ნატო დიდი რუსული პროვოკაციისთვის ემზადება?! - CIA-ის დირექტორის საიდუმლო მისია მოსკოვში: ბიძინა ლებანიძის ანალიზი
25 აგვისტოს მოსკოვის ცაზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი "ბოინგის" გამოჩენამ და კრემლში CIA-ის დირექტორის ჯონ რეტკლიფის დაუანონსებელმა ვიზიტმა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში ახალი, მასშტაბური გეოპოლიტიკური ძვრების მოლოდინი გააჩინა. საერთაშორისო პოლიტიკაში სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მსგავსი დონის ჩართულობა, როგორც წესი, კრიტიკულ მომენტებში ხდება.
ეს მექანიზმი 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის განმუხტვის ფარულ დიპლომატიას გვაგონებს, როდესაც კენედისა და დობრინინის კულუარულმა გარიგებამ სამყარო ბირთვული ომისგან იხსნა. ახლაც ნარიშკინთან გამართული მოლაპარაკება, რომელსაც რუსეთზე უკრაინის დრონებით იერიშების დროებითი შეჩერება და თეთრი სახლის მიერ ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური ომის გამოცხადება დაემთხვა, მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი კლასიკური ტრანზაქციული დიპლომატიის გზით "დიდი გარიგების" მიღწევას ცდილობს... ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ნეოკლასიკური რეალიზმის ნათელი ილუსტრაციაა. თეთრი სახლისთვის ამ ეტაპზე მთავარი მყისიერი საფრთხე არა იმდენად რუსეთის ექსპანსიაა ევროპაში, რამდენადაც ირანის დესტრუქციული პოტენციალი ახლო აღმოსავლეთსა და გლობალურ ეკონომიკაში. შესაბამისად, ვაშინგტონი მიმართავს "ალიანსის გახლეჩის" სტრატეგიას - ცდილობს მოსკოვის ჩამოშორებას თეირანისგან. ეს მიდგომა იმეორებს 1970-იანი წლების კისინჯერისა და ნიქსონის "სამკუთხედის დიპლომატიას". მაშინ აშშ-მა ჩინეთის გადაბირებით შეძლო საბჭოთა კავშირის იზოლირება. დღეს მოწინააღმდეგეთა ვინაობა შეცვლილია, თუმცა სტრატეგიის ლოგიკა - სუსტი რგოლის პოვნა და მოწინააღმდეგეთა ბანაკის გახლეჩა - უცვლელი რჩება. რეტკლიფის ვიზიტის პარალელურად, ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის მიერ ირანისთვის 5-სფეროიანი სანქციების დაწესება, რაც მან მეორე მსოფლიო ომისდროინდელ „D-Day“-ს შეადარა, სწორედ ირანის სრულ იზოლაციას ემსახურება. თუმცა ეს სტრატეგია ეფექტიანი ვერ იქნება, თუ თეირანს ზურგს რუსეთი გაუმაგრებს. ამიტომ ლოგიკურია, რომ ამერიკის მიზანია, აიძულოს ან დაითანხმოს კრემლი, უარი თქვას ირანის სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე...
ამ რთულ და მრავალკომპონენტიან თამაშში თითოეულ აქტორს მკაფიოდ განსაზღვრული ინტერესები და წითელი ხაზები აქვს - ვაშინგტონისთვის ეს არის შანსი ერთი გასროლით გაანეიტრალოს ირანის ბირთვული და რეგიონული საფრთხე. რუსეთის დაყოლიება ტრამპისთვის იქნება უმსხვილესი დივიდენდი, რომელიც დაადასტურებს მისი "რეალპოლიტიკის" ეფექტიანობას.
