყო, მე და ჩემი მეუღლე შეშველებას ვცდილობდით. ჯერ კიდევ მამაჩემის სიცოცხლეში, 2021 წლიდან, უარი ვთქვით ვენახში შხამქიმიკატების გამოყენებაზე.

46a33662-f819-46c6-a207-6de9d9ea12e7-1788378518.jpg

ორგანული მეურნეობა და ღვინის დაყენების ტექნოლოგია

- სრულად ორგანულ მეურნეობაზე გადახვედით?

- დიახ, 2022 წლიდან "ბუნებრივი ღვინის ასოციაციის" წევრები ვართ. გვაქვს აბსო­ლუტურად ორგანული მეურნეობა - როგორც ვენახში, ისე ხეხილის ბაღსა და ბოსტანში. გავდივართ მკაცრ ინსპექტირებას. სრული ფართობი 75 კვმ-ია და აქედან ვენახს 25 კვმ უკავია ორ ნაკვეთად - ხეივნებადაა გაშენებული. ხეივანს მეტი მოვლა სჭირდება, მაგრამ მოსავალსაც მეტს იძლევა. ვენახს მკაცრად ვსხლავთ, რომ ბევრი არ მოისხას, ჩვენი მიზანი რაოდენობა კი არა, ხარისხია. საერთოდ არ ვრწყავთ, რათა ყურძენი წყლით არ გაჯერდეს. მზისგან მაქსიმალური ენერგია და შაქარი უნდა მიიღოს. ვიყენებთ მხოლოდ ასოციაციისგან ნებადართულ ბიოპრეპარატებს - ძირითადად, იტალიურ "ბორდოფლოს" (შაბიამნისა და კირის ნაზავს), როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. სამუშაოები გადანაწილებული გვაქვს: გასხვლას, ფურჩვნასა და მწვანე ოპერაციებს მე ვაკეთებ (ტრენინგები გავიარე "შატო მუხრანში"). ჩემი მეუღლე შეწამვლისა და ღვინის მოვლის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი, ჩემი ბიძაშვილიც ეხმარება, რთველში კი ჩემი სტუდენტებიც სიამოვნებით გვსტუმრობენ ხოლმე.

3660e95a-9f0d-4d9c-aed8-7fa0cb8659b7-1788378653.jpg

- ძირითადად, ყურძნის რა ჯიშები გაქვთ და როდის ატარებთ რთველს?

- გვაქვს ქართლის აბორიგენული ჯიშები: ჩინური, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი "კასპურ თეთრს" უწოდებს. აქაური ნიადაგი მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ასევე გვაქვს თავკვერი - არაჩვეულებრივი, განსხვავებული გემოვანი თვისებებით გამოირჩევა. არის გორულა - მას სეპაჟებისთვის (ვარდისფერი ღვინისთვის) ვიყენებთ, ღვინოს სიმსუბუქეს აძლევს. "მესხური მწვა­ნე" ჩემი მესხი წინაპრების პატივსაცემად მცირე რაოდენობით ჩავყარეთ.

რაც შეეხება რთველს, მხოლოდ შაქრია­ნობას არ ვუყურებთ - ველოდებით კლერტის დამწიფებას (გაყავისფრებას). მწვანე კლერტი ღვინოს აფუჭებს. ამიტომ ჩვენთან რთველი 15 ოქტომბრის შემდეგ იწყე­ბა. ღვინოს ვადუღებთ უჟანგავ ავზებში, ჭაჭაზე (3 კვირამდე ვაჩერებთ). მარანში ვინარჩუნებთ სტაბილურ 17°ჩ ტემპერატურას, რაც ბუნებრივი ღვინის შენახვის აუცილებელი პირობაა.

კატო - პატარა მეღვინე

- თქვენი მარნის დასახელებაში კატოც ფიგურირებს. ვინ არის კატო და რა როლი აქვს ამ საქმეში?

- კატო ჩემი 8 წლის შვილია, ახლა მესამე კლასში გადავიდა. მიუხედავად ასაკისა, იცის ყველაფერი: რომელი ჯიშის ვაზი სად გვიდგას, რამდენ და რა სახის ღვინოს ვაყენებთ. ძალზე დოზირებულად (ოჯახურ ვახშამზე) თვითონ ირჩევს, რომელი ღვინის გასინჯვა სურს, გემოებშიც საოცრად ერკვევა. ჩვენს ოჯახში ბუნებრივი ღვინო ალკოჰოლურ სასმელად კი არა, კვების პროდუქ­ტად განიხილება და ყოველდღიურ რაციონშია.

2021-2022 წლებში თუ 1 ტონაზე მეტი მოვიწიეთ, 2023 წელს ცუდი ამინდების გამო მოსავალი თითქმის გაფუჭდა, სულ 20 ლიტრი გამოვიდა, შემდეგ ორჯერ დავწურეთ 1,5 ტონამდე, წლეულს კი, ღვთის წყალობით, კარგი მოსავალია და 2 ტონამდე ველოდებით. ამ საქმიანობას 7 წელია მივდევთ. ჯერ უფრო "გაჩუქების ბიზნესში" ვართ, რადგან ბუნებრივი ღვინის წარმოება ძვირი ფუფუნებაა და დიდ სახსრებს მოით­ხოვს. თუმცა ნელ-ნელა კომერციულ რელსებზე გადავდივართ, ჩვენი ღვინო ონლაინმაღაზიაში იყიდება, ვმონაწილეობთ ღვინის ფესტივალებში. "ექსპო ჯორჯიაზე" წლეულს პირველად გავედით, მაგრამ რაც ასოციაციის წევრები ვართ, მათ ფესტივალებზე ბევრჯერ ვართ ნამყოფი. წელიწადში ორჯერ აწყობენ: მაისში "ზერო კომპრომაიზი" თბილისში, ხოლო დეკემბერში "ამერ-იმერი" წყალტუბოში და ჩვენი თავკვერი და ჩინური დიდ მოწონებას იმსახურებს. ჩართული ვართ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში "ღვინის გზა", ვმასპინძლობთ ტურისტებსა და ადგილობრივ სტუმრებს.

ბედნიერი ვარ, რადგან იმას ვაკეთებ, რასაც ჩემი წინაპრები აკეთებდნენ. ეს ჩემთვის საკრალური ამბავია - მამაპაპისეული კერის გაცოცხლება და საქმის გაგრძელება... ადამიანებს ნუ შეეშინდებათ სირთულეების: ვაზის მოვლა და სოფლის მეურნეობა ჩემთვის იურისპრუდენციაზე რთულიც კი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფრის სწავლა შეიძლება. პირველად ვაზი რომ გავფურჩნე და გავსხალი, ძალიან დავიბენი, თუმცა პრაქტიკამ და ტრენინგებმა თავისი ქნა. საერთოდ, ორგანული პროდუქტის შექმნა საბოლოოდ ყოველთვის ამართლებს და ადამიანს უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებს.