ცხოვრება კონფლიქტის ზონაში - კვირის პალიტრა

ცხოვრება კონფლიქტის ზონაში

აფხაზეთის კონფლიქტის ზონა ეს ის ადგილია, სადაც წლების განმავლობაში არც ომია და არც მშვიდობა. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ცხოვრების ასეთ პირობებს შეეგუა კიდეც. როგორც თავად ამბობენ, საშიში არაფერია, ადამიანებმა საერთო ენა იპოვეს, თუ პოლიტიკოსებმა არ აურიესო. გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი, ვინც სახლ-კარი ვერ მიატოვა და ასე თუ ისე, ჩაკეტილ ცხოვრებას თანდათან შეეგუა, მოღონიერებას იწყებს. ცდილობენ, ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ და ენგურს გაღმიდან, ზუგდიდიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ხელოსნები ჩაჰყავთ. როგორ ცხოვრობს ქართული მოსახლეობა გალსა და აფხაზეთის სხვა რაიონებში, რა განწყობითა და იმედით შეხვდნენ ახალ წელს და რას ელოდებიან ახალი ხელისუფლებისგან, ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ.

თენგიზი, 54 წლის, სოფელ საბერიოს მკვიდრი:

- ჩემს სოფელსა და ჭუბურხინჯში რუსების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა. ენგურის ხიდს მთელ პერიმეტრზე რუსი სამხედროები აკონტროლებენ და იმათ, ვისაც რუსეთისა და აფხაზეთის მოქალეობა არ აქვთ, მიმოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ უპასპორტოები, საჭიროების დროს, გვიან ღამით, ბარღებიდან ცდილობენ ზუგდიდში გადასვლას. საშიშროება ამ დროსაც არსებობს, რადგან რუსები ვითარებას თავიანთი საგუშაგოებიდან ღამის სამზერი მოწყობილობით აკონტროლებენ. ამ ხნის კაცი ვარ და ვინ იცის, ჩანთამოკიდებულს, რამდენი მირბენია, ის ადგილი მშვიდობიანად რომ გამევლო. გალის რაიონში მედიცინა ძალიან დაბალ დონეზეა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტომატოლოგებს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთებიათ. ამიტომ მათი ნდობა არ შეიძლება და უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო დახმარებისთვის გადმოვდივართ ენგურს აქეთ.

- დაკავების შემთხვევაში რაიმე "სანქციები" გეკისრებათ?

- დიახ, ამ შემთხვევაში პოლიციის განყოფილებაში მივყავართ, სადაც დაკავებულს ტვირთს ჩამოართმევენ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში გვადანაშაულებენ და ფინანსურ ჯარიმას გვაკისრებენ... თუმცა, არსებობს შემოვლითი გზები და ხალხიც, ზოგი ფეხით, ზოგი დროგით ცდილობს სამშვიდობოს გადმოვიდეს. ეს შეიძლება სხვისთვის წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ აქ ვითარებასაც ნელ-ნელა ეგუები და გამოსავალსაც პოულობ.

კახა, 36 წლის, გალის რაიონის (პირველი გალი) მკვიდრი:

- უკვე მეორე წელია, აფხაზეთში, ამჟამად ბიჭვინთაში, მშენებლობებზე რამდენიმე ქართველთან ერთად ვმუშაობ. ჩვენი ბრიგადის ხელმძღვანელი აფხაზია და მან შეგვკრიბა. შესაბამისად, ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხსაც ის აგებს. შარშან ზაფხულში სასტუმროს ვაკეთებდით, წელს კერძო სახლში მოგვიწია მუშაობა... ომსა და პოლიტიკაზე არც ვსაუბრობთ. ქართველსა და აფხაზს შორის ეს თემა ტაბუდადებულია. ძალიან დიდი პატივისცემით გვექცევიან. რუსები მაინცდამაინც არ უყვართ, მაგრამ ამას ჩვენთან არ იმჩნევენ.

- ტარიფები როგორია?