ამ გარიგებაში კი ჩანს, რომ ყველაზე დიდ რისკს უკრაინა ატარებს, რომელიც დიდი სახელმწიფოების თამაშში პაიკად ქცევის საფრთხის წინაშე დგას. ის ფაქტი, რომ ამერიკის მოთხოვნით კიევმა რუსეთზე დრონებით შეტევები შეაჩერა, ხაზს უსვამს უკრაინის კრიტიკულ დამოკიდებულებას დასავლურ დახმარებაზე. პარალელურად, ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებები ასახავს აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ლეგიტიმურ შიშს. მათთვის მოსკოვში გამართული ეს დიალოგი 1945 წლის იალტის კონფერენციის სინდრომს აცოცხლებს - აჩენს საფრთხეს, რომ ზესახელმწიფოები ევროპის პატარა სახელმწიფოების ბედს და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას მათი უშუალო მონაწილეობის გარეშე, კულუარულად წყვეტენ... მთავარი ის არის, რომ რეტკლიფის მოსკოვური ვოიაჟი არ არის მხოლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა - რეალურად ეს არის გლობალური წესრიგის გადალაგების პირველი, უმაღლესი რისკის შემცველი აქტი, რომლის რეალური შედეგებიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება. როგორი იქნება შედეგები და რას უნდა ველოდოთ, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.
- ორი ძირითადი ვერსია განიხილება. პირველი ვერსიით, ამერიკას სურდა რუსეთის გაფრთხილება ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის შესახებ, მსგავსად CIA-ის დირექტორის 2021 წლის ვიზიტისა, უკრაინის ომამდე. მეორე ვერსიით, შესაძლოა განიხილებოდეს გარიგება - რუსეთი შეამცირებს ირანის სამხედრო მხარდაჭერას, რის სანაცვლოდაც აშშ ნაკლებად დაეხმარება უკრაინას. ამ ორი ვერსიიდან უფრო მეტი ალბათობაა მეორის, რადგან დასავლური დაზვერვა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას არ მოელის, მით უმეტეს, რომ ჯარების მასშტაბური მობილიზაცია არ ფიქსირდება. თუმცა სავსებით რეალურია ჰიბრიდული ოპერაციის ან მცირე ლოკალური შეტევის სცენარი, მაგალითად, ბალტიისპირეთში. ასეთი ტიპის ესკალაცია ნატოს სერიოზული დილემის წინაშე დააყენებს - თუ ალიანსი მე-5 მუხლს არ აამოქმედებს და სათანადოდ ვერ უპასუხებს, მისი სანდოობა და ქმედუნარიანობა ეჭვქვეშ დადგება, რაც მოსკოვის უდიდესი გამარჯვება იქნება. სავარაუდოდ, ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ ამ საფრთხეების პრევენცია და პუტინისთვის გამაფრთხილებელი გზავნილის მიტანა იყო.
- მოდი, სათითაოდ გავყვეთ ამ სცენარებს. ნატოზე თავდასხმად რა ჩაითვლება, ფართო თუ მხოლოდ მცირემასშტაბიანი შეტევაც საკმარისი იქნება და მეორე, აქვს რუსეთს დღეს ამის რესურსი?
- ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისგან არა ფართომასშტაბიან ომს, არამედ ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს მოელიან. ვინაიდან მოსკოვს ნატოსთან პირდაპირი დაპირისპირება არ აწყობს, სავსებით დასაშვებია პროვოკაცია მოაწყოს. მაგალითად, ესტონეთში შეიყვანოს "მწვანე კაცუნები" და ყირიმისა და უკრაინის აღმოსავლეთის მსგავსად ადგილობრივი მხარდამჭერების დახმარებით გაითამაშოს "აჯანყება". მსგავსი "მსუბუქი" შეჭრა ნატოს დიდ დილემას შეუქმნის - როგორ აამოქმედონ მე-5 მუხლი ისე, რომ დიდი ან ბირთვული ომი არ გამოიწვიონ - რუსეთი სწორედ ამაზე თამაშობს. მისთვის ეს დაბალრისკიანი ოპერაციაა და ნატოს მკაცრი რეაგირების შემთხვევაშიც კი, პუტინის გადმოსახედიდან, ეს მაინც ცდად ღირს.
ასეთი კრიზისის დროს შესაძლოა მოკავშირეებს შორის ბზარი გაჩნდეს. მოსალოდნელია, მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციამ პრობლემის მოგვარება ევროპულ ნატოს დააკისროს, ევროპამ კი დახმარება ამერიკას სთხოვოს. ეს ვაშინგტონის დღევანდელ ორპარტიულ კონსენსუსსაც ემთხვევა - რადგან აშშ-ის მთავარი გამოწვევა ჩინეთია, ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს და რუსეთის საკითხი ევროპამ იტვირთოს.
სწორედ ეს პასუხისმგებლობა შეიძლება გახდეს აშშ-სა და ევროპას შორის დავის საგანი. რა თქმა უნდა, მოკავშირეები შესაძლოა ერთ მუშტად შეიკრან და რუსეთს უკან დაახევინონ, მაგრამ პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალების პესიმისტური სცენარიც სავსებით რეალურია.
- მეორე სცენარია გარიგება ირანსა და უკრაინაზე, მაგრამ საინტერესოა, ეს გარიგება ვის ინტერესებში უფროა, ანუ ვის უფრო მეტ დათმობაზე მოუწევს წასვლა და ის, რომ CIA-ის დირექტორი ჩავიდა მოსკოვში და არა პირიქით რუსეთის წარმომადგენელი ვაშინგტონში, ეს რისი მაჩვენებელია?
- აქ, სავარაუდოდ, ორი მომენტია: პირველი - მსგავსი გარიგება შესაძლოა ამერიკის ინტერესებში შედიოდეს, რადგან ეს ტრამპის ადმინისტრაციის დიდ გეოპოლიტიკურ სტრატეგიას წარმოადგენს. ერთი მხრივ, უკრაინაში ომის დასრულება, თუნდაც უკრაინამ მეტი დაკარგოს და რუსეთი უფრო მოძლიერებული გამოვიდეს, მათთვის პრობლემა არ არის. ეს ბევრჯერ დადასტურდა იმ სამშვიდობო გეგმებით, რომლებიც ძირითადად რუსეთზე იყო მორგებული. მეორე მხრივ, ირანის კამპანიაში ისინი ძალზე უაზროდ ჩაეფლნენ, რამაც მათი სტრატეგია თავდაყირა დააყენა. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებდა და მათ უსაფრთხოების სტრატეგიაშიც ეწერა, რომ ფოკუსი ჩინეთსა და აზიაზე უნდა გადაეტანათ, ამიტომ ევროპიდან გადიოდნენ. ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ირანთან კონფლიქტში ჩაფლობა კი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მათ ჯერ მიზნისთვის არ მიუღწევიათ, ამიტომ ირანის პრობლემის მოგვარება პრიორიტეტულია. შესაბამისად, ცხადია, რომ CIA-ის დირექტორის ვიზიტისას ამ ორ თემაზე პარალელურად ისაუბრებდნენ. თუმცა მეორე საკითხია, რისი გაკეთება შეუძლიათ რეალურად. არც ამერიკას აქვს აბსოლუტური გავლენა უკრაინაზე და არც რუსეთს ირანზე. მართალია, რუსეთი ამარაგებს ირანს, მაგალითად, სატელიტური ფოტოებითა და სხვა საშუალებებით, თუმცა ირანის რეჟიმი ომს მის გარეშეც აუცილებლად გააგრძელებს. არსებობენ სხვა აქტორებიც, თუნდაც ჩინეთი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ირანს დაეხმარებიან. ასე რომ, ირანის რეჟიმი რუსეთზე ბოლომდე დამოკიდებული არ არის. რუსეთის ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, ირანს ტრამპთან დათმობებზე წასვლას ვერ აიძულებს.