"ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ძირგამომპალია სისტემა - რაც შეეხება გამოკითხვებს, ვფიქრობ, სანახაობის ნაწილია და არ მგონია, რაიმე ხელშესახები მოჰყვეს"
რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით ამ დაკითხვებიდან-მეთქი, მოგატყუებთ - ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ძირგამომპალია მთელი ეს სისტემა და რამდენად არ აქვს არანაირი კავშირი „ოცნების“ მმართველობას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასთან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირის გამოკითხვას გამოეხმაურა.
შარაშიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესები სანახაობის ნაწილია და არ ჰგონია, რომ ამას რაიმე ხელშესახები მოჰყვება.
„რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით ამ დაკითხვებიდან-მეთქი, მოგატყუებთ. აქ ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ „ოცნება“ ამ პროცესით თავად აჩვენებს საკუთარ ნამდვილ სახეს ქართველ ხალხს. დღეს იმდენი აგენტი და ყოფილი „ნაცი“ არის „ოცნებაში“, ამ პარტიისგან სხვა მოლოდინი რა უნდა გქონოდა.
შესაბამისად, რაც უფრო მეტად გააგრძელებენ ერთმანეთის დასმენებსა და ჩაშვებებს, მით უფრო მალე და კარგად დაინახავს ქართველი ხალხი მათ ნამდვილ, რეალურ სახეს. ისედაც კარგად იცის, მაგრამ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ძირგამომპალია მთელი ეს სისტემა და რამდენად არ აქვს არანაირი კავშირი „ოცნების“ მმართველობას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასთან. აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად კორუმპირებულები, მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები არიან.
რაც მეტად გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო უკეთ დაინახავს ხალხი „ოცნების“ ნამდვილ სახეს. გააგრძელეთ კითხვა