- საკმაოდ ნორმალური, - ქართული ვალუტით კაფელი-მეტლახი - 15-20 ლარამდე, შელესვა, ერთი კვადრატული მეტრი 10-ლარამდე ჯდება. გადახურვა, 15-ლარიდან, ბოლო დროს ადგილობრივები უპირატესობას კრამიტს ანიჭებენ. ამიტომ, აფხაზეთში სამუშაოდ საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიან სამუშაოდ.

- მაინც?

- მაგალითად, გვყავს ზესტაფონელი და ხარაგაულელი "კოლეგები", რომლებიც იქ ჩვენზე ადრე მუშაობდნენ. მათ აფხაზი შემკვეთები საზღვრისპირა სოფელში ხვდებიან მანქანით და სამუშაო ობიექტზე მიჰყავთ. საქმეში აფხაზის ნდობა ბოლომდე შეიძლება, მაგრამ თუ ქართველს მოუწია პირის გატეხვა, ის მასთან ურთიერთობას მაშინვე წყვეტს... ვიცი, ეს კარგი გამოსავალი არ არის, მაგრამ ორი ცუდიდან უკეთეს ცუდს ვირჩევთ, რადგან ოჯახს რჩენა სჭირდება.

- ენგურსგაღმელი ქართველები მხოლოდ კერძო სახლებში მუშაობენ თუ სხვა სამშენებლო ობიექტებზეც არიან დასაქმებული?

- იქ ძირითადად სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები, საოჯახო სასტუმროები შენდება და ჩვენებიც იმაზე მუშაობენ, თუმცა, ერთი-ორი ვიცი, ტექნიკის მაღაზიების მშენებლობებზეა დასაქმებული... აქაურებისთვის კრამიტის სახურავი ახალი ხილია, ისე, როგორც კაფელი და მეტლახი. ბოლო დროს, ვისაც ფული აქვს, მეტალოპლასტამის კარ-ფანჯრების ჩასმაც დაიწყეს, მაგრამ ის თურქულ ფირმებს შემოაქვთ და ფასში ჩასმის მომსახურებაც შედის. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ოღონდ ხარისხს გააჩნია. ერთი მეტრი 8-10 დოლარამდე ღირს... აქ მოსახლეობის ცხოვრების დონე დაახლოებით ისეა დაყოფილი, როგორც დანარჩენ საქართველოში შევარდნაძის დროს, ანუ ძირითადი შემოსავალი არალეგალური ბიზნესია და ფულიც იმათ აქვთ, ვინც ამის გაკეთებას არ თაკილობს.

- ვიცი, რომ ბოლო დროს გალის რაიონის სხვადასხვა სოფელში მასშტაბური რუსული სამხედრო ბაზები შენდება, სადაც ადგილობრივებიც არიან დასაქმებული...

- თითო-ოროლა გარე სამუშაოზე, გარე პერიმეტრზე შავ სამუშაოს თუ დაავალებენ, თორემ შიგნით, ბაზაზე, მათ არავინ შეუშვებს. იქ ძირითადად ჯარისკაცები არიან დასაქმებული, რომელთაც, რა თქმა უნდა, უფასოდ ამუშავებენ.

იროდი, 63 წლის, სოფელ ოქუმის მკვიდრი:

- უკვე მეოცე ახალ წელს ვხვდებით იმ იმედით, რომ იქნებ ოდნავ მაინც გამოსწორდეს რამე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება... აქ ყველაზე მეტად ახალგაზრდების ბედი მაწუხებს. მათი გასართობი სოფლის ბირჟაზე დგომა და დალევაა... ახალ წელს იმდენი ტიპის იარაღიდან ისროდნენ, ალბათ ერთ მცირე ომს მაინც მოიგებდა. ჩუმად ყველას აქვს იარაღი, სხვანაირად აქ ცხოვრება შეუძლებელია...

გვეგონა, დროთა განმავლობაში ხალხი ერთმანეთთან საერთო ენას იპოვიდა და ვითარება შერიგებისკენ წავიდოდა, მაგრამ რუსები ყველანაირად ცდილობენ ჩვენ იზოლირებას... ამ ხელისუფლების იმედი გვაქვს, იქნებ როგორმე იპოვოს საერთო ენა რუსეთთან, თუ რუსეთი გაჩუმდა, აფხაზები ასეთი რიხით ვეღარ ილაპარაკებენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